მსოფლიო ჰოკეის მამებმა ქართველებს საჩუქარი გამოუგზავნეს

AutoSharing Option
წლეულს ზაფხულს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ფინეთში ჯერ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ფედერაციების გენერალური მდივნების ერთკვირიანი სემინარი გამართა, შემდეგ კი ქალაქ ვიერუმაკის საზაფხულო სკოლაში 50 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი, რომელთა შორის ექვსი ჩვენებურიც იყო. ფედერაციის მესვეურებმა ქართველთა საქმიანობას შესახებ რომ შეიტყვეს, ყინულის ჰოკეის განვითარების მიზნით ჩვენებს აქტიურ მხარდაჭერას და დამწყები ჰოკეისტებისთვის სრულ აღჭურვილობას შეჰპირდნენ.

სიტყვაც საქმედ აქციეს: ორიოდე დღის წინათ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციამ მართლაც მიიღო საჩუქრად 40 სრული კომპლექტი, ციგურებიდან დაწყებული - ჩაფხუტებით დამთავრებული, და 700-ზე მეტი ჰოკიჯოხი, რომლებსაც
თბილისის, ბაკურიანისა და ბათუმის გუნდებს გადაუნაწილებენ.

- წლეულს აგვისტოში ბათუმში ყინულის სახლი გაიხსნა, რამაც ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია - ჰოკეიში ვარჯიშის სურვილი 130-მდე მოზარდმა გამოთქვა, - გვითხრა საქართველოს ყინულის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სანდრო ვაშაკიძემ, - ამიტომაც საერთაშორისო ფედერაციიდან მიღებულმა საჩუქარმა ძალიან გაგვახარა. წლეულსვე ზუგდიდშიც ვაპირებთ ჯგუფის გახსნას - მსურველები იქ მრავლად გვყავს.

მართალია, კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობას განვიცდით, მაგრამ ამ მიმართულებითაც გადაიდგმევა საქმიანი ნაბიჯები: 2012 წლიდან საერთაშორისო ფედერაცია ფინეთის სპორტის ინსტიტუტის 2 მაგისტრანტს გაგვიგზავნის, რომლებიც ზუგდიდსა და ბათუმში ყინულის ჰოკეის კურირებას გაუწევენ - როგორც სპორტსმენთა, ასევე მწვრთნელთა მზადება-გადამზადებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ყინულის სახლის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში შვედეთის პროფესიულ კლუბ "აიაკ-ის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მენეჯერი ჩამოვიდნენ, რომლებმაც აჭარის მთავრობასთან მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც შვედები ქართველ სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას, აღჭურვას და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას კისრულობენ. ბათუმელი მოზარდებისთვის
მათ საჩვენებელი ვარჯიშები გამართეს და ყმაწვილები თავიანთი კლუბის მაისურებითაც დაასაჩუქრეს.

- "შავი ზღვის ლიგის" ჩატარება ხომ არ გადაგიფიქრებიათ?

- თურქებთან და სომხებთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დეკემბრიდან აუცილებლად ჩავატარებთ "შავი ზღვის ლიგას" სამ ასაკობრივ ჯგუფში - 14, 18-წლამდე და უფროსებში. ჩვენ და სომხები თითოეულ ასაკში თითოს, თურქები კი ორ-ორ გუნდს გამოიყვანენ. შეჯიბრებები ყოველი თვის მესამე პარასკევ-შაბათ-კვირას გაიმართება მონაცვლეობით ერზრუმსა და ბათუმში. ასე რომ, პირველ ორთაბრძოლებს 16-18 დეკემბერს თურქეთი უმასპინძლებს, იანვარში პაექრობები აჭარის დედაქალაქში გაიმართება. აქ, მართლაც, კარგი ყინულის სასახლე გაისხნა სტანდარტული მოედნით. მართალია, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ სასახლისა და ბათუმის მესვეურები დეკემბრამდე ამ პრობლემის მოგვარებასაც გვპირდებიან.

- ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებასაც ხომ არ გეგმავთ?
- სათანადო პირობების უქონლობის გამო საქართველოს პირველობის გამართვას ვერ შევძლებთ. თბილისის საციგურაო რემონტის გამო დაკეიტილია, როგორც კი გაიხსნება, ვარჯიშებს განვაახლებთ. ვერც ბაკურიანშია სახარბიელოდ საქმე, ამიტომ იქაურ ჰოკეისტებს ჯერჯერობით ფიზიკურ მომზადებაზე აქვთ აქცენტი გადატანილი.

ისედაც, მხოლოდ ორი სრულფასოვანი გუნდის ჩამოყალიბებას თუ შევძლებთ. ამ რესურსებით კი რომელ ეროვნულ ჩემპიონატზე უნდა ვილაპარაკოთ. მართალია, უპირობობის გამო მოთამაშეთა ერთი ნაწილი შემოგვეფანტა, მაგრამ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. ლიგის პირველობაზე თბილისელი და ბაკურიანელი ჰოკეისტებით დაკომპლექტებული "ყინულის რაინდები" დაიცავს ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას. ერზრუმში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში გავმართავთ საწვრთნელ შეკრებას.

მართალია, ბევრი პრობლემა გვაწუხებს, მაგრამ "შავი ზღვის ლიგის" გათამაშებაში თავს არ შევირცხვენთ. უფრო დიდი მიზანიც დავისახეთ: სექტემბრის მიწურულს სტამბოლში ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც 2013 წლიდან ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში მონაწილეობის სურვილი გამოვთქვით და მხარი დაგვიჭირეს. იმედია, კეთილი ადამიანების დახმარებით მიზანს რეალობად ვაქცევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული