ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის გამარჯვებული ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებს, ოღონდ - ნაკრებს საჭიროებისას მხოლოდ გუნდურ ტურნირში დაეხმარება, პირად პირველობაში კი არ გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირად-გუნდური ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც ბოლო დღე სწორედ გუნდურ ასპარეზობას დაეთმობა. ის ეროვნულ ნაკრებთა დონეზე პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით - ქალთა და ვაჟთა შერეული გუნდით, რომელშიც ორივე სქესის 3-3 წარმომადგენელი იქნება. ვაჟთა წონებია 73, 90 და +100, ქალებისა - 57, 70 და +78.

პირად პირველობაში ჩვენი
ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის პრიზიორები - ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე - 90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (100), ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ასევე კონტინენტის გამარჯვებული და მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათ გუნდურში ჭრიკიშვილი და ლაშა გიუნაშვილი (73) ემატებიან.

ქალებში პირად პირველობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარიან ჯანაშვილი (57), სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონი ნინო ოძელაშვილიც (70) და ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი ელენე ქებაძე (+78) გამოვლენ, გუნდურში კი მათ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70) დაემატებათ.

გუნდში ტრავმების მხრივ ყველაზე პრობლემური ისევ შავდათუაშვილის მდგომარეობაა, დანარჩენები კი, საბედნიეროდ, ჯანმრთელად არიან. სამწუხაროდ, შავდათუაშვილი ჯერ ისევ ვერ ვარჯიშობს სათანადოდ და გაგლეჯილი მენისკის მქონე ფეხიც ისევ სტკივა. ის ამ დღეებში მხოლოდ ფიზიკურად დაიტვირთა, თუმცა ესეც მხოლოდ სპეციფიკური ვარჯიშებით, ფეხი ძალიან რომ არ დაეტვირთა, ტატამზე კი ვერ შედის. ბუდაპეშტში მას კიდევ დააკვირდებიან და ვარაუდობენ, რომ შეჯიბრებამდე იქ უკვე მოასწრებს ლეიბზე ვარჯიშს. ყოველ შემთხვევაში, გუნდურში მწვრთნელებს მაინც მიჰყავთ სათადარიგო მონაწილე.

ჩვენი გუნდი, თავად სპორტსმენებთან შეთანხმებით და მათი სურვილის გათვალისწინებით, ნაწილ-ნაწილ გაემგზავრება იმის გათვალისწინებით, ვის როდის უწევს ჭიდაობა. ერთადერთი, მხოლოდ ევროპის სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან ვალერი ლიპარტელიანს (100) თავად გამოუთქვამს სურვილი, რომ თავიდანვე წასულიყო და დასწრებოდა მთელ ტურნირს.

პირველი ჯგუფი მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბთან ერთად 26 აგვისტოს, გამთენიისას გაფრინდება უნგრეთში. მასში ლიპარტელიანი და პირველ დღეებში მოჭიდავე ძიუდოისტები: პაპინაშვილი, მარგველაშვილი, შავდათუაშვილი და ჯანაშვილი შედიან.

მომდევნო ჯგუფი 29 აგვისტოს, ასევე გამთენიისას გაფრინდება 81, 90 და 70 კილოგრამების ფალავნებთან ერთად, პრაქტიკულად, ორ დღეში კი მათ გზას მძიმეწონოსნებიც დაადგებიან: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ასევე კონტინენტის გამარჯვებული და მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100) და ელენე ქებაძე (+78).

შეჯიბრება ერთ კვირაზეა გადანაწილებული, სადაც პირველი ოთხი დღე ინდივიდუალურ პირველობაში ორ წონას - ერთს ქალებიდან და ამდენივეს ვაჟებიდან დაეთმობა. თან ასპარეზობას უმჩატესი წონების წარმომადგენლები დაიწყებენ. მაგალითად, 28-ში იჭიდავებენ 60-ის ვაჟები და 48-ის ქალები, 29-ში - 66-ის ვაჟები და 52-ის ქალები და ასე გაგრძელდება 1 სექტემბრამდე, როცა საქმეში უკვე 3 წონა ჩაერთვება: ვაჟებში - 90, ხოლო ქალებში - 70-78 კილოგრამები.

2 სექტემბერსაც ამდენივე წონა იჭიდავებს, მაგრამ უკვე ვაჟებს ეყოლებათ 2 წონა - 100 და +100, ხოლო ქალები მხოლოდ მძიმეში გამოვლენ.

3 სექტემბერი მთლიანად გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტატალაშვილი რატომ არ მიყავთ, ტრაუმა აქვს?
levan
15:39 25-08-2017
0
მომავალში აღარ გვჭირდება ლაშა?გაგლეჯილი მენისკით კაცის გაყვანა როგორ შეიძლება,მაინც და მაინც უნდა დაინვალიდდეს?ცოდვაა ბიჭი,ასე უვარჯიშებელი ვერც ვერაფერს იზავს და თავსაც დაიღუპავს,თუ არა და ერთი მედლის დედა არ ვატირე?იჭიდაოს გიუნაშვილმა,ეგეც კარგი ბიჭიაჭრიკიშვილზეც ეჭვი მეპარება.გამოვიდა მდგომარეობიდან?უარესი არ დავმართოთ.ესენი ხომ ოქროს ბიჭები არიან.
საერთოდ კი ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო და ახლა უკვე გოგოებოც.გამარჯვებით დაგვიბრუნდით.
სოსო
10:13 25-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული