შოუ მოსკოვში

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება მოსკოვში გაგრძელდა. ლუჟნიკების არენაზე, სპეციალურად მოწყობილ 160-მეტრიან ტრასაზე გაიმართა შეჯიბრი არაოლიმპიურ სახეობაში - პარალელურ სლალომში.

რუსეთის დედაქალაქში 16-16 საუკეთესო ქალი და მამაკაცი მოთხილამურეები ჩავიდნენ. გათამაშების ფორმატი შემდეგი იყო: მონაწილეები რვა წყვილად იყოფოდნენ და ნოკაუტის სისტემით ავლენდნენ გამარჯვებულს. თითო დუელში ორ-ორი დაშვების მიხედვით ირკვეოდა საუკეთესო.

კაცების ფინალში ფრანგი ალექსის პინტურო და გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი დაშვება გერმანელმა 6 მეასედი წამით მოიგო, მაგრამ მეორეში პინტურომ 17 მესამედი წამის უპირატესობა მიიღო და ეტაპი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ფავორიტი ავსტრიელი მარსელ ჰირშერი იყო, რომელსაც ხორვატი ივიცა კოსტელიჩის არყოფნაში გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ავსტრიელმა ერთ-ერთი დაშვებისას შეცდომა დაუშვა და ბრძოლას გამოეთიშა.

* * *
ქალთა ფინალი ამერიკელმა ჯულია მანკუზომ და ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა გაითამაშეს.

მანკუზომ მოსკოვში კარგი ფორმა აჩვენა. ნახევარფინალში მან მსოფლიოს თასის ლიდერი ლინდსი ვონი დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი პირველი დაშვების შემდეგ 37 მეასედი წამი მოიგო, მეორე დაშვების შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ, კირხგასერს ნახევარ წამზე მეტი მოუგო.

ძალიან საინტერესო იყო მესამე ადგილისთვის დუელი საუკეთესო მეგობრებსა და ბოლო წლების მთავარ ვარსკვლავებს შორის. ლინდსი ვონი მსოფლიოს თასის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ მარია რიშს უპირისპირდებოდა. ვონი წელს აშკარად დომინირებს თავის მთავარ კონკურენტზე და ამჯერადაც დაამარცხა გერმანელი, რითაც პოდიუმის მესამე საფეხური მოიპოვა.

მართალია, ვონმა ეს ეტაპი ვერ მოიგო, მაგრამ საერთო ჩათვლაში გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა - ამერიკელი თითქმის 500 ქულას უგებს მეორე ადგილზე მყოფ სლოვენიელ ტინა მაზეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული