პირველი ადგილი ორისთვის

AutoSharing Option

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალებს შორის მსოფლიოს თასის კალენდარი ისე აეწყო, რომ სპორტსმენებს რამდენჯერმე მოუწიათ სპეციალურ სლალომში გამოსვლა. და აქ ერთი კანონზომიერება ჩამოყალიბდა - ამ დისციპლინაში ზედიზედ ოთხი სტარტი ავსტრიელმა მარლის შილდმა მოიგო. ახლაც, ავსტრალიის კურორტ ფლახაუში ადგილობრივი პუბლიკა შილდის მორიგ ტრიუმფს ელოდა. გამარჯვება თავად მარლისსაც სჭირდებოდა სლალომის ჩათვლაში პოზიციების გასამყარებლად. აქ მისი კონკურენტი გერმანელი მარია რიშია, რომელიც ორ ფრონტზე იბრძვის და სლალომის გარდა საერთო ჩათვლაშიც აცხადებს საბოლოო გამარჯვებაზე პრეტენზიას.

 

რიშს ამ ეტაპზე ორმაგად გაუმართლა - ორივე ჩათვლაში მისმა კონკურენტებმა ფინიშამდე

ვერ მიაღწიეს. შილდმა პირველი ცდის შემდეგ წამნახევარი წააგო და მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა, ამიტომაც მეორე დაშვებისას რისკზე წასვლა მოუწია და დაეცა. რაც შეეხება გენერალურ კლასიფიკაციაში რიშის მთავარ კონკურენტ ლინდსი ვონს, მან მეორე ცდამდეც ვერ მიაღწია, რადგან პირველი ცდის დროს მოეცარა ხელი. ამერიკელს წელს სლალომში გამოსვლა არ გამოსდის - ის ზედიზედ მესამე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას.


თავად მარია რიში პირველი ცდის შემდეგ მესამე ადგილზე იყო, ლიდერობა კი ფინეთის ნაკრების ლიდერმა ტანია პოუტიაინენმა მოიპოვა.

მეორე ცდა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. დიდი ხანი ლიდერი ან-სოფი ბერტრე იყო, რომელიც საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გავიდა. ფრანგი პირველ რიგში იმ ცეკვით დაგვამახსოვრდა, რომელიც მან ფინიშის შემდეგ შეასრულა. ასევე უნდა გამოვყოთ სლოვაკი ვერონიკა ზუზულოვა. ამ გოგონას ადრე ჰქონია მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვებები, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მიღებული ტრავმის შემდე ვერაფრით დაიბრუნა სპორტული ფორმა. თუმცა ამჯერად სლოვაკი უძლიერესთა ჯგუფში აღმოჩნდა და საკმაოდ მაღალი მეხუთე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პოდიუმს, მესამე ადგილზე გავიდა ნასტასია ნოენსი და ისე იზეიმა ეს წარმატება, თითქოს ოლიმპიური თამაშები მოეგოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცნაური სანახავი იყო, თუმცა ფრანგი ბოლო დროს მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის.


პირველი ადგილი კი მარია რიშმა და ტანია პოუტიაინენმა გაიყვეს. ფინელმა ვერ შეინარჩუნა პირველი ცდის შემდეგ მოპოვებული სოლიდური უპირატესობა, თუმცა არც წინ გაუშვა გერმანელი და ორივენი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

რიშმა სპეციალურ სლალომში ლიდერობა მოიპოვა, გენერალურ კლასიფიკაციაში კი ლინდსი ვონთან თითქმის 200-ქულიან უპირატესობას მიაღწია. მთავარი ის არის, რომ სეზონის ამ მონაკვეთში მარიას უკვე 1023 ქულა აქვს და შეიძლება მსოფლიოს თასზე დაგროვილი ქულების რაოდენობით ახალი რეკორდიც დაამყაროს.


ფლახაუ (ავსტრია)
სლალომი. ქალები
1. მარია რიში (გერ) - 1:42.52; 1. ტანია პოუტაინენი (ფინ) - 1:42.52; 3. ნასტასია ნოენსი (საფ) - +0.52; 4. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +0.82; 5. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +1.24; 6. ტერეზა ბორსენი (შვედ) - +1.52...


საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერ) - 1023 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 827; 3. ტანია პოუტიაინენი (ფინ) - 580; 4. ელიზაბეტ გიორგლი

 

(ავსტრია) - 565; 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 480; 6. მარლის შილდი (ავსტრია) - 431...

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული