შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე "რეინჯერსმა" 2:3-დან გადაარჩინა სერია "ვაშინგტონთან". მეექვსე და მეშვიდე მატჩების გმირი აღმოჩნდა ნიუიორკელთა მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი, რომელმაც ზედიზედ ორი "შათაუტი" შეასრულა. ამიტომაც, ამ შეხვედრის ერთ-ერთი ინტრიგა ისიც იყო - ვინ გაუტანდა გოლს ბრწყინვალე შვედ მეკარეს.
ლუნდკვისტის "მშრალი" სერია მეორე პერიოდის შუამდე გაგრძელდა. გაშვებულ გოლში ის თავად არის
გაშვებულმა გოლმა "რეინჯერსი" გამოაცოცხლა და გუნდმა უფრო ორგანიზებულად დაიწყო შეტევაში მოქმედება. ამან შედეგი პერიოდის დასრულებამდე ორი (!) წამით ადრე გამოიღო - ტუუკა რასკმა ვერ დააფიქსირა რაიან მაკდონაჰის დარტყმის მომენტი - 1:1.
მესამე პერიოდი კი 14 წამის დაწყებული იყო, როცა ბოსტონელებმა ცენტრში დაკარგეს შაიბა და კლასიკური სამსვლიანი კომბინაცია დერეკ სტეპანმა დაასრულა. ამ მომენტში ყველაზე მეტად დამნაშავე იარომირ იაგრი აღმოჩნდა, რომელსაც უნდა "ჩაეკეტა" გოლის ავტორი, მაგრამ დერეკმა ყველაფერი იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ ვეტერანმა ჩეხმა მხოლოდ თვალი გააყოლა მეტოქის მოძრაობას.
თუმცა "რეინჯერების" ლიდერობა მხოლოდ ორი წუთი გაგრძელდა - "ბრუინზის" 22 წლის მცველმა კრუგმა პლეი ოფში თავისი დებიუტი გოლით აღნიშნა, როცა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეძლო - 2:2.
ამასობაში, კვლავ იჩინა თავი ამ პლეი ოფში ნიუიორკელთა მთავარმა პრობლემამ - რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების დაბალმა პროცენტმა. სტენლის თასზე გუნდმა 31-ჯერ მიიღო ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშების შანსი და აქედან მხოლოდ ორი (6.4 პროცენტი) გამოიყენა. ძირითად დროში კრუგის გოლი ბოლო აღმოჩნდა, ამიტომაც გუნდებმა ოვერტაიმში გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა.
დამატებით დროში დარტყმების შეფარდება კარგად მეტყველებს "ბოსტონის" უპირატესობაზე. მასპინძლებმა ნამდვილი შტურმი მოუწყვეს ლუნდკვისტს და ამან შედეგი გამოიღო - ბრედ მარჩანდი მატს ზუკარელოს გაექცა და იოლად შეუცვალა მიმართულება ბერჟერონის პასს - 3:2.
ბოსტონი-რეინჯერსი 3:2 (ო)
0:0, 1:1, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ხარა-2 (კრეიჩი-9, ჰორტონი-4), 1:1 მაკდონაჰი-1 (რიკ ნეში-3, ბრასარი-8), 1:2 სტეპანი-3 (ჰაგელინი-3, კელეჰანი-3), 2:2 კრუგი-1 (დ. ჰემილტონი-1, მარჩანდი-4), 3:2 მარჩანდი-1 (პ. ბერჟერონი-2, ხარა-8).
სერია: 1-1
* * *
იმ დროს, როცა ბოსტონური დაპირისპირება დასრულდა, "ლოს ანჯელესი" უკვე იგებდა შეხვედრას "სან ხოსეს" წინააღმდეგ - 1:0. ისე გამოვიდა, რომ ამ გოლის ორგანიზატორი "შარქსის" ფორვარდი ლოგან კუტური იყო, რომლის დარტყმული აცდა მიზანს, ბარიერს მოხვდა და ასე დაიწყო "კინგზის" კონტრშეტევა, რომელიც ჯეფ კარტერის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
მეორე პერიოდში "მეფეებმა" გაზარდეს უპირატესობა, როცა ზედმეტი ჰოკეისტი გამოიყენეს. მაგრამ "სან ხოსემ" მეორე პერიოდის დასრულებამდე მოახერხა ორშაიბიანი დეფიციტის გაბათილება: ჯერ პატრიკ მარლომ დაამატა შაიბა ცარიელ კარში, შემდეგ კი ბრედ სტიუარტის დარტყმა ვერ დაინახა მეკარე კუიკმა - 2:2.
"ზვიგენები" ამით არ დაკმაყოფილდნენ და მარკ-ედუარდ ვლასიჩმა სტუმრების წინ გაყვანა შეძლო. ასეთი დარტყმის შემდეგ, "მეფეები" თითქოს გონს ვეღარ მოვიდოდნენ, მით უმეტეს, რომ "ლოს ანჯელესმა" დროებით დაკარგა ანჟე კოპიტარი, რომელსაც შაიბა სახეში მოხვდა.
მატჩის ბოლოს, სტუმრებმა ძალიან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს - 22 წამის ინტერვალით ორი ჰოკეისტი გაუძევეს. მასპინძლებმა წუთნახევრის განმავლობაში ორკაციანი უპირატესობა მოიპოვეს და მალე გამოიყენეს ის კაპიტან დასტინ ბრაუნის ზუსტი დარტყმით, დაახლოებით ოც წამში, ხუთი ოთხზე ფორმატით ახალბედა ტაილერ ტოფოლის პასი გამოიყენა ტრევორ ლუისმა - 4:3. ეს ყველაფერი საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ხდებოდა და "შარქსს" აღარც დრო და აღარც განწყობა ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად.
ლოს ანჯელესი-სან ხოსე 4:3
1:0, 1:2, 2:1
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-4, 2:0 დაუტი-2 (რიჩარდსონი-1, პენერი-1), 2:1 მარლო-5 (ჯ. ტორნტონი-6, კუტური-6), 2:2 სტიუარტი-1 (გომესი-1, ჰენანი-3), 2:3 ვლასიჩი-1 (სტიუარტი-2, გომესი-2), 3:3 დ. ბრაუნი-2 (ჯ. კარტერი-2, მ. რიჩარდსი-7), 4:3 ლუისი-1 (ტოფოლი-1, მუზინი-3).
სერია: 2-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: მე-800 მატჩი "ჩიკაგომ" მოიგო