რუსეთის დედაქალაქში 16-16 საუკეთესო ქალი და მამაკაცი მოთხილამურეები ჩავიდნენ. გათამაშების ფორმატი შემდეგი იყო: მონაწილეები რვა წყვილად იყოფოდნენ და ნოკაუტის სისტემით ავლენდნენ გამარჯვებულს. თითო დუელში ორ-ორი დაშვების მიხედვით ირკვეოდა საუკეთესო.
კაცების ფინალში ფრანგი ალექსის პინტურო და გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი დაშვება გერმანელმა 6 მეასედი წამით მოიგო, მაგრამ მეორეში პინტურომ 17 მესამედი წამის უპირატესობა მიიღო და ეტაპი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
* * *
ქალთა ფინალი ამერიკელმა ჯულია მანკუზომ და ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა გაითამაშეს.
მანკუზომ მოსკოვში კარგი ფორმა აჩვენა. ნახევარფინალში მან მსოფლიოს თასის ლიდერი ლინდსი ვონი დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი პირველი დაშვების შემდეგ 37 მეასედი წამი მოიგო, მეორე დაშვების შემდეგ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ, კირხგასერს ნახევარ წამზე მეტი მოუგო.
ძალიან საინტერესო იყო მესამე ადგილისთვის დუელი საუკეთესო მეგობრებსა და ბოლო წლების მთავარ ვარსკვლავებს შორის. ლინდსი ვონი მსოფლიოს თასის მოქმედ ჩემპიონს, გერმანელ მარია რიშს უპირისპირდებოდა. ვონი წელს აშკარად დომინირებს თავის მთავარ კონკურენტზე და ამჯერადაც დაამარცხა გერმანელი, რითაც პოდიუმის მესამე საფეხური მოიპოვა.
მართალია, ვონმა ეს ეტაპი ვერ მოიგო, მაგრამ საერთო ჩათვლაში გაზარდა კონკურენტებთან უპირატესობა - ამერიკელი თითქმის 500 ქულას უგებს მეორე ადგილზე მყოფ სლოვენიელ ტინა მაზეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"