გამარჯვებას ოსტატობაც სჭირდება და იღბალიც

AutoSharing Option
ერზრუმში, როგორც გაუწყეთ, ყინულის ჰოკეიში შავი ზღვის ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო მასპინძელთა და საქართველოს ორ-ორი გუნდის მონაწილეობით. ასპარეზობის პირველ დღეს "ყინულის რაინდების" 14-წლამდელთა გუნდს მეტოქე არ გამოუცხადდა, რადგან ჩვენებურთა თანატოლები თურქეთის ზამთრის ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ.

უფროსების შეხვედრა კი ერზრუმელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ 10 წუთის განმავლობაში ისინი ვერაფერს გახდნენ, ამიტომ უხეშობას უმატეს, განსაკუთრებით ამერიკელი ლეგიონერები - რაიან სტაიერი და ბრაიან დუნფორდი გამოირჩეოდნენ. მაშინ, როცა ანგარიში იყო 3:0 მასპინძელთა სასარგებლოდ, სწორედ დუნფორდმა აკრძალული ილეთით შეაჩერა გენადი კოსიცკი, რომელმაც მძიმე ტრავმა
მიიღო - ლავიწის ძვალი გაიტეხა და ჰოსპიტალში აღმოჩნდა.

ამ ინციდენტს სტუმრების პროტესტი მოჰყვა: ერზრუმელთა მთავარ მწვრთნელთან ქართველებს თურმე სიტყვიერი შეთანხმება ჰქონიათ - მასპინძლებს "ყინულის რაინდებთან" მატჩში ლეგიონერები არ უნდა გამოეყვანათ. ამერიკელი იძულებული გახდა, ორი თანამემამულე და სლოვაკი ჰოკეისტი გასახდელში გაეგზავნა.

პირველი პერიოდის ბოლომდე დარჩენილ ხუთ წუთში მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს - 4:1. საბოლოოდ მატჩი ერზრუმელთა გამარჯვებით დამთავრდა - 10:4 (ქართველთაგან გოლები ვახტანგ გოგიჩაშვილმა, გიორგი ჯეირანაშვილმა, ამირან გეფერიძემ და მიხეილ დავითაშვილმა გაიტანეს).

ტურნირის მეორე დღეს "ყინულის რაინდები" (მწვრთნელები - მიხეილ ვედიაპინი და ილია დავიდოვი) სტამბოლთან ახლოს მდებარე ქოჩაელის გუნდს დაუპირისპირდნენ. თავიდან ინიციატივას თურქები ფლობდნენ და 2:0 დაწინაურდნენ, პერიოდის მიწურულს ზაზა ღონღაძემ ანგარიში შეამცირა. მეორე-მესამე პერიოდებში მეტოქეებმა კიდევ სამი გოლი (ჩვენებურთაგან - ლევან ბუცხრიკიძემ და თემურ ვედიაპინმა) გაიტანეს და პაექრობაც ფრედ (3:3) დამთავრდა. იმავე საღამოს ჩვენი 14-წლიანები ერზრუმში ყინულის კემპზე ჩამოსულ სტამბოლის გუნდთან სპარინგმატჩში 2:4 დამარცხდნენ.

- ორი დღის შედეგებით უკმაყოფილო არ ვარ, აი, თამაშის ხარისხზე კი რა გითხრათ, თუმცა, რა მოვთხოვო ბიჭებს, რომლებსაც 9 თვეა, ყინული არ უნახავთ. ისინი ახლა ეჩვევიან სტანდარტულ სარბიელს, - გვითხრა ილია დავიდოვმა.

ერზრუმისა და ყინულის რაინდების ლიგის მეორე მატჩი სტუმრების იერიშებით დაიწყო და მე-7 წუთზე გოგიჩაშვილმა ანგარიში გახსნა. მეორე პერიოდში თურქებმა იძალეს და ორი შაიბა გაგვიტანეს. მესამე ოცწუთიან მონაკვეთში გოლი არ გასულა. ეს შეხვედრაც ერზრუმელებმა მოიგეს, ამჯერად მინიმალური ანგარიშით - 2:1.

-პირველი მატჩისგან განსხვავებით მეორეში აშკარად უკეთ ვითამაშეთ. ბიჭები ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ დაცვაში, მეტი კავშირი იყო უკანა ხაზსა და თავდასხმას შორის. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს წაგებას არ ვიმსახურებდით. ეტყობა, გამარჯვებისთვის ოსტატობასთან ერთად იღბალიცაა საჭირო, - თქვა მატჩის შემდეგ "ყინულის რაინდების" მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ნატროშვილმა.
ტურნირის ბოლო დღეს ჩვენი ჰოკეისტები კიდევ თითო შეხვედრას გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული