წლეულს ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ყველა შეჯიბრება. საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანსა და გუდაურში შვიდ ეტაპად გაიმართა, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
გუშინდელ შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო მწვრთნელთა, ინსტრუქტორთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლების თემას. მათი სერტიფიცირება უკვე დაწყებულია და ეს პროცესი გაისადაც აქტიურად გაგრძელდება. დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ქართველ კოლეგებს ტრენინგებსა და მასტერ კლასებს ჩაუტარებენ.
ფედერაცია და მისი სპონსორები კვლავაც მნიშვნელოვანი თანხებით დააფინანსებენ ეროვნულ, ბავშვთა და მოზადთა ნაკრებების შეკრებებსა და მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამგზავრებას. შეკრებები კი მოეწყობა როგორც საქართველოს, ასევე დასავლეთევროპულ სამთო კურორტებზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩატარდა, ბაკურიანისა და გუდაურის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა და მათი სერტიფიცირება იყო. გაისად კი ანალოგიური სამუშაოები უკვე მესტიის სათხილამურო ტრასებს ჩაუტარდება. გუშინდელ შეხვედრაზე მესტიაში მიმდინარე გრანდიოზულ სამუშაოებსა და იქაურ სათხილამურო პერსპექტივებს დიდი ყურადღება დაეთმო.
სპორტის მინისტრმა სამთო-სათხილამურო ფედერაციას ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მას ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა. ლადო ვარძელაშვილმა ხაზი გაუსმა იმ გარემოებასაც, რომ ფედერაციის გეგმების წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სათხილამურო სპორტის და სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას.