NHL. პლეი ოფი: "პიტსბურგს" ერთი აკლია

AutoSharing Option
ერთი ნაბიჯი აკლია პლეი ოფის მეორე რაუნდამდე აღმოსავლეთი კონფერენციის ჩემპიონს "პიტსბურგ პინგვინზს".

მეხუთე მატჩის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს "პინგვინების" მწვრთნელებმა, როცა კარის დაცვა არა მარკ-ანდრე ფლერის, არამედ ტომაშ ვოკოუნს ანდეს. ფლერიმ წინა მატჩებში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, ვოკოუნმა კი  მარტო პირველ პერიოდში 14 დარტყმა მოიგერია და რამდენიმე ბრწყინვალე სეივიც განახორციელა. მისმა პარტნიორებმა კი მეორე პერიოდიდან სერიოზულად მიხედეს საქმე და სწორედ ამ 20-წუთეულში გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

წუთნახევრის ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს კენედიმ და მარეიმ, რის შემდეგაც გოლი-შედევრი შემოგვთავაზა სიდნი კროსბიმ, რომელიც
ორ მცველს შორის გაძვრა და ერთ-ერთზე შანსი არ დაუტოვა ნაბოკოვს.

თუმცა მატჩის პირველი ვარსკვლავი ვოკოუნი გახდა, რომელსაც 31 სეივი დაუგროვდა და "შათაუტი" შეასრულა. ახლა, სერია ნიუ იორკში დაბრუნდება, სადაც მეექვსე მატჩი უნდა გაიმართოს.

პიტსბურგი-აილენდერსი 4:0
0:0, 3:0, 1:0
გოლები: 1:0 ტაილერ კენედი-1 (ლეტანგი-3, ბ. სატერი-1), 2:0 მარეი-2 (კუნიტცი-3, მალკინი-7), 3:0 კროსბი-3 (იგინლა-7, დუპუი-2), 4:0 ლეტანგი-2 (კროსბი-5, პ. მარტინი-4).
სერია: 3-2

* * *
ვერსად ვერ დაბრუნდება "მონრეალი", რომელიც საკუთარ მოედანზე შერცხვა "ოტავასთან" - 1:6 (ეს ანგარიში ამ სერიაში მეორედ დაფიქსირდა "სენატორების" სასარგებლოდ) და წააგო სერია - 1:4. თუმცა "კანადიენსმა" თავი შეიძლება იმით იმართლოს, რომ ტრავმების გამო ყინულზე გასვლა ვერ შეძლეს პრაისმა, ემელინმა, ჯონტამ, პასიორეტიმ, ელერმა, პრასტმა და უაიტმა, ხოლო სათადარიგო მეკარედ 23 წლის ჩეხი რობერტ მაიერი ჰყავდათ, რომელსაც NHL-ში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია. ამიტომაც, ექვსი გაშვებული შაიბის მიუხედავად, "მონრეალის" მწვრთნელმა არ შეცვალა მეკარე ბუდაი.

სასტარტო პერიოდში "კანადიენსი" კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეკარის ერთმა შეცდომამ და ერთხელ დაცვის ჩავარდნამ "ოტავას" ორი შაიბის გატანის საშუალება მისცა, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ საბენის გოლით უპასუხეს.

გარდამტეხი აღმოჩნდა მომენტი მეორე პერიოდის შუაში, როცა "ოტავამ" რიცხობრივ უმცირესობაში გაიტანა. რაც შეეხება მესამე 20-წუთეულს, მასპინძლებმა უხეშობას უმატეს და "სენატორზმა" ეს კარგად გამოიყენა - ერთბაშად სამი გოლი გაიტანა მაშინ, როცა ერთი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე.

ასე გამოაგდო პლეი ოფიდან აღმოსავლეთის მეშვიდე გუნდმა მეორე გუნდი და ახლა, "პიტსბურგისა" და "აილენდერსის" სერიაში გამარჯვებულს ელოდება.

მონრეალი-ოტავა 1:6
1:2, 0:1, 0:3
გოლები: 0:1 ზ. სმიტი-1 (კასიანი-1, მეტოტი-4), 0:2 კონაჩერი-2 (კონდრა-2, პაგო-1), 1:2 საბენი-2 (მარკოვი-1, პლეკანეცი-4), 1:3 ტარისი-3 (კონდრა-3), 1:4 ალფრედსონი-2 (გონჩარი-4, ე. კარლსონი-5), 1:5 კონაჩერი-3 (ზიბანეჯადი-3), 1:6 კონდრა-1 (პაგო-2, კასიანი-2).
სერია: 1-4

* * *
რეგულარულის საუკეთესო გუნდმა "ჩიკაგომ" მშვიდად გაანადგურა შინ "მინესოტა" და ასევე 4:1 მოიგო თავისი სერია. კარგი მატჩი ჰქონდა მარიან ჰოსას, რომელმაც დუბლს საგოლე პასი დაუმატა. ორ-ორი ქულა დააგროვეს კიტმა, კრუგერმა და ტეივზმა, რითაც ხელი შეუწყვეს "ბლეკჰოქსის" დომინირებას.

რაც შეეხება "მინესოტას", მისი მთავარი პრობლემა მეკარე ნიკლას ბექსტრიომის არყოფნა იყო - მთელი სერია "ველურებმა" მის გარეშე ჩაატარეს, გარდა ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა ჯოშ ჰარდინგს, რის გამოც, ბრძოლაში ჩართვა უწევდა მესამე მეკარე დარსი კემპერს.

ჩიკაგო-მინესოტა 5:1
1:0, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-2 (ტეივზი-1), 2:0 კრუგერი-1 (ფროლიკი-1, კიტი-3), 3:0 მარიან ჰოსა-3 (საადი-1, კრუგერი-1), 3:1 ტ. მიტჩელი-1 (ბროძიაკი-2, სკანდელა-1), 4:1 შოუ-1 (ბიკელი-1, კიტი-4), 5:1 შარპი-5 (ტეივზი-2, მარიან ჰოსა-3).
სერია: 4-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: ოვერტაიმების დღე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული