ფოტო: facebook.com/DINAMOTB
აზერბაიჯანული გამოცემა azerisport.com-ი აქვეყნებს სტატიას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული კლუბების ასპარეზობის შესახებ და "გაბალა" – "დინამოს" დაპირისპირებასაც ეხება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წერს, რომ დღევანდელი "გაბალა" შორსაა რომან გრიგორჩუკის გაწვრთნილი კოლექტივისაგან და თბილისის "დინამო" პირველ შეხვედრაში დომინირებდა. 0:2 არც ისე სასიამოვნო ანგარიშია "გაბალასთვის", თუმცა რეალობა ეს არის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "გაბალას" ძალიან მცირე შანსები აქვს, გავიდეს მესამე რაუნდში. თუმცა მთავარი ეს არ არის. ვციტირებთ:
"სასწაულიც რომ მოხდეს და გურბანოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში სენსაცია მოახდინოს, შემდეგ ეტაპზე "გაბალას" ჰოლანდიურ "ფეიენოორდთან" შავი დღე ელის. და გვინდა ახლა ეს ჩვენ?"
რაც აზერბაიჯანელებს არ უნდათ, სურს ქართველ გულშემატკივარს. "დინამოსა" და არა მხოლოდ "დინამოს" გულშემატკივრები, ალბათ, მოუთმენლად ელოდებიან, როდის ჩამოვა საქართველოში სათამაშოდ როტერდამის "ფეიენოორდი".
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" შორის 1-ელ აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.