ვარშავის "ლეგია" შესვენების შემდეგ პირველად შეიკრიბა და ვაკომაც ახალ პარტნიორებთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა. პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ვუკოვიჩმა პოლონურ გამოცემა rmf24.pl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გვილიაზეც ისაუბრა.
- ვალერიან გვილიამ პირველად ივარჯიშა ახალ მეგობრებთან ერთად. ეს მისი პირველი შანსი იყო, მოედანზე შეხვედროდა თავის მომავალ პარტნიორებს...
- ვაკო დღეს შემოგვიერთდა და უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში. ჩვენ მივცემთ მას საჭირო დროს, რათა ჩვენთან თავი კარგად იგრძნოს და აკლიმატიზაცია გაიაროს. მას აქვს უპირატესობა, ის იცნობს ჩვენს კლუბს და უთამაშია ექსტრაკლასას მოედნებზე. ასე რომ, ეს ცვლილება მისთვის ბუნებრივი იქნება. იმედი მაქვს, ის კლუბს ძალიან მალე შეეწყობა.
შეგახსენებთ, ვაკო გვილია "ლეგიას" შვეიცარიული "ლუცერნიდან" შეუერთდა. იქამდე კი, იჯარის წესით განათხოვრებული იყო ზაბრჟეს "გურნიკში" და ექსტრაკლასაში კარგი თამაშით მიიქცია პოლონური ფეხბურთის გრანდის ყურადღება.
"ლეგია" ევროპა ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ვარშავული კლუბი "სანტა ხულიასა" და "ევროპას" შორის გამარჯვებულს შეხვდება. იქამდე კი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.