ფრანგებს საუკეთესო გუნდი ჰყავთ

AutoSharing Option

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა - გუშინ გარმიშ-პარტენკირხენში გუნდური პირველობა გაიმართა.
ამ დისციპლინას ბევრი სპორტსმენი და სპეციალისტი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდური სტარტი ძალიან საინტერესოა და გულშემატკვირებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიმდინარე ჩემპიონატზე გამართული შეჯიბრებებიდან გუშინდელი, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი იყო.

სათხილამურო სპორტის ფედერაციამ უამრავ ექსპერიმენტს მიმართა, სანამ დღევანდელ ფორმატამდე მივიდოდა. ე. წ. Team Event პირველად 2005 წელს ბორმიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხილეთ და ის სტარტი დღევანდელს საერთოდ არ ჰგავდა. ახლა ფორმატი შემდეგნაირია: პარალელური გიგანტური სლალომი, ოთხი დაშვება -

ქალი ქალის წინააღმდეგ, მამაკაცი მამაკაცის წინააღმდეგ. ყველაფერი ლოგიკური და საინტერესოა.

გასაგებია, რომ გუშინ ყველა გუნდმა ვერ შეძლო უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა. მაგალითად, მასპინძელ გერმანიას დააკლდა ვარსკვლავური სამეული: მარია რიში, ვიქტორია რებენსბურგი და კატრინ ჰიოლცლი. ისინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ აღდგენით კურსს გადიან.

ტურნირში სულ 16 გუნდი მონაწილეობს. გერმანიამ მერვედფინალში უპრობლემოდ დაამარცხა სლოვაკეთის ნაკრები, მაგრამ მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან წააგო.

მთავარ ფავორიტად ყველა ავსტრიის ნაკრებს მიიჩნევდა, მაგრამ ეს ვარსკვლავური გუნდი კინაღამ მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს - ავსტრია რომედ ბაუმანმა გადაარჩინა. ნახევარფინალში ავსტრიელთა სამწვრთნელო შტაბმა წარუმატებლად მოასპარეზე ბენჯამინ რაიხი და მარლის შილდი დაასვენა და ამ სვლამ გაამართლა - ფავორიტმა ნახევარფინალში 4:0 გაანადგურა იტალია. ფინალში ავსტრიას საფრანგეთი ელოდა, რომელიც ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა.

საინტერესოა, რომ ფინალში არ იმუშავა ფრანგების მთავარმა ფსონმა - ტესა ვორლიმ, ვინც წააგო თავისი დაშვება. მეორე ქულა საფრანგეთს სიპრიენ რიშარმა მოუტანა (ფილიპ შერგჰოფერი დაამარცხა). მეოთხე დაშვებისას რომებ ბაუმანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფინალი ფრედ - 2:2 დასრულებულიყო, მაგრამ საფრანგეთი მაინც ჩემპიონად გამოცხადდა, რადგან ამ გუნდის ოთხეულის საერთო დრო ხუთი მეასედი წამით უკეთესი იყო ავსტრიელებისაზე. ასე დაამარცხა სიპრიენ რიშარმა, ტესა ვორლიმ და კომპანიამ გუნდური სტარტის მთავარი ფავორიტი.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. შვედეთმა ანია პერსონის მეთაურობს 4:0 გაანადგურა იტალია.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებს შორის გიგანტური სლალომი გაიმართება, ხვალ იგივე დისციპლინაში კაცები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო პლანეტის პირველობას ქალებსა და მამაკაცებს შორის სპეციალური სლალომი დაასრულებს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული