ბოლო რეიტინგი მსოფლიოსთვის - ბუდაპეშტში სამი განთესილი გვეყოლება

AutoSharing Option
28 აგვისტოს ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც 3 სექტემბერს დასრულდება. უპრიანია, მის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგს გადავხედოთ, მით უფრო, რომ დარჩენილ დღეებში უკვე არაფერი შეიცვლება.

სადღეისოდ რეიტინგში არც ისე სახარბიელო პოზიციები გვაქვს, რადგან ოლიმპიადის შემდეგ ნაკრების ძირითადი ბირთვი ძველებური ინტენსივობით არ ჭიდაობდა, ორმა გამოკვეთილმა ლიდერმა კი - ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) და ევროპის სამგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (100), წონა შეიცვალეს, რის გამოც ჯერ განთესილებში არ არიან.

თუმცა ეს მხოლოდ ჩვენებს არ ეხება,
ბევრი უცხოელი ვარსკვლავიც ამ დღეშია. მაგალითად, განთესილებში არაა დაუმარცხებელი ფრანგი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს 8-გზის (!), ევროპის ხუთგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი.

თუმცა მიმდინარე რეიტინგში მაინც გვყავს ლიდერი: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი 60 კილოგრამის ლიდერია, სულ კი განთესილი ფალავანი ორ წონაში გვყავს: ყველაზე მჩატე და ყველაზე მძიმე წონებში, ანუ 60-სა და +100-ში. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე 66-შიც განთესილებში ვიქნებით, რადგან მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთაგან რამდენიმე არ იჭიდავებს, რამაც ვაჟა მარგველაშვილს გაუხსნა გზა.

ჩვენები 73 და 81 კილოგრამებშიც ახლოს არიან განთესილებთან და არაა გამორიცხული, მარგველაშვილის მსგავსად, მათაც გაუმართლოთ. თუმცა განთესვა კარგია, მაგრამ მთავარი მაინც კონკრეტული შეჯიბრებისთვის მომზადებაა - სულაც რეიტინგის პირველი ნომერი იყო, უამისოდ წარმატება მაინც არ გექნება.

შეგახსენებთ განთესვის წესსა და უპირატესობას: რეიტინგში შედის მსოფლიოსა და კონტინენტური ჩემპიონატების, ოლიმპიადის, მასტერსის, "დიდი სლემისა" და "დიდი პრიზის" ტურნირთა შედეგები, სადაც ყოველი ადგილი სათანადო ქულით განისაზღვრება. ერთი წლის შემდეგ სარეიტინგო ქულები ნახევრდება, ორის შემდეგ - საერთოდ ნულდება და მასში ახალი შეჯიბრებების შედეგები შედის.

ტურნირებზე განითესება რეიტინგის 8 მოწინავე ძიუდოისტი, რომლებიც მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან ერთმანეთს. თან, უმეტესად ისინი პირველ წრეში ისვენებენ, ანუ ერთით ნაკლებ შეხვედრას ატარებენ. განთესვა ერთგვარი გათვლების გაკეთების საშუალებასაც იძლევა, ვინ ვის შეიძლება შეხვდეს, რაც მწვრთნელებს გარკვეული საკადრო მანიპულირების შანსს უტოვებს. არაფერს ვამბობთ მატერიალურ მხარეზე: წონების ლიდერებს სეზონის ბოლოს გვარიანი პრემია ელოდებათ, ხოლო მათ შორის საუკეთესო ქალებშიც და ვაჟებშიც ბოლო წლებში 50 ათას დოლარს იღებს.

ვინაიდან განუთესავთა შემთხვევაში წილისყრაზე წინასწარ ლაპარაკი უტოპიაა - ისინი ნებისმიერ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ. ამიტომ ჯერ იმ ორ წონაზე ვისაუბროთ, სადაც ლიდერებში ვართ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქალებში რეიტინგში ბოლო ადგილებზე ვართ.

60 კგ
1. ამირან პაპინაშვილი საქ. 2966
2. ნაოჰისა ტაკატო იაპ. 2700
3. ფრანსისკო გარიგოსი ესპ. 2409
4. ტორუ შიშიმე იაპ. 2230
5. ერიკ ტაკაბატაკე ბრა. 2194

როგორც გითხარით, აქ რეიტინგის ლიდერი პაპინაშვილია, ვისაც კვალში უდგას იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის მესამეპრიზიორი ნაოჰისა ტაკატო. მესამეზე ახალგაზრდა ესპანელი ფრანსისკო გარიგოსია, ვისაც იაპონელი ტორუ შიშიმე და ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე მოსდევენ...

წინასწარი მონაცემებით, იაპონელებს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის მესამეპრიზიორი ტაკატო და რიუჯუ ნაგაიამა მიჰყავთ, შიშიმეს კი სახლში ტოვებენ. მის ნაცვლად განთესილებში მერვე ნომრად სწორედ ნაგაიამა შევა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეცხრეა. დარჩენილ დღეებში თუ კიდევ არ შეიცვალა ვინმე და ეს განლაგება დარჩა, მაშინ მეოთხედფინალში პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქე ნაგაიამაა, ნახევარფინალში - ტაკაბატაკესა და აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპის ორგზის ფინალისტ ორხან საფაროვის წყვილიდან გამოსული...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალამდე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან კაცმა არ იცის, განუთესავთაგან ბრმა წილისყრით ვინ ვისთან მოხვდება.

რა შეიძლება ითქვას პაპინაშვილის ხვედრზე? მას უჭირს აზიელებთან ჭიდაობა, ხოლო იაპონელი ნებისმიერისთვის დამატებითი ბარიერია, თუმცა ჩვენებურს ძალუძს ისეთი სიურპრიზის შემოთავაზება, როგორიც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ტაკატოს დამარცხება იყო.

ვინძლო, ახლაც შეძლოს ნაგაიამასთან გამკლავება, რომელიც ნამდვილად არაა ტაკატოზე ძლიერი, აი, ნახევარფინალში კი უფრო იოლი მეტოქეები ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ საფაროვთან 1:2 აქვს პირადი შეხვედრების ბალანსი (ტაკაბატაკეს ერთხელ შეხვდა და მოუგო). მთავარი ისაა, რომ ჩვენებურს ტაკატო ფინალამდე არ ხვდება...

+100 კგ
1. დავიდ მოურა ბრა. 2820
2. გურამ თუშიშვილი საქ 2060
3. ლუკაშ კრპალეკი ჩეხ. 2002
4. დუურენბაირ ულზიბაიარი მონ. 1931
5. ბარნა ბორი უნგ. 1874
15. ადამ ოქრუაშვილი საქ. 1589
17. ლევან მატიაშვილი საქ. 1446

სადღეისო განლაგებით, ევროპის მოქმედ ჩემპიონ გურამ თუშიშვილს ძალიან კარგი ბადე აქვს: მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ნატეა, ნახევარფინალში - ულზიბაიარსა და ბორს შორის გამარჯვებული. ნატეას ჩვენებური არ შეხვედრია, მაგრამ ის არაა გადაულახავი ზღუდე. ბორს ერთხელ გაეჯიბრა - წლეულს ბაქოს ტურნირის ფინალში და მოუგო. მონღოლთან წაგებული აქვს - წლეულს პარიზში, თუმცა მას შემდეგ ჩვენებურმა ბევრად მოუმატა და არა გვგონია, ახლა იოლად დაუთმოს რამე.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმის გამო ბუდაპეშტში არ იქნება კრპალეკი - თუ ეს დადასტურდა, მაშინ რეიტინგში მერვე ნომრად რინერი შევა, რომელიც ჩვენებურს ფინალამდე არ შეხვდება. სამაგიეროდ, ნატეას ნაცვლად იაპონელი ტაკეში ოჯიტანი ჩაგვიჯდება. თუშიშვილმა პარიზში მასთანაც წააგო, მაგრამ, როგორც გითხარით, ის ახლა სულ სხვა დონეა, თუმცა იაპონელს ნატეა მილიონჯერ სჯობია. მეორე მხრივ, რინერი თუ განუთესავებში დარჩა, ღმერთმა გვაშოროს და შეიძლება პირველივე წრეში დაგვეჯახოს! ისე კი გვგონია, ახლანდელ ოქტეტს არავინ აღარ გამოაკლდება და რინერი განუთესავი დარჩება - იქნებ წილისყრამ გაგვიმართლოს და თუშიშვილს ფინალამდე ბევრად იოლი ბადე ჰქონდეს.

აქვე გეტყვით, რომ განუთესავია მეორე იაპონელი, ოლიმპიადის ფინალისტი ჰისაიოში ჰარასავაც. რაც შეეხება ადამ ოქრუაშვილს, მის შანსებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან "ბრმა" წილისყრაში იქნება.

66 კგ
1. ტალ ფლიკერი ისრ 2586
2. ბაულ ანი კორ. 2480
3. აბდულა აბდულჟალილოვი რუს. 2201
4. ჰიფუმი აბე იაპ. 1900
5. ალტანსუკ დოვდონი მონ. 1896
11. ვაჟა მარგველაშვილი საქ. 1636

ევროპის ჩემპიონი მარგველაშვილი მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზეა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატში არ იჭიდავებენ აბდულჟალილოვი, აბე და სხვები. ამიტომ ჩვენებური ბუდაპეშტში მეშვიდე ნომრად იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კორეელ ანს შეიძლება შეხვდეს. ვერაფერს იტყვი - ძალიან რთული ხვედრია.

ჩვენი ნაკრების დანარჩენი წევრებიც - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ. მე-10 ადგ. რეიტინგში), ზებედა რეხვიაშვილი (81, 13), ბექა ღვინიაშვილი (90, 11), უშანგი მარგიანი (90, 19) და ვალერი ლიპარტელიანი (100, 16) ოქრუაშვილის მსგავს დღეში არიან - ვინ სად შეხვდებათ, წინასწარ ვერავინ იტყვის. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათი განუთესაობა მეტოქეებისთვისაც თავის ტკივილია - დარწმუნებული ვართ, ბევრს არ სურს მათთან ნაადრევად შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ერთხელ მაინც აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფავორიტი წონებია: 90, 100, და მძიმე. თუშიშვილმა თუ იჭიდავა ჭკვიანად, დაფიქრებულად, არ გარისკავს უაზროდ ილეთზე შესვლას, ვფიქრობ მედალი იქნება. ლიპოსაც დიდი შანსი აქვს მედლის-სტაბილური მოჭიდავეა, ასევე ღვინიაშვილს,თუ თავის ჭიდაობას იჭიდავებს შემტევი სტილით, 2 წუთს კარგად ჭიდაობს, 4 უჭირს. დანარჩენები როგორც ტურისტები ისე მიდიან. ჩემი კომენტარი არავის არ უნდა ეწყინოს, გუნდის რეალური სახე ასეთია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო.
ჯ ი ჯ ი
16:11 24-08-2017
1
წარმატებები.
კობა
07:18 25-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული