სლალომის დედოფალი

AutoSharing Option

სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ უკვე შეიძლება მსოფლიოს თასის ერთ-ერთ გმირად ავსტრიელი მარლის შილდი მოინათლოს. ამ ბრწყინვალე მოთხილამურემ მიმდინარე გათამაშებაში სპეციალური სლალომის მეოთხე სტარტი მოიგო.

ზაგრებმა მეექვსედ უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს. 2005 წელს შეჯიბრი ცნობილი ხორვატების - ივიცა და იანიცა კოსტელიჩების მიერ იყო ორგანიზებული და იქედან მოყოლებული, ყოველ წელს ეტაპებს უამრავი ხალხი ესწრება.

ამჯერად ზაგრების ტრასა ძლიერი ნისლით იყო დაფარული, რამაც მოთხილამურეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

 

გარდა ამისა, ქალებისთვის უცხო იყო ტრასაზე კარებების რაოდენობა. ტრადიციულად სლალომის დროს მათ 50-60 კარის

გავლა უწევთ, ამჯერად კი ორგანიზატორებმა პირველ ცდაზე 71, მეორეზე კი 73 კარი დააყენეს. მამაკაცი მოთხილამურეებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ქალებს კი ძალიან გაუჭირდათ.

ამ პრობლემების გამო უკვე პირველ ცდაზე ბრძოლას ძალიან ბევრი მოთხილამურე გამოეთიშა. მათ შორის იყო საერთო ჩათვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლინდსი ვონი. წლევანდელი კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალებს რამდენიმე სლალომში მოუწიათ დაშვება, ეს კი ვონის დისციპლინა არ არის, ამიტომაც ამერიკელი საერთო ჩათვლაში ისევ ჩამორჩა გერმანელ მარია რიშს - ახლა მათ შორის სხვაობა თითქმის 200 ქულას შეადგენს.

ნისლმა და კარებების რაოდენობამ ვერ შეაშინა მარლის შილდი, რომელმაც პირველი ცდა საუკეთესო დროით დაასრულა.

 

უახლოესი მდევარი მანუელა მოელგი მას 0.19 წამით ჩამორჩა, თუმცა ამ იტალიელს ნაკლებად აღიქვამდნენ შილდის კონკურენტად. მანუელა გამოცდილი მოთხილამურეა, მაგრამ ვერც ის და ვერც მისი ძმა - მანფრედი ბოლო დროს წარმატებებს ვერ აღწევენ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოელგმა მეორე შედეგი იმის წყალობით აჩვენა, რომ მისი დაშვების დროს ნისლი ოდნავ გაიფანტა და ამან იტალიელს საქმე გაუადვილა.

შილდის კონკურენტი მარია რიში იყო, რომელიც ბრწყინვალედ არის მზად წლევანდელი სეზონისთვის, მაგრამ გამარჯვებების მოპოვებას ვერ ახერხებს. თუ შილდმა მეოთხე ეტაპი მოიგო, რიშმა მეოთხედ დაიკავა მეორე ადგილი, თუმცა ესეც კმარა საერთო ჩათვლაში დამაჯერებლად ლიდერობისთვის.

ზაგრები (ხორვატია)
სლალომი. ქალები
1. მარლის შილდი (ავსტრია) - 2:01.80; 2. მარია რიში (გერ) - +0.75; 3. მანუელა მოელგი (იტალია) - +1.08; 4. ტანია პოუტაინენი (ფინ) - +1.25; 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - +1.84; 6. ნასტასია ნოენსი (საფ) - +2.36...
საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 833 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 647; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 483; 4. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 480; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 473; 6. მარლის შილდი (ავსტრია) - 431.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული