ჩიკაგოელებმა წინა ორ შემთხვევაშიც მეექვსე მატჩში მოიგეს სტენლის თასი, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ამჯერად, "ბლეკჰოქსმა" მიიღო შანსი ტრიუმფი საკუთარ მოედანზე აღენიშნა და არა გასვლით მატჩში.
ამიტომაც, შეხვედრის წინ ჩიკაგოში დიდი აჟიოტაჟი იყო: მეექვსე მატჩზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 800 დოლარი ღირდა, გადამყიდველებში კი ფასმა 10 ათას დოლარს მიაღწია.
"ტამპა ბეი" არ აპირებდა ასე იოლად სერიის დათმობას. მისმა ძირითადმა მეკარემ ბენ
"ჩიკაგომ" უარი თქვა სასტარტო შტურმზე, მაგრამ "ტამპა" კიდევ უფრო ფრთხილობდა - პირველ პერიოდში "ლაითნინგმა" მხოლოდ ოთხი ზუსტი დარტყმა შეასრულა. სტუმრებს საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, თუმცა ერთხელ ფინალური სერიის მთავარმა იმედგაცრუებამ სტივენ სტემკოსმა ძელს გაარტყა შაიბა და მაინც ვერ შეძლო ფინალში თავისი გოლების ანგარიშის გახსნა.
მეორე პერიოდის სტარტზე სტემკოსმა კიდევ ერთი შანსი მიიღო - "ჩიკაგოს" დაცვამ პოზიციური შეცდომა დაუშვა და სტივენი კროუფორდთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ფინალში გაფუჭებული მომენტების კოლექცია შეევსო. მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა "ჩიკაგო" აქტიურ მოქმედებებზე. ერთ მომენტში სტუმრებმა წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს შაიბის საკუთარი ზონიდან გადაგდება, მაგრამ ბიშოპმა გადაარჩინა თავისი გუნდი.
მაგრამ "ტამპას" მეკარე ჯადოქარი არ არის და ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. პატრიკ კეინმა შესანიშნავი პასით დანკან კიტი იპოვნა, რომელმაც ჯერ დაარტყა და შემდეგ თავად დაამატა. მცველმა ეს გოლი დაიმსახურა - ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ის ფანტასტიკურ მაჩვენებლამდე მივიდა - 700 სათამაშო წუთი პლეი ოფში. "ჩიკაგო" აგრძელებდა შეტევებს და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სიბრუკის დარტყმა ძელმა მოიგერია.
საბოლოოდ, კიტის შაიბა გამარჯვების აღმოჩნდა. მესამე პერიოდში "ლაითნინგმა" პოზიციური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მისი შეტევები განწირული ჩანდა, როგორც მეოთხე და მეხუთე მატჩების ბოლო პერიოდებში. სტუმრები მარტივ სიტუაციებშიც ცდებოდნენ, და ერთ-ერთი ასეთი შეცდომა კონტრშეტევით დასრულდა, რომლის დროსაც რიჩარდსის პასით კეინმა საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას, სერიასა და მთლიანად სეზონს.
როგორც მოსალოდნელი იყო, პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ("კონ სმაიტ ტროფი") დანკან კიტს გადასცეს.
ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 კიტი-3 (პ. კეინი-12, რიჩარდსი-10), 2:0 პ. კეინი-11 (რიჩარდსი-11, საადი-3).
სერია: 4-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"