მსოფლიოს თასი: მოულოდნელი სწრაფდაშვება

AutoSharing Option
ქალებს შორის, სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის გათამაშება საფრანგეთის კურორტ ვალ დ’იზერში გაგრძელდა. და სწრაფდაშვებაში მოულოდნელობა მოხდა. 27 წლის მარიან კაუფმან-აბდერჰალდენმა ტრასის ბოლო ნაწილის ბრწყინვალედ გავლის შემდეგ შეძლო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. 27 წლის მოთხილამურემ დაამარცხდა სლოვენიელი ტინა მაზე და ავსტრიელი კორნელა ჰიუტერი, რომლებთანაც დისტანციის დიდი ნაწილი აგებდა. წელს, კაუფმან-აბდერჰალდენმა ერთხელ უკვე შეძლო სწრაფდაშვებაში პოდიუმზე ასვლა - ეს კანადის ლეიკ-ლუისში მოხდა.

მეოთხე ადგილი დაიკავა ლიხტენშტაინის წარმომადგენელმა ტინა ვაირატერმა, რითაც მან ლიდერობა მოიპოვა გენერალურ კლასიფიკაციაში.

* * *
ამერიკელი ვარსკვლავისთვის ლინდსი ვონისთვის
ფრანგული ეტაპი მხოლოდ მეოთხე სტარტი იყო სპორტში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ შაბათის სწრაფდაშვებამ აჩვენა, რომ ის შორს არის სრულად გამოჯანმრთელებისგან. ერთ-ერთი ვირაჟის დროს, ტრავმირებულმა მუხლმა ისევ შეახსენა თავი, რის გამოც, ამერიკელი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ტრასა თავისი შეყვარებულის, ამერიკელი ტაიგერ ვუდსის თვალწინ.

ასე რომ, ლინდსი ისევ იღებს იძულებით პაუზას, თუმცა მან ეტაპის დასრულების შემდეგ დარწმუნებით განაცხადა, რომ მუხლის ტრავმა ხელს არ შეუშლის სოჭში გამოსვლას.

"ახლა, ჩემს ორგანიზმს დასვენების საშუალებას მივცემ. ოლიმპადამდე ერთ, მაქსიმუმ ორ რბოლაში მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა ამერიკელმა.

კანადური ტრიუმფი იტალიაში
მამაკაცი მოთხილამურეები იტალიაში, კურორტ ვალ გარდენაში შეიკრიბნენ. შარშან, იქაურ ტრასაზე სწრაფდაშვებაში თითქმის გარანტირებული გამარჯვება გაუშვა ხელიდან კანადელმა ერიკ გუეიმ, მაგრამ წელს მას კონკურენცია ვერავინ გაუწია და ჩრდილოამერიკელმა კარიერაში მსოფლიოს თასის მეოთხე ეტაპი მოიგო.

კანადელმა თავისი ცდა არც ისე სწრაფად დაიწყო და მეოთხე საშუალედო ფინიშზე მხოლოდ მეცხრე დრო ჰქონდა, მაგრამ გუეიმ ბრწყინვალედ განვლო ტრასის მეორე ნაწილი: ბოლოსწინა საშუალედო ფინიშზე მხოლოდ ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდთან აგებდა, ბოლოს კი მასაც გაუსწრო 12 მეასედი წამით.

ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი მეოთხე ადგილზე გავიდა და ახლა, ის გენერალურ კლასიფიკაციაში 175 ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტს.

* * *
ამასობაში, გაირკვა, რომ არ გაიმართება მსოფლიოს თასის ეტაპი გერმანიის ქალაქ მიუნხენში, რომელიც პირველ იანვარს იყო დაგეგმილი. სტარტის გაუქმების მიზეზი გახდა თბილი და მშრალი ამინდი.

ასევე გამოცხადდა, რომ ამ ეტაპს სხვა დროს არ გადაიტანენ და მისი გამართვა 2013-14 წლებში არ იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: ვონი უკვე მეხუთეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული