NHL. პლეი ოფი: "ჩიკაგოს" ერთი ნაბიჯი

AutoSharing Option
"ტამპა ბეისა" და "ჩიკაგოს" ფინალური სერია იმდენად დაძაბული აღმოჩნდა, რომ უკვე დაამხო NHL-ის ერთი რეკორდი.

ლიგის ასწლიან ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ფინალის პირველ ხუთ მატჩში ერთშაიბიანი სხვაობა დაფიქსირდა - 1951 წელს "ტორონტოსა" და "მონრეალის" დაპირისპირებაში. მაშინ ის სერია სწორედ მეხუთე მატჩში დასრულდა - "ტორონტომ" 4:1 მოიგო. ამასთან, მატჩების დროს ერთი ან მეორე გუნდი ახერხებდა ორი შაიბით დაწინაურებას, წლევანდელ ფინალში კი ასეთი სცენარიც კი არ ყოფილა.

მეხუთე მატჩის დასაწყისი მასპინძლებმა ჩააგდეს: პირველ პერიოდში დარტყმების შეფარდება იყო - 5:14
"ჩიკაგოს" სასარგებლოდ. სტუმრებმა გამოიყენეს ეს უპირატესობა და ამაში მათ "ტამპას" მეკარე ბენ ბიშოპი დაეხმარა, რომელმაც კარი დატოვა და მეტოქის შეტევის ჩაშლა სცადა, მაგრამ საკუთარ მცველს ვიქტორ ჰედმანს შეეჯახა და პატრიკ შარპმა მშვიდად შეაცურა შაიბა ცარიელ კარში.

"ტამპამ ბეიმ" სიტუაციის გამოსწორება მატჩის ეკვატორზე შეძლო. "ჩიკაგო" ოდნავ მოდუნდა და მასპინძლებმა ამით ისარგებლეს - ვალტერი ფილპულამ ჯეისონ გარისონის პასის შემდეგ მახვილი კუთხიდან დაარტყა და კორი კროუფორდი უძლური აღმოჩნდა.

და მაინც, ბოლო სიტყვა ჯოელ კენევილის შეგირდებს დარჩათ. ბოლო პერიოდის სტარტზე კრის ვესტიგი მარჯვენა ფლანგიდან გავიდა მეკარესთან. მართალია, თავად ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ანტუან ვერმეტმა აჯობა დაბნეულ მეკარეს.

მატჩის ბოლომდე "ჩიკაგომ" ღრმა დაცვაში გადაინაცვლა და "ტამპას" ფორვარდების აქტიურობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. ახლა, "ბლეკჰოქსს" მხოლოდ ერთი ნაბიჯი სჭირდება სტენლის თასის მოსაპოვებლად.

ტამპა ბეი-ჩიკაგო 1:2
0:1, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 შარპი-5 (ტერავაინენი-6, ტეივზი-11), 1:1 ფილპულა-4 (გარისონი-5, სტრალმანი-8), 1:2 ვერმეტი-4 (ვერსტიგი-1).
სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული