"ყინულის რაინდები" ლიგაზე ითამაშებენ

AutoSharing Option
21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოში ყინულის ჰოკეის აღორძინებას დენის დავიდოვი და ლაშა ცაგარეიშვილი ჩაუდგნენ სათავეში. პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. საერთაშორისო სარბიელზე გასვლასაც წინ არაფერი ედგა, დიდი საქმის ენთუზიასტები ტრაგიკულად რომ არ დაღუპულიყვნენ.

დავიდოვისა და ცაგარეიშვილის ინიციატივას, საბედნიეროდ გამგრძელებლები გამოუჩნდნენ: უპირველესად ეს ითქმის საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან ალექსანდრე ვაშაკიძეზე, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს სპორტის ამ სახეობის განვითარება-პოპულარიზაციისთვის. დასტურად ისიც გამოდგება, რომ საქართველოს საკლუბო გუნდი "ყინულის რაინდები" 27-29 იანვარს თურქეთის ქალაქ ერზრუმში შავი ზღვის ლიგის გათამაშებაში ჩაებმება.

- ამ შეჯიბრების იდეა
დენის დავიდოვსა და ლაშა ცაგარეიშვილს ეკუთვნის, - გვითხრა ალექსანდრე ვაშაკიძემ. – სწორედ მათი მიზანი იყო ევროპისკენ "ფანჯრის" გაჭრა. რომ არა უბედური შემთხვევა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ახლა ჩვენ ვცდილობთ მათი იდეის ფრთაშესხმას.

შავი ზღვის ლიგის ჩამოყალიბებას აქტიურად დაუჭირეს მხარი თურქებმა, სომხებიც ავიყოლიეთ. პირველ ეტაპზე ისინი დამკვირვებლის სატატუსით დაესწრებიან შეჯიბრებას, მეორე ეტაპიდან კი სომეხი სპორტსმენებიც შემოგვიერთდებიან. ამჯერად ტურნირზე უფროსებისა და 14-წლამდელთა გუნდით მივემგზავრებით. მასპინძლებთან 3-3 შეხვედრას გავმართავთ. ორივე ასაკში პირველი მატჩები 27 იანვარს ჩატარდება, წინა დღეს კი ასპარეზობის საზეიმო გახსნის ცერემონიალია დანიშნული. შეჯიბრებას ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცის მიერ ლიცენზირებული არბიტრები მოემსახურებიან.

- "ყინულის რაინდების" შემადგენლობაში მხოლოდ თბილისელები თამაშობენ?
- რა თქმა უნდა, არა. ორივე გუნდში ათი ბაკურიანელია, მათი მწვრთნელის გოჩა ჯეირანაშვილის თავკაცობით. უმცროსების გუნდში მეკარედ 14 წლის ბათუმელი ანრი ბარქაია ჩავრიცხეთ...

ქართველი ჰოკეისტები გუშინ საღამოს ბათუმში შეიკრიბნენ და შარშან შემოდგომით გახსნილ ყინულის სასახლეში ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.

მწვრთვნელებმა (ირაკლი ნატროშვილი და ილია დავიდოვი) კუს ტბასა და "ქარიშხალას" სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე პლასტმასის სიმულატორზე დამუშავებული კომბინაციები, ტექნიკური და ტაქტიკური მონახაზი დააზუსტეს, ხუთეულები დაალაგეს.

- ხუთი წელიწადია, ბაკურიანში ჰოკეისტებს ვავარჯიშებ, - მითხრა გოჩა ჯეირანაშვილმა, რომელიც ხვალ მოედანზე შეგირდებთან ერთად კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს. – დღეისთვის ჩემთან ორივე ასაკში 18 სპორტსმენი იმაღლებს ოსტატობას. მათ უმრავლესობას დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლის გამოცდილება აქვს, ამდენად, მათთვის ერზრუმული ბატალიები დებიუტი არ იქნება.

ბაკურიანში ჰოკეისტთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა – ხუთ ასაკში სულ მცირე ხუთი სრული გუნდი გვეყოლებოდა, მაგრამ ბაზების უქონლობა გვიშლის ხელს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩვენივე ძალებით მოწყობილი პრიმიტიული ერთადერთი საციგურაო გაგვაჩნია, რომელიც გადაუხურავია, სადაც თოვლში, მზიან ამინდსა და ქარში წვრთვნა შეუძლებელია. ყოველივეს მიუხედავად, ლიგაზე სათამაშოდ იმედებით მივემგზავრებით და ვეცდებით ქომაგები არ გავაწბილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული