გიორგი ჟამერაშვილის ფოტო
7 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 3:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რბილად რომ ვთვათ, უსახური სტარტისა და ორი წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გიბრალტარი დაჯაბნა და შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და ძალიან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალგაზრდები და ეროვნულ გუნდში დაბრუნებული გრიგალავა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი მთელი გუნდით ღრმა დაცვაში ჩადგნენ და უნდა ითქვას, თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ. ტემპი დაბალი იყო და ჩვენი გუნდი უხიფათოდ უტევდა. შორიდან დარტყმებით სცადეს გოლის გატანა არველაძემ და ხარაბაძემ, მაგრამ მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
ვაისმა მერებაშვილსა და კვარაცხელიას ფლანგები გაუცვალა და 30-ე წუთზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის ლამაზ კომბინაციას გვილიას მიერ მეტოქის კარის დალაშქვრა მოჰყვა. აუცილებლად აღსანიშნავია სხარტი და ტექნიკური 18 წლის კვარაცხელიას კარგი თამაში.
ტაიმის ბოლოს კი ბარმა კაშია მოატყუა, კანკავამ წააქცია და უოლკერის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ლორიამ ცხრიანიდან გამოაძრო. გადავრჩით!
შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილმა შეცვალა და მან 59-ე წუთზე გვილიას პასით მეორე გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეორე გაშვებულმა გოლმა მოწინააღმდეგის დაცვა არია, ჯვაროსნებს მათ კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ და გვილიამ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.
76-ე წუთზე არველაძის დარტყმული ბურთი რ. ჩიპოლინას საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტი თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა - 3:0.
რა თქმა უნდა, გიბრალტარს ევროპის საშუალო დონესთან მიახლოვებული გუნდიც არა ჰყავს, მაგრამ გამარჯვება და მოპოვებული პირველი 3 ქულა თავისთავად სასიამოვნოა.
10 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიას შეხვდება.
თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - გიბრალტარი 3:0
გოლები: 1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხარაბაძე, კაშია, გრიგალავა, კანკავა (მჭედლიძე 77), კვეკვესკირი, მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, არველაძე, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 47)
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი
გიბრალტარი: გოლდვინი, ჯ. ჩიპოლინა, სერჯანტი, ანეშლი (ბარნეტი 86), კასკიარო (პონსი 65), ბარდონი (კომბესი 77), უოლკერი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ერნანდესი, დე ბარი
პოლიციელების, მექანიკოსების და მოყვარულებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს რომ მოუგებ, ეს არ გვაძლევს საბაბს რომ შამპანურის ბოთლი გავხსნათ და გასახდელში იზეიმოთ. ჩვენი ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ ასეთ სუსტ მოწინააღმდეგესთან. ასეთი დაბალი ხარისხის თამაშით დანიასთან განწირულები ვართ დამარცხებისთვის.