არც ვონი, არც რიში, პირველი ოქრო ავსტრიისაა

AutoSharing Option

გერმანიის სახელგანთქმულ კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. მედლების პირველი კომპლექტი ქალებმა სუპერგიგანტში გაითამაშეს. მაყურებლების გასახარად, ტრავმირებულმა ლინდსი ვონმა მოახერხა ტრასაზე გასვლა, ასე რომ, ყველანი ამერიკელისა და გერმანელი მარია რიშის დუელის მოლოდინში იყვნენ.

ვონი დღეს დაუმარცხებელია ჩქაროსნულ დისციპლინებში, თანაც სუპერგიგანტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიც იყო, ამიტომაც მთავარ ფავორიტად ის მიიჩნეოდა. თუმცა ამერიკელმა სტარტის წინ ტრასა გააკრიტიკა: ძალიან ბევრი ყინულია და ეს ქალებისთვის სახიფათოაო.
უძლიერესთა ჯგუფში ვონმა ბოლო - 22-ე ნომერი მიიღო. პირველივე მეტრებიდან ჩანდა, რომ ამერიკელმა ტემპი ვერ აკრიფა. გარმიშის ტრასაზე

ბევრი ვირაჟი და პრაქტიკულად არც ერთი სწორი მონაკვეთი არ იყო, ეს კი ლინდსის არ აწყობდა. საბოლოოდ, ფავორიტმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა და ტიტული დათმო.

უძლიერესთა ჯგუფს ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი ხსნიდა. ამ მოთხილამურისთვის სუპერგიგანტი მისი ერთ-ერთი საყვარელი სახეობაა და წელს მოგებული სამი ეტაპიდან ერთი სწორედ ამ დისციპლინაზე მოდის.

ვონისგან განსხვავებით, გიორგლისთვის გუშინდელი ტრასა იდეალური აღმოჩნდა. ავსტრიელი თითქმის უშეცდომოდ გადიოდა ვირაჟებს და ფინიშის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მის მიერ ნაჩვენები დრო, შესაძლოა, რიშისა და ვონის დასამარცხებლად საკმარისი ყოფილიყო.
რიში გიორგლის შემდეგ დაეშვა. ადგილობრივი ფავორიტი კარგად მოქმედებდა, შეცდომებს არ უშვებდა, მაგრამ ლიდერის ტემპს მაინც ვერ მიუახლოვდა. მსოფლიოს თასის ლიდერი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, რითაც გერმანელები უკმაყოფილონი არ უნდა იყვნენ, რადგან სუპერგიგანტი არ არის რიშის სპეციალიზაცია. თანაც მარიამ პირველი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონატის წინ დასახული ამოცანის შესრულებისკენ - გერმანელმა ყველა დისციპლინაში მედლის მოგება დაგეგმა.

ვერცხლის მედალი ამერიკელ ჯულია მანკუზოს ერგო, რომელმაც ძალიან ბევრი დაკარგა ვირაჟებზე, მაგრამ ფინალურ მონაკვეთზე ბრწყინვალე სრიალისა და მაღალი სისწრაფის ხარჯზე კინაღამ გიორგლი დაამარცხა - ახალ ჩემპიონთან ჩამორჩენამ მხოლოდ 5 მეასედი წამი შეადგინა!

ლინდსი ვონის გარდა, კიდევ ერთი მთავარი დამარცხებული გახდა შვეიცარიელი ლარა გუტი, რომელიც მეოთხე მივიდა ფინიშთან, არადა, ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდა. ავსტრიელ ანა ფენინგერს შეეძლო პოდიუმზე ასვლა, მაგრამ დისტანციის ბოლო ნაწილში უხეშად შეცდა. ტიტულოვანი შვედი ანია პერსონი მეათე ადგილს დასჯერდა.

დღეს გარმიშ-პარტენკირხენში კაცების სუპერგიგანტია.
შედეგები
1. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) 1:23.82
2. ჯულია მანკუზო (აშშ) +0.05
3. მარია რიში (გერ) +0.21
4. ლარა გუტი (შვეიც) +0.448
5. ანა ფენინგერი (ავსტრია) +0.82
6. ელენა კურტონი (იტა) +0.83
7. ლინდსი ვონი (აშშ) +0.84
დარჩენილი სტარტები
9 თებერვალი
სუპერგიგანტი (კაც)
11 თებერვალი
სუპერკომინაცია (ქალ)
12 თებერვალი
სწრაფდაშვება (კაც)
13 თებერვალი
სწრაფდაშვება (ქალ)
14 თებერვალი
სუპერკომინაცია (კაც)
16 თებერვალი
გუნდური
17 თებერვალი
გიგ. სლალომი (ქალ)
18 თებერვალი
გიგ. სლალომი (კაც)
19 თებერვალი
სლალომი (ქალ)
20 თებერვალი
სლალომი (კაც)

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული