5 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ აქტუალურია და გულშემატკივრებს შორის დიდი განხილვის საგანია.
განსაკუთრებულად ვაისის წასვლის ეჭვი დანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ვაისის დამშვიდობებით გაძლიერდა, რომელიც ნამდვილად არ ახასიათებს.
ვლადიმირ ვაისი ქართველი არ არის და საქართველოს სამშობლოდ ვერ აღიქვამს. საქართველოს ნაკრებში ის დაქირავებულია და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ამავდროულად, ჩნდება პერსპექტივა საფეხბურთო კლუბის, რომელსაც აქვს საშუალება, ევროთასებზეც გავიდეს და წამყვან კლუბებთან ბურთი გააგოროს.
მაგალითად, "ასტანა" ევროპა ლიგაზეა და მისი მეტოქეებია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ალკმაარი" და "პარტიზანი". ყაზახურ კლუბს დიდი ბიუჯეტიც აქვს და სლოვაკ სპეციალისტს შეუძლია არსებულ ხელფასზე ორჯერ ან სამჯერ მეტი თანხა გადაუხადოს. ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს, "ასტანა" კი ევროფორუმებზე ყოველ წელსაა.
ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობას უამრავი უარყოფითი ნიუანსი ჰქონდა. მეტიც, რომ არა ერთა ლიგის შედეგები, სლოვაკი ნაკრებიდან აქამდე უნდა გაგვეშვა. მაგრამ წინ ერთა ლიგაა, ვაისსაც და რომან გრიგორჩუკსაც კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებათ. სლოვაკს კი პრესკონფერენციაზე მოლაპარაკებების ამბავი არ უარუყვია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დროულად უნდა დაელაპარაკოს ვლადიმირ ვაისს. მათ ჩვენზე უკეთესად მოეხსენებათ, თუ როგორი სპეციფიკურია ახალი მწვრთნელის დანიშვნა და ფეხბურთელების გაცნობა-შეჩვევა. ეს არ არის საკლუბო ფეხბურთი, სადაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ინტენსიური ურთიერთობა აქვთ.
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალამდე მხოლოდ ორი შეკრება დარჩა. 12 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებს ვხვდებით, 15 ოქტომბერს - გიბრალტარის ნაკრებს. მეორე შეკრება ნოემბერშია, სადაც 15 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებს ვეთამაშებით და თუ ფედერაცია დაგეგმავს, ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც მოვახერხებთ.
თუ სლოვაკი თუნდაც შემდეგ შეკრებაზე განგვიცხადებს, რომ ის გვტოვებს, ნაკრები ფაქტობრივად განწირულია... რადგან ახალი მწვრთნელის ადაპტაცია, მისი სათამაშო სქემის მორგება, დიდი ალბათობით, ასეთ მცირე დროში ვერ მოხდება, მით უმეტეს, თუ ის უცხოელი იქნება.
ამიტომ მივმართავთ ფედერაციას, დროულად დაილაპარაკეთ სლოვაკ სპეციალისტთან და თუ გეგმაში აქვს წასვლა, რამენაირად უნდა მოხერხდეს, სლოვაკმა მარტამდე კიდევ ერთხელ შეკრიბოს საქართველოს ნაკრები და ერთა ლიგის მატჩებში უხელმძღვანელოს.
სხვა შემთხვევაში შეიძლება დავკარგოთ ის შანსი, რაც უეფამ ერთა ლიგის სახით გვიბოძა.
ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...
BREAKING NEWS - ვაისმა შესაძლოა საქართველოს ნაკრები უკვე სანაკრებო პაუზის შემდეგ დატოვოს
მიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა