ტორონტო ასპროცენტიანია

AutoSharing Option

რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღე "პიტსბურგ პინგვინზის" ზედიზედ მესამე საშინაო წაგებით აღინიშნა. "პინგვინების" დამარცხება  მოძლიერებულმა "ტორონტომ" შეძლო, რომელმაც სეზონი სამი მოგებით დაიწყო, რაც 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. "მეიპლ ლივზის" შეტევების ლიდერია ახალბედა ფორვარდი კლარკ მაკარტური, რომელმაც უკვე ოთხი შაიბა გაიტანა. ამჯერად მის ანგარიშზე დუბლი იყო. "პიტსბურგმა" პირველი პერიოდი 2:1 მოიგო, მაგრამ შემდეგში 1:3 დამარცხდა და მართალია, ბოლო 20-წუთეულში 9 ზუსტი დარტყმა შეასრულა (მეტოქემ მხოლოდ - ორი), მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო. "ტორონტო" ლიგის საერთო ცხრილს სათავეში უდგას.

ძალიან რთული

მატჩი ითამაშეს მარტინ ბროდომ და რაიან მილერმა. "ნიუ ჯერსისა" და "ბაფალოს" მეკარეებმა 60 წუთი შაიბა არ გაუშვეს.   ოვერტაიმში ილია კოვალჩუკმა არა მხოლოდ პირველი შაიბა გაიტანა სეზონში, არამედ პირველი გამარჯვება მოუტანა "ეშმაკებს". "სეიბრზმა" შუა ზონაში დაუშვა შეცდომა, სტუმრებმა მილერის კართან მიიტანეს შაიბა, სადაც ახალგაზრდა მცველმა ტაორმინამ შესანიშნავი პასით გაატანინა რუს ფორვარდს. ლინდი რაფის გუნდმა შინ სამიდან სამი მატჩი წააგო - "ბაფალოს" ასეთი შედეგი 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია.

შარშანდელ სეზონში "ვაშინგტონი" საუკეთესო იყო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების მხრივ და სწორედ ამ კომპონენტმა მოუტანა გამარჯვება დედაქალაქელებს "აილენდერსთან" მატჩში. მასპინძლებმა 56-ე წუთზე გაიფორმეს გამარჯვება, როცა ნიკლას ბექსტრიომმა ყვანჯი დაუხვედრა ალექსანდრ ოვეჩნიკის პასს - 2:1. "კუნძულელებისთვის" სასიხარულო მხოლოდ ის იყო, რომ პირველი შაიბა გაიტანა დებიუტანტმა ნინო ნიდერაიტერმა, რომელიც 2010 წლის დრაფტზე აიყვანეს.

"ტამპა ბეის" ახალი მწვრთნელი გი ბუშე შარშან "მონრეალის" სტრუქტურაში მუშაობდა - კერძოდ, "კანადიენსის" ფარმ-კლუბს ავარჯიშებდა. სწორედ მონრეალს სტუმრობდა ბუშე გუშინდელ ტურში. "ტამპამ" თავის მწვრთნელს სეზონში მეორე გამარჯვება აჩუქა. მესამე პერიოდის დასრულებამდე წუთითა და 20 წამით ადრე "ლაითნინგი" 2:3-ს აგებდა, თუმცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, თანაც მწვრთნელმა მეკარე წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და "ტამპამ" შეძლო ორკაციანი უპირატესობის გამოყენება. ლეკავალიესგან ყველა დარტყმას ელოდა, მან კი ულამაზესი პასი მისცა შორეულ ძელთან ჩასაფრებულ სტივენ სტემკოსს - 3:3. ოვერტაიმში კი "მონრეალის" ყოფილმა მოთამაშემ დომინიკ მურმა მოიგო ჩაგდება, იბრძოლა მეტოქის კართან ახლოს და რაიან მელოუნს გამარჯვების შაიბის გატანაში დაეხმარა. "ტამპა ბეი" ზედიზედ მეორე მატჩს იგებს, რითაც ამართლებს გულშემატკივართა იმედებს.

არ გაუმართლა სტენლის თასის მფლობელ "ჩიკაგოს", რომელმაც საკუთარ მოედანზე წააგო "ნეშვილთან". მესამე პერიოდის დასრულებამდე 28 წამი რჩებოდა, როცა სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და გამარჯვების შაიბა ჯოელ უორდს გაატანინეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის კარში სათადარიგო მეკარეები - კორი კროუფორდი და ანდერს ლინდბეკი იდგნენ.

როგორც იქნა, გაიღვიძა "ანაჰაიმმა". ამ გუნდმა პირველი სამი მატჩი წააგო, თანაც შაიბების კატასტროფული მაჩვენებლი ჰქონდა - 2-13. ახლა კი "იხვებმა" ძლიერ "ვანკუვერთან" მოიპოვეს სეზონში პირველი ქულები - 4:3. შეტევის პირველმა სამეულმა თავი ანება მუდმივ ჩხუბებსა და გაძევებებს და "ხუთიანზე" გააკეთა თავისი საქმე - რაიან გეტცლაფს გოლი და სამი საგოლე პასი ჰქონდა, კორი პერის - გოლი და პასი და ბობ რაიანის - ერთი გოლი.


ბაფალო-ნიუ ჯერსი 0:1 (ო)
0:0, 0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 კოვალჩუკი-1 (ტაორმინა-1, ლანგენბრუნერი-3).

ვაშინგტონი-აილენდერსი 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ნიდერაიტერი-1 (უეიტი-3, გრაბნერი-1), 1:1 ოვეჩკინი-4 (ბექსტრიომი-1), 2:1 ბექსტრიომი-1 (ოვეჩკინი-3, კარლსონი-4).

მონრეალი-ტამპა ბეი 3:4 (ო)
2:0, 0:1, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 ლაპიერი-1, 2:0 პლეკანეცი-1 (კამალერი-1, შპაჩეკი-1), 2:1 ბ. კლარკი-1 (პურსელი-2, რ. მელოუნი-2), 2:2 სენტ ლუისი-1 (სტემკოსი-2, რ. ჯონსი-2), 3:2 ა. კოსტიცინი-1 (პლეკანეცი-2, გორჯესი-2), 3:3 სტემკოსი-3 (ლეკავალიე-1, რ. მელოუნი-3), 3:4 რ. მელოუნი-1 (მური-1).

პიტსბურგი-ტორონტო 3:4
2:1, 1:3, 0:0
გოლები: 0:1 ორი-1 (შენი-1, მ. ბრაუნი-1), 1:1 კუნიტცი-1 (მალკინი-1, გოლიგოსკი-2), 2:1 ტელბოტი-1 (კუკი-2, ტაილერ კენედი-1), 2:2 მაკარტური-3 (ტ. კაბერლე-2, ფანოფი-2), 2:3 ბოშემენი-1 (შენი-2, ზიგომანისი-1), 2:4 მაკარტური-4 (გრაბოვსკი-3, კულემინი-2), 3:4 კროსბი-1 (ლავჯოი-1, კუკი-3).

ჩიკაგო-ნეშვილი 2:3
2:1, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 პ. კეინი-2 (ტეუვზი-2, შარპი-2), 1:1 სალივანი-2 (კ. ო'რაილი-1, რ. სატერი-2), 2:1 ტეუვზი-1 (კოპეცკი-4, მარიან ჰოსა-3), 2:2 უილსონი-1 (კლეინი-1, გოკი-1), 2:3 ჯ. უორდი-1 (დუმონი-2, ლეგუანდი-1).

ანაჰაიმი-ვანკუვერი 4:3
1:2, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 გეტცლაფი-1 (რაიანი-1, ფაულერი-2), 1:1 დ. სედინი-3 (ჰ. სედინი-4, ედლერი-1), 1:2 ტორესი-1 (ჰამჰუისი-1, მალორტა-1), 2:2 სელიანე-1 (გეტცლაფი-1, ვიშნოვსკი-1), 2:3 ერჰოფი-2 (ედლერი-2, დ. სედინი-2), 3:3 პერი-1 (გეტცლაფი-2, მიკელსონი-1), 4:3 რაიანი-1 (გეტცლაფი-3).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული