ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ტურნირის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

ჯამში, საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჯამში 18-მა ნაკრებმა მიიღო, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მედლებისთვის მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 სპორტსმენი იბრძოდა.

ბექაურის დუბლი და წაქცეული იაპონელი
მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს ჩვენებმა სამი მედალი მოიპოვეს - ყველა სხვადასხვა სინჯის. აქედან ერთი ოქრო ბიჭების მონაგარია - ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა 73 კილოგრამში, ვერცხლ-ბრინჯაო კი გოგონებმა
მოიპოვეს: ფინალში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი დამარცხდა, მესამეზე კი მარიამ ჭანტურია (63) გავიდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ბიჭებმა კიდევ ერთი ვერცხლი მოიპოვეს, რაც ლუკა კაპანაძემ (55) შეძლო.

ამდენად, ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა 4 მედლით დაამთავრა, რამაც საქართველოს ნაკრებს გაერთიანებულ გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი მოუტანა. ცალკე ბიჭებში ჩვენი გუნდი მესამეა იაპონიისა და რუსეთის შემდეგ, გოგონები კი მერვეზე აღმოჩნდნენ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მათგან მხოლოდ სამი მონაწილე გვყავდა.

ბიჭებმა და გოგონებმა მედლები თანაბრად გაინაწილეს, მაგრამ ხარისხობრივად უპირატესობა ბიჭების მხარესაა - მათ ოქრო აქვთ. სამაგიეროდ, გოგონებმა სამი მონაწილით მიაღწიეს ამდენს, ბიჭები კი ათი ძიუდოისტით იყვნენ წარმოდგენილნი. არადა, ფინალში სომხიშვილსაც რომ ემარჯვა ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან, მაშინ გოგონებიც მესამეზე გავიდოდნენ გუნდურში.

ჩილეში ბიჭების ამ ნაკრებიდან ბექაურს და მიხეილ ბახბახაშვილს (66) შანსი ჰქონდათ, მიმდინარე სეზონი დუბლით დაემთავრებინათ - თვე-ნახევრის წინ ორივე ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც ამჯერად მხოლოდ ბექაურმა გაიმეორა. ამდენად, მას უკვე შეგვიძლია, დუბლის გაკეთება მივულოცოთ. ამ ბიჭმა ახლაც ისევე დამაჯერებლად იასპარეზა, როგორც - ევროპის ჩემპიონატზე.

არადა, თავიდან ბოლომდე ძალიან დატვირთული ბადე ჰქონდა: პირველივე წრეში უნგრელთა ევროპული ფესტივალის მესამეპრიზიორი გერგელი ნერპელი, მერე ბრაზილიელი მარსელო გომესი, რუსი არმენ აგაიანი, ნახევარფინალში პოლონელი ადამ სტოდოლსკი და ფინალში სულაც იაპონელი დაიკი ნაკაჰაში, რომელიც ჩინებულად დააიპონა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებური ძალიან თამამად ეჭიდავა მრისხანე აზიელს, საერთოდ არად ჩაუგდია მისი წარმომავლობა და თავიდანვე შეუტია, თავისი სტილი მოახვია თავს. მართალია, მსაჯებმა ჩვეულებას არც აქ უღალატეს და პირველი ბექაური გააფრთხილეს (თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად, რამდენჯერმე ჩვენ სასარგებლოდაც მიიღეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება, ანუ ნამუსს არ უღალატეს), მაგრამ ქართველმა გონს მოსვლა არ აცალა მეტოქეს და შეხვედრის განახლებისთანავე მოგვერდით დაახეთქა ტატამს.

სანტიაგოში გამართული ამ ხუთი პაექრობიდან ბექაურმა სამი მოიგო წმინდად - ბრაზილიელი და პოლონელიც დააიპონა, უნგრელთან და რუსთან კი ქულებით იმარჯვა. ამ ტიტულოვანი და ძლიერი ქვეყნების წარმომადგენელთა კამპანიაში პოლონელი, თითქოს, "ანსამბლიდან ამოვარდნილი" ჩანს, რადგან პოლონეთი არ მიეკუთვნება გრანდებს, მაგრამ სტოდოლსკიმ წლეულს თანატოლთა საერთაშორისო შეჯიბრებებში ყველგან დიდი წარმატებით იჭიდავა, ხოლო ჩილეში ქვეჯგუფში იტალიელთა ევროპის მედალოსანი დაამარცხა. ეგეც არ იყოს, მსოფლიოზე ნახევარფინალში შემთხვევითი ხალხი არ გადის.

ერთი სიტყვით, ბექაურმა ამ წარმატებით ბევრი რამე დაამტკიცა. ის ამ წონას თუ შეინარჩუნებს (და ჯერჯერობით საქმე აქეთკენ მიდის), 73 კილოგრამში დასაყრდენი ფალავანი გვეზრდება.

ტრიპლეტის ზღურბლთან
ბექაურს დუბლის, სომხიშვილს კი სულაც ტრიპლეტის შესრულება შეეძლო: ევროპის ჩემპიონატიც ტრიუმფით მოიგო და - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალიც. ის ჩილეშიც ფავორიტად ჩავიდა და იმიჯს ბოლომდე პირუთვნელად ამართლებდა, მაგრამ, ბედის ირონიით, მის მიზანს ზედ ბოლო წამის წინ ისევ ევროპელი გადაეღობა. კიდევ უფრო დასანანია იმის გახსენება, რომ სომხიშვილმა ვუკოვიჩს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამაჯერებლად აჯობა...

არადა, წინა შეჯიბრებებიდან გამომდინარე, თითქოს სომხიშვილს ევროპაში ტოლ-სწორი კონკურენტი არ ჰყავდა, მაგრამ ეტყობა, ხორვატებმა კარგად შეისწავლეს მისი ჭიდაობა...

ჩილეში საქმე ისე წარიმართა, ჩვენებურს ძირითადად არაევროპელებთან მოუწია ჭიდაობა, რასაც წარმატებით გაართვა თავი: მხოლოდ თავიდან შეხვდა ევროპელს, პოლონელ კინგა ვოლსცზაკს და დააიპონა, მერე კი მეორე წრეში საკმაოდ ძლიერი ბრაზილიელი, პან-ამერიკის ჩემპიონი და ბერლინის ტურნირის გამარჯვებული, ანტალიის შეჯიბრების ფინალისტი ლუიზა კრუზი ილეთზე დააგდო, ნახევარფინალში კი ტუნისელი აბიდი ფატმა მოახსნევინა.

ერთი სიტყვით, ისე ჩანდა, რომ არაევროპელებსაც იოლად უსწორდებოდა, მაგრამ ხორვატმა მომენტით ისარგებლა... გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხიშვილს წელიც სტკიოდა და წასვლამდე ამ ტრავმას მკურნალობდა.

სეზონი აქტივში ეთვლება ჭანტურიასაც, ვინც ევროპის ჩემპიონატი კი ჩააგდო, მაგრამ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმარჯვა, ახლა კი ბრინჯაო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ის ჯგუფში ისევ იმ სერბთა ევროპის ჩემპიონ ანია ობრადოვიჩთან მოხვდა, ვისაც ფესტივალის ფინალში მოუგო, თუმცა ამჯერად მასთან შეხვედრა არ დასცალდა - სერბი მანამდე იაპონელ აიანო იუკისთან დამარცხდა. სწორედ ამ მომავალ ჩემპიონ იაპონელთან წააგო მეოთხედფინალში ჭანტურიამაც მას შემდეგ, რაც მასპინძელი ხავიერა მუნოსი და ამერიკელი ერიკა პაციონე დააიპონა.

ჭანტურიამ დამამშვიდებელშიც იპონებით მოიგო - კოლუმბიელ სინდი მერასა და ჩრდილოკორეელ სუ იონ კიმთან.

ბიჭების მარცხი
ალბათ, ბიჭების ნაკრებისგან ჩილეში ყველა მეტს ელოდა, მაგრამ ეტყობა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ შეძლეს ძალების მობილიზება, სათანადოდ დასვენება და ახალი სტარტისთვის მომზადება. მათგან განსაკუთრებით მოულოდნელი ევროპის ჩემპიონ ბახბახაშვილის, ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულ მიხეილ ბექაურისა (90) და ამ შეჯიბრებების ბრინჯაოსპრიზიორ ლევან ჭელიძის (+90) წაგებები იყო.

სამწუხაროდ, ჩვენი ლიდერები უშანსოდ დამარცხდნენ და ყველაზე დამაფიქრებელიც ეს გარემოებაა - ერთია, როცა ბრძოლაში აგებ და მეორე - ასეთი წაგება. ჩანს, მათ ვერ მოასწრეს დასვენება. განსაკუთრებით - ბექაურმა და ჭელიძემ, რომლებმაც ზემოაღნიშნულ თვე-ნახევარში ორკვირიანი შუალედებით სამივე ტურნირზე იჭიდავეს - ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიურ ფესტივალზე...

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მეშინოდა, გაუძლებდნენ თუ არა ისინი ასეთ ტემპს, მაგრამ ეტყობა, საქმე მარტო ამაშიც არაა - მათი სხვა თანაგუნდელები ხომ ფესტივალისგან ისვენებდნენ, თუმცა ახალი ტურნირისთვის მობილიზება ყველას გაუჭირდა. მართალია, გოგონებმაც სამივე ამ დიდ ტურნირზე იასპარეზეს, მაგრამ რიგი ობიექტური მიზეზების გამო (მაგალითად, შედარებით ნაკლებია კონკურენცია), ისინი უფრო უძლებენ ასეთ დატვირთვას.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუშინ გუნდურში გაცილებით უკეთ იჭიდავეს. მაგალითად, ჭელიძემ იაპონიასთან ანგარიში გაათანაბრა, მანამ კი ბახბახაშვილმა ისევ მოუგო აწ უკვე მსოფლიოს ჩემპიონ რენტო კაცურას.

გუნდური ბრინჯაო
საქართველოს ნაკრებმა ჩილეში გუნდურ ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც კაცნაკლული გუნდისთვის არაა ცუდი შედეგი. თან ჩვენებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთი გმირობაც შემოგვთავაზეს, როცა მეოთხედფინალში თვით იაპონიას მოუგეს. ისინი ნახევარფინალში რუსეთთან დამარცხდნენ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი გერმანიას სძლიეს.

გუნდური შეჯიბრება პირველად ჩატარდა ახალი ფორმატით - შერეული ნაკრებით, რომელშიც 8 მონაწილეა - 4 გოგო და ამდენივე ბიჭი. გოგონების წონებია 44, 52, 63 და +70, ხოლო ბიჭებისა - 55, 66, 81 და +100. თუმცა ჩვენ მხოლოდ 7 ძიუდოისტით გამოვდიოდით, რადგან გოგონებში ერთი მონაწილე არ გვყავდა - 44 კილოგრამში. ამიტომ ყველა გამოსვლას უარყოფითი ბალანსით ვიწყებდით.

ქართველები რომ გუნდურს ბევრად უკეთ ჭიდაობენ, ეს სანტიაგოში კიდევ ერთხელ დამტკიცდა - რამდენიმე ისეთმა ფალავანმა გაიბრწყინა, ვინც პირადი პირველობა ჩააგდო. მაგალითად, მიხეილ ბახბახაშვილმა (66), ვლადიმერ ახალკაცმა (81). გოგონებმაც აქაც გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით - მარიამ ჭანტურიამ (63).

ჩვენმა კაცნაკლულმა გუნდმა პირველ წრეში უპრობლემოდ დაამარცხა იტალია - 6:2, რაც გასაკვირი სულაც არ იყო. აი, ნახევარფინალში კი პატარა გმირობა ჩაიდინეს, სადაც მეტოქედ თვით იაპონია ჰყავდათ. ეს შეხვედრა თავიდან მეტოქემ 3:0 წაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ ფრედ დასრულდა - 4:4, თუმცა ქულების მიხედვით გამარჯვება ჩვენს ნაკრებს დარჩა - 32:25, ვინაიდან ერთით მეტი იპონი გვქონდა.

ამ შეხვედრაში სწორედ ჩვენი იპონები გახდა გადამწყვეტიც და გარდამტეხიც. შესანიშნავი გდებით დაგვამახსოვრა თავი ბახბახაშვილმა, ვინც დგომიდან აიყვანა და ისე გადააგდო მსოფლიოს ჩემპიონი რანტო კაცურა. ასევე შესანიშნავი ბრუნით დაამარცხა მეტოქე ჭანტურიამ (63).

სამწუხაროდ, ნახევარფინალში ჩვენები ვერაფერს გახდნენ რუსეთის გუნდთან და 2:6 წააგეს. სავარაუდოდ, ესეც უფრო გადაღლილობის ბრალია, ეს სენი კი მათ აქაც დაეტყოთ და სხვა შეხვედრებშიც. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იაპონიასთან მოგებას დიდი ძალა შეალიეს.

ჩვენს გუნდს ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც გვარიანი ჯაფა დაადგა გერმანიასთან, თუმცა საბოლოოდ 4:3 მაინც იმარჯვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მძიმეწონოსანმა ალექსი სვიანაძემ დასრულებამდე 10 წამით ადრე გადააგდო კონტრილეთზე მეტოქე და ვაზარი მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დააბრუნეთ ძველი სპორტალი
s
14 აგვისტო 2017 12:59
0
მაგარი და ნიჭიერი თაობა მოდის,აქედან ბევრი დიდი სპორტსმენი გახდება,მაგრამ კიდევ უფრო მეტი შრომა და მუშაობაა საჭირო
QQ
14 აგვისტო 2017 12:56
1
მადლობა ყველას.სპორტსმენებსაც და მწვრთნელებსაც! ამ დღეებში სანაქებოდ გაისარჯნენ.შედეგიც მშვენიერია.ჩვენ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა მაგრამ ეგრე არ ხდება სამწუხაროდ.ამ ახალგაზრდებს მომავალი წინ აქვთ და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ სამშობლოს! მართლაც ღირსეული თაობა გვეზრდება!
gori 2
14 აგვისტო 2017 21:09
1
ეს ტატუნაშვილი არ გეცოდებათ მწვრთნელებს? ტრიაპკად წაიყვანეთ ბავშვი და სამასხარაოდ? თუ მზად არ არის, რა აუცილებელი იყო ამხელა ტურნირზე წაყვანა და სხვებისთვის დასაცინად მიგდება?
დემე
14 აგვისტო 2017 14:27
0
არ ვიცი, ვინ არის სტატიის ავტორი, მაგრამ კარგად კი წერს---ძარღვიანი ქართულით, ისეთი სიტყვებით, დღეს რომ აღარ იხმარება .ასე გააგრძელეთ, თორემ სულ განიორწყლდა ენა
.
ია
16 აგვისტო 2017 08:38
0
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს.
ისე გუნდურის პერეპიტიები წეგეძლოთ უფრო კონკრეტულად განგეხილათ.
ძალიან დრამატული წეხვედრა იყო.
ყველამ მაგრად იმუშავა.
და გადამწყვეტწი სვიანაძემ ძლიერ მეტოქეს დაძაბულ წეხვედრაში ბოლომდე ბრძოლით მოუგო.
Lsd
14 აგვისტო 2017 16:06
0
Baxbaxam kacura kacunasavit abzriala... chanturia saocrebaa
Abc
14 აგვისტო 2017 14:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული