სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვონი კლინიკაში, მაზე მწვერვალზე

AutoSharing Option
პირველი დისციპლინა, რომელშიც მედლები გათამაშდა, ქალებს შორის სუპერგიგანტი იყო. ეს არის სახეობა, სადაც მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ამერიკელი ლინდსი ვონი ყოველთვის ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ამერიკელს ცუდი ამბავი დაემართა.

მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელი ცუდად დაეცა ტრასაზე და არსებობს ვარაუდი, რომ ის არათუ მსოფლიოს ჩემპიონატზე, არამედ ამ სეზონში ვეღარ შეძლებს გამოსვლას. თვითმხილველთა თქმით, ლინდსი ნახტომის შესრულების შემდეგ ტრასის იმ ნაწილზე დაეცა, სადაც თოვლი ძალიან რბილი იყო, ამიტომაც თოვლში ფეხი ჩარჩა, წონასწორობა დაკარგა და დაეცა. ვონმა წამოდგომა ვერ მოახერხა. საბოლოოდ მას სამედიცინო ვერტმფრენმა
მიაკითხა და ამერიკელი ზალცბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრავმის სერიოზულობა თავად ლინდსიმ დაადასტურა, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ ექიმებს მუხლის მყესების გაწყვეტაზე აქვთ ეჭვი. თუ დიაგნოზი დადასტურდა, მაშინ ვონს მოუწევს ამ სეზონის დარჩენილი რბოლების გამოტოვება.

* * *
მოთხილამურეებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ გამოსვლა - თოვლი და ნისლი ხილვადობის პრობლემას ქმნიდა, რის გამოც დისტანცია ვერ დაასრულა კიდევ ორმა ფავორიტმა - გერმანელმა მარია რიშმა და ავსტრიელმა ანა ფენინგერმა. საერთო ჯამში კი, უამინდობის გამო ორგანიზატორებს 13-ჯერ მოუწიათ სტარტის გადადება.

რთულ პირობებს ყველაზე კარგად აუღო ალღო მსოფლიოს თასის ამჟამინდელმა ლიდერმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ. აქამდე მას მსოფლიოს ჩემპიონატის ერთი ოქრო ჰქონდა მოგებული - წინა ჩემპიონატზე გიგანტური სლალომი მოიგო, ახლა კი პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია სუპერგიგანტში. სლოვენიელმა საკმაოდ დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა და 38 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ლარა გუტს. ამ მოთხილამურის წარმატება განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა დიდ სპორტს.

მესამე დრო აჩვენა ამერიკელმა ჯულია მანკუზომ, რომლისთვისაც ეს იყო მერვე მედალი ოლიმპიადებსა და თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. თუმცა მანკუზო, შესაძლოა, პოდიუმის მიღმა დარჩენილიყო, ოდნავ რომ გამართლებოდა 20 წლის იტალიელ სოფია გოჯას. ამ მოთხილამურეს, რომელსაც მსოფლიოს თასის ეტაპებზე არც ერთი ქულა არ აქვს მოპოვებული, 5 მეასედი წამი დააკლდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად.

სუპერგიგანტში მამაკაცები გაითამაშებენ პირველობას.

სუპერგიგანტი

ქალები
1. ტინა მაზე (სლოვენ) 1:35.39
2. ლარა გუტი (შვეიც) 1:35.77
3. ჯულია მანკუზო (აშშ) 1:35.91
4. სოფია გოჯა (იტა) 1:35.96
5. ფაბიან სუტერი (შვეიც) 1:36.25
6. ილკა შტუეცი (სლოვენ) 1:36.28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სლალომი მოსკოვში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული