ტრამპლინიდან ხტომა - დანისლული შანსი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში, ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა იტალიაში, ქ. პრედაზოში, სადაც ტრამპლინების მთელი კომპლექსია (20, 30, 90 და 120-მეტრიანი).

2014 წლის იანვარში აქ გაიმართება მსოფლიო პირველობა. სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციისა და ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ფედერაციის მიერ შეკრებაზე ჩვენები მიწვეულნი იყვნენ 12 ქვეყნის მფრინავ მოთხილამურეებთან ერთად.

მწვრთნელების - გელა სოტიშვილისა და იბრაჰიმ გობოზოვის თქმით, წელიწადში ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში ტარდება ასეთი შეკრებები. ჩვენთვის ეს იყო პირველი ოფიციალური გასვლა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

გიორგი შუბითიძე, არტურ სარქისიანი, ლევან ტონოიანი, დავით მინასიანი 90 და 120-მეტრიან საზაფხულო ტრამპლინებზე იტალიელი სპეციალისტების დახმარებით ვარჯიშობდნენ. მწვრთნელებმა კი ტრენინგები გაიარეს.

- სემინარებზე შევხვდით ოთხი ოლიმპიადის მონაწილე, დიდი კობა წაქაძის თაყვანისმცემელ იტალიელ ფაბიო მორანდინის, რომელიც 1956 წლის ოლიმპიადაზე ჯერ კიდევ ბავშვი აღფრთოვანებულა კობას ნახტომებით და მისი სპორტული კარიერაც იქიდან დაწყებულა.

"თქვენი კობა ისე ლამაზად ხტებოდა, დღესაც კი მახსოვს" - უთქვამს ჩვენი მწვრთნელებისთვის და კობა წაქაძის სიყვარულით, მოფერებით თურმე ყველას კობას ეძახდა... დაგვასაჩუქრეს ახალი ეკიპირებით" - გვითხრეს მწვრთნელებმა.

ჩვენმა მხარემ, საქართველოს მფრინავ მოთხილამურეთა ფედერაციის პრეზიდენტის, ნიკო შატბერაშვილის და ყოფილი მფრინავი მოთხილამურე ელგუჯა ორჯონიკიძის დახმარებით, მხოლოდ მგზავრობის ხარჯები გაიღო.

საქართველოში თურმე ადრეც ბევრჯერ გამოუგზავნიათ მოწვევა, მაგრამ "ჩვენ არ გვატყობინებდნენ, გვბლოკავდნენ" - ამბობენ მწვრთნელები.

ყველაფერი გაირკვა მას შემდეგ, რაც წლეულს, ივლისში, ბაკურიანს ეწვია ზამთრის სპორტის სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის აღმასრულებელი დირექტორი ვალტერ ხოფერი და სხვა ოფიციალური პირები.

სტუმრები შეხვდნენ და გაიცნეს ჩვენი მოხტუნავეები, ნახეს, სად ვარჯიშობენ და რა პირობებში, რა მდგომარეობაშია ტრამპლინები და გაოცებულნი დარჩნენ იმითაც, რომ ბაკურიანში არ არის სპორტული დარბაზი.

რა თქმა უნდა, ჩამოსვლისთანავე სტუმრებმა კობა წაქაძე მოინახულეს. "მე ვიცნობ საქართველოს კობა წაქაძით, - უთქვამს ვალტერ ხოფერს. - საქართველო კობა წაქაძის სამშობლოა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. კობაა ის ლეგენდა, რომელმაც ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორიაში ახალი და განუმეორებელი სტილი შემოიტანა. ის მეტად ძვირფასია. მას გაისად 80 წელი უსრულდება. ამის ღირსეულად აღნიშვნისათვის უნდა მოვემზადოთ".

სტუმრებმა მოინახულეს ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი, მოიხიბლნენ ბაკურიანის ბუნებით, ტრამპლინების მდებარეობით და რელიეფით. ტრამპლინების ახლანდელი მდგომარეობით კი ვალტერ ხოფერი ძალზედ შეწუხებულა, თუმცა ბაკურიანის სილამაზით მოხიბლულს უთქვამს:

"ბაკურიანი უნდა იყოს არა მარტო შესანიშნავი კურორტი, არამედ დიდი სპორტული შეჯიბრებებისა და ასპარეზობების ადგილი".

იმავე დღეს ვალტერ ხოფერი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბატონ ლევან ყიფიანს შეხვდა.

"ზამთრის სპორტის სათხილამურო საერთაშორისო ფედერაცია, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომისა და სათხილამურო ორჭიდის ფედერაციები მზად არიან საქართველოში, ბაკურიანში გადაარჩინონ და განავითარონ ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა.

ქვეყანამ, რომელსაც ჰყავს დიდი კობა წაქაძე, "მფრინავ ტორპედად" წოდებული, არ შეიძლება დაკარგოს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის განვითარების შესაძლებლობა, არ იყოს ტრამპლინები"
.

ამასთან, წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მის კომპეტენციაში შედის - მისი ზედამხედველობით წარიმართება ტრამპლინების რეაბილიტაციის პროცესი; ასევე, დაეხმარება ლიცენზიების მოპოვებაში, რომლითაც შესაძლებელი გახდება ბაკურიანში როგორც დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების, ასევე მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება, თუ საამისოდ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს კეთილი ნება იქნება - ასეთი შინაარსის წერილი მოსწერა საქართველოდან წასვლის შემდეგ ვალტერ ხოფერმა ბიძინა ივანიშვილს.

ამ წერილს მოჰყვა ვალტერ ხოფერის მეორე ვიზიტი საქართველოში.

"ხოფერი საქართველოს ვიცე-პრემიერს, კახი კალაძეს შეხვდა, რომელმაც სტუმარს აღუთქვა საქართველოს მთავრობის მზაობა წამოჭრილ საკითხებში"
- განაცხადა ჩვენთან საუბარში საქართველოს ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ეკა ორჯონიკიძემ.

ტრამპლინები კი განაწილებულია
ვალტერ ხოფერის საქართველოში სტუმრობამ ყველა გაახარა, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს, მაგრამ დააფიქრა კიდეც.

"რა იცის ვალტერ ხოფერმა, რომ ტრამპლინების ტერიტორია ოქტომბრის არჩევნებამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ცალკეულ ჯგუფებზე გაანაწილა. ეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე დიდი სასიკეთო ძვრები უნდა დაიწყოს. მუნიციპალიტეტი უნდა ფიქრობდეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ის კი"..
.

"ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად შევეჭიდებით და ყველა შესაბამის დისტანციას მოვივლით, საქმის კურსში ჩავაყენებთ, როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე პრეზიდენტს
" - აცხადებენ მწვრთნელები გელა სოტიშვილი და იბრაჰიმ გობოზოვი.

სოფიო ხეთაგაშვილი ბაკურიანიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული