აბრამიშვილი და ბენიაიძე 50-ეულში შევიდნენ

AutoSharing Option

გუშინ გერმანულ გარმიშ-პარტენკირხენში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟთა გიგანტური სლალომი გაიმართა. ფინალურ ეტაპზე 97 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის კი ორი ქართველი იყო, რომელთაც წინა დღით საკვალიფიკაციო ბატალიები გამოიარეს. ბუნებრივია, ჩვენებურები ფავორიტთა შორის არ ყოფილან.

პირველი ჩამოსრიალების შემდეგ 60-მა საუკეთესომ ბრძოლა მედლებისთვის გააგრძელა. სასიხარულოა, რომ მათ შორის ორივე ქართველი მოხვდა - იასონ აბრამაშვილიც (1:05,97 წთ) და ალექსი ბენიაიძეც (1:08,27). მეორე ცდაზე მათ დაახლოებით ერთნაირი შედეგი აჩვენეს. საბოლოოდ, იასონ აბრამაშვილმა 2:18,55 წუთი შედეგით 46-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსი ბენიაიძემ (2:20,92) -

49-ე.


მსოფლიოს ჩემპიონატი სამთო-სათხილამურო სპორტში 2 წელიწადში ერთხელ იმართება. იასონ აბრამაშვილმა პირველად ბორმიოში (იტალია) 2005 წელს, 17 წლის ასაკში იასპარეზა. მისთვის სადებიუტო ტურნირში ქართველმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა. ორი წლის შემდეგ არეში მან საკვალიფიკაციოში 28-ე ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ გავიდა. ასე რომ, მისთვის რიგით მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასონმა თავისი საუკეთესო მიღწევა გაიმეორა. 19 წლის ბენიაიძისთვის ეს მსოფლიოს მეორე ჩემპიონატია, ორი წლის წინათ ვალ დ'იზერში (საფრანგეთი) მას მეორე საკვალიფიკაციო ცდაზე დისკვალიფიკაცია მისცეს. ასე რომ, გერმანიაში ალექსიმ საუკეთესო შედეგი აჩვენა.

დღეს გარმიშ-პარტენკირხენში ქალთა სლალომია, სადაც ნინო წიკლაური მონაწილეობს, ხვალ კი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა სლალომით დაიხურება, სადაც იასონისა და ალექსის გარდა, დიმიტრი გედევანიშვილი და კოტე ვახტანგიშვილიც გამოვლენ.

 

 

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული