გიგანტურ სლალომში ალექსი ბენიაიძემ მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფრანგული საკურორტო ქალაქი მარიბელი (ლიონთან ახლოს) წლიდან წლამდე უამრავ სამთო მოთხილამურეს იზიდავს. აქაურ ტრასებზე FIS-ის ფედერაციის ეგიდით უამრავი შეჯიბრება ეწყობა, მათ შორის - სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებიც.

შარშან, 3 აპრილს, აქ ახალგაზრდებში საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯაბა გელაშვილმა (თბილისი) მე-3 ადგილი დაიკავა. წლეულს ფრანგულ კურორტს ერთბაშად ხუთი ქართველი სამთო მოთხილამურე ეწვია. იუნიორთა შორის, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატში, მათ ოთხი დღის განმავლობაში ორ-ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

30 მარტს გიგანტურ სლალომში 21 წლის გუდაურელმა ალექსი ბენიაიძემ (2.33,40) მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 19
წლის ჯაბა გელაშვილი (2.34,51) მეოთხე ადგილზე გავიდა.

16 წლის სანდრო ოგბაიძე (გუდაური, 2.48,88) 39-ე იყო, ნინო წიკლაური (გუდაური) კი სლალომში (1.48,15) მე-10 ადგილს დასჯერდა. მომდევნო დღეს ქალებმა გიგანტურ სლალომში იასპარეზეს და წიკლაურმა (2.02,36) ხუთი საფეხურით წინ წაიწია, თუმცა გამარჯვებულ ბრიტანელ ალექსანდრა ტილს (1.58,11) საგრძნობლად ჩამორჩა. ვაჟებში ისევ ბენიაიძემ იყოჩაღა - სლალომში 1.40,34-ით ისევ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენებურს ჩერნოგორიელმა ოლივერ ჯენოტიმ (1.38,82) და რუმინელმა ალექსანდრუ ბარბუმ (1.39,76) აჯობეს. ამ დღეს 22-ე იყო სანდრო ოგბაიძე (1.53,36), ხოლო ბაკურიანელი ნოდარ ჩუბკო (2.05,81) - ოცდამეცხრე.

ქართველი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ბოლო ორი დღე. კვირას გიგანტური სლალომის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ალექსი ბენიაიძე (1.49,13), რომელსაც 0,16 წამით ჩამორჩა ჯაბა გელაშვილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ნოდარ ჩუბკო (1.59,73) 32-ე ადგილს დასჯერდა. სანდრო ოგბაიძემ კი პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ამ დღეს ნინო წიკლაური ტრასაზე არ გამოსულა. სამაგიეროდ, გიგანტურ სლალომში მისი გუშინდელი ცდა იღბლიანი აღმოჩნდა - ნინომ 1.59,46-ით ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ მოთხილამურეს ბრიტანელმა ალექსანდრა ტილმა (1.56,83) გადაასწრო. მესამე იყო, ასევე, კუნძულელი იმოგენ ტეილორი (1.59,84). ვაჟთა სლალომში უძლიერესი იყო ჯაბა გელაშვილი - 1.17,18. მეორე-მესამე ადგილები ჰოლანდიელმა დეან მოლონაარმა (1.18,31) და ხორვატმა ივან მიხალჩიჩმა (1.18,41) გაინაწილეს. მე-13 ადგილზე გავიდა ნოდარ ჩუბკო. პირველობის წინა დღის გამარჯვებულმა ბენიაიძემ და ოგბაიძემ შეჯიბრება ვერ დაასრულეს.

ქართველ მოთხილამურეთა უმრავლესობა ამჟამად გუდაურში იმყოფება და 7 აპრილამდე საქართველოს თასის გათამაშების მეხუთე-მეექვსე ეტაპებზე გაეჯიბრებიან ერთმანეთს და სამ ასაკში მთავარი პრიზის მფლობელებიც გამოვლინდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული