შეხვედრა "დალღა არენაზე" გაიმართება და მატჩის ტრანსლაციას აზერბაიჯანული ტელევიზია წარმოადგენს. Sportall.ge შეეცდება, ინტერნეტტრანსლაციის შემთხვევაში თამაში წარმოგიდგინოთ.
ცეცაძის შეგირდებს ავადმყოფობის გამო ბაქოში ორი ფეხბურთელი არ ახლავს - დავით სამურკასოვი და თორნიკე ძებნიაური. დანარჩენები მწყობრში არიან.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლიხტენშტეინს 4:0 სძლია და აღსანიშნავია, რომ ლიხტენშტეინმა შესარჩევის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა.
ნაკრები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს არასდროს აკლდა ნიჭიერი ფეხბურთელები, თუმცა ევროშესარჩევში ვერასდროს ვაჩვენებდით შედეგს. ამჯერად გია ცეცაძეს საკმარისი დრო ჰქონდა, ამ ასაკობრივი ნაკრების სპეციფიკას გასცნობოდა და გარკვეული შედეგის წარმოსაჩენად ახლა სრული შესარჩევი ციკლი აქვს.ჯგუფიდან პირველადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მეორეადგილოსანი თუ საუკეთესო ექვს გუნდში მოხვდა, პლეი-ოფს ითამაშებს. ჩვენს ჯგუფში არიან საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, აზერბაიჯანი და ლიხტენშტეინი.
ჩვენ აქამდეც ვწერდით, რომ სასურველი იყო, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დახმარებოდნენ, რადგან მათ საკმაოდ რთული შეხვედრა ელოდებათ და დღეს თუ ისინი ბაქოში იქნებოდნენ, გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა.
გია ცეცაძემ პირველ შეხვედრაში ნაკრები 3-4-1-2 ტაქტიკით ათამაშა და ვერც ვიტყვით, რომ ეს ფეხბურთელებისთვის უცნობი იყო, რადგან ცეცაძე ნაკრებში დიდი ხანია ამ ტაქტიკას ამუშავებს. თუმცა ლიხტეინშტეინთან შეხვედრაში მოთამაშეები ამ სქემას მთლად იდეალურად ვერ ეწყობოდნენ და გარკვეული ცვლილებები სასურველი იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ნაკრებს სამურკასოვი დააკლდება.
მეტოქე
აზერბაიჯანის ნაკრებმა წინა შეხვედრაში, მოულოდნელად, სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა და აჩვენა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ჯამში "ტრანსფერმარკეტზე" 1.9 მილიონ ევროდ არიან შეფასებულნი, როდესაც საქართველოს ნაკრები 6.1 მილიონი ღირს. აზერბაიჯანელებს ხუთი ფეხბურთელი ჰყავთ ლეგიონერი, რომლებიც თურქეთის, ავსტრიის და ჩეხეთის მეორე-მესამე ლიგებში თამაშობენ.
გუნდის გამორჩეული ფეხბურთელები "ყარაბაღის" 21 წლის მცველი ისმაილ იბრაჰიმლი და ავსტრიული "კლაგენფურტის" 20 წლის შემტევი ბარის ეკინჯიერია. ამ უკანასკნელის დუბლით მოუგო აზერბაიჯანმა სლოვაკეთს.
გუნდს სერბი მილან ობრადოვიჩი წვრთნის, რომელიც სერბეთის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ამავდროულად, მას სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებიც ჰყავს გაწვრთნილი.
მოლოდინი
მეტოქეს, გარდა საშინაო არენაზე თამაშისა, ჩვენს ნაკრებთან არანაირი უპირატესობა არ აქვს და ეს შეხვედრა სამი ქულით უნდა დავასრულოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფში გარკვეული წარმატების მიღწევა გვსურს.თუ ასეთ შეხვედრებში ქულებს ვერ მოვიპოვებთ, საფრანგეთთან და შვეიცარიასთან არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. არის ნაკრებში ის კონტინგენტი, რომელსაც დღევანდელი შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება შეუძლია. ამისთვის აუცილებელია მწვრთნელმა ძირითადში ყველა ღირსეული ათამაშოს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა);
მცველები: ნიკა მალი (საბურთალო), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);
ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დილა), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი);
თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი).
კარგი დასაწყისი - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლიხტენშტაინი გაანადგურა [VIDEO]