[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს ერთადერთი მოგება დააკლდა მეორე ბრინჯაომდე. არადა, რომ მოეპოვებინა, ეს ლაშა შავდათუაშვილის (73) მორიგი გმირობა იქნებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ, ის დამამშვიდებლის ფინალში დამარცხდა კორეელთა მსოფლიოს პრიზიორ ჩანგრიმ ანთან, ვინც კარიერაში მეორედ მოიპოვა პლანეტის პირველობის ბრინჯაო.

სამაგიეროდ, ჩვენ თამამად შეგვიძლია მსაჯებს მივედავოთ, განსაკუთრებით - იაპონელთან შეხვედრაში, მაგრამ ახლა ეს ვერაფერს შეცვლის. არადა, წარმატების შემთხვევაში, შავდათუაშვილი მსოფლიოს პირველობაზე პირველად მოიპოვებდა მედალს. თან ეს მისთვის ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან რაც მან აქ გააკეთა, თუნდაც ეს მეხუთე
ადგილი, სპორტული გმირობაა. ასეთი ფეხის პატრონმა ბოლო ორი შეხვედრა 7 წუთზე მეტხანს იჭიდავა და მაინც უმედლოდ დარჩა. თურმე თვითონ აქეთ უბოდიშებდა ექიმებს და მწვრთნელებს, ამდენი შრომა წყალში ჩაგიყარეთო...

შავდათუაშვილი ბუდაპეშტში ტრავმირებული რომ წამოვიდა, მკითხველმა იცის, ხოლო გუშინწინ გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა მითხრა, რომ ერთბაშად ოთხი გამაყუჩებლით, ყველა მხრიდან ბლოკირებას გაუკეთებდა და ისე აჭიდავებდა. საბოლოოდ თურმე ამასაც არ დასჯერდა და 6 ნემსი გაუკეთა.

დამკრძალავი ბიურო
ყველაზე საკამათო ეპიზოდი ქართველის გაფრთხილებებით მოხსნა იყო მეოთხედფინალში იაპონელთა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ სოიჩი ჰაშიმოტოსთან. აქ მსაჯმა პირველი გაფრთხილება რატომღაც ქართველს მისცა, ამის შემდეგ კი ორივეს აფრთხილებდა, რამაც ჩვენებურის მოხსნა გამოიწვია.

ცოტა გაუგებარია, რატომ გააფრთხილეს შავდათუაშვილი პირველად, თუმცა, მე თუ მკითხავთ, იაპონელი არც მომდევნო ეპიზოდებში ყოფილა მასზე აქტიური. უბრალოდ, მსაჯი ორივეს გაფრთხილებით "პირს იბანდა" სიმართლის წინაშე, ისე კი, კულუარებში ამბობენ, რომ ეს არბიტრი ეგრეთ წოდებული "დამკრძალავი ბიუროს" წევრია, ასე კი იმათ ეძახიან, ვისაც ზემდგომნი კონკრეტული შეხვედრების "გასაფუჭებლად" იყენებენ. სადაც ეგ შედის, აუცილებლად მიკერძოებულად უნდა იმსაჯოსო, ამასაც ამბობენ.

პროტესტი
ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ მსაჯთა კომიტეტს მაშინვე სთხოვა ამ შეხვედრის ვიდეოფირის ნახვა, რაც დააკმაყოფილეს და მართლაც გადაახვიეს, მაგრამ ეს არაფორმალური განხილვა იყო (ძიუდოში პროტესტი ცოტა სხვანაირად ხდება) და თან, რაც ყველაზე ცუდია, შედეგი არ იცვლება, დიდი-დიდი, მსაჯი დასაჯონ.

თუმცა ამ შემთხვევაში მსაჯთა უფროსობა მაინც თავისაზე იდგა და საკუთარ კოლეგას იცავდა...

შეიძლება, დამამშვიდებლის ფინალზეც ვიყოთ უკმაყოფილონი, რომ დამატებითში ანი არ გააფრთხილეს, მაგრამ აქ პრეტენზიები ნაკლებად რეალურია. არადა, ფეხმტკივანმა შავდათუაშვილმა ქულა მასაც აუღო, მანამდე კი კიდევ ერთი პატარა გმირობა ჩაიდინა, როცა დამამშვიდებელში რუსი დენის იარცევი კიდევ ერთხელ დაამარცხა და პირადი შეხვედრების ანგარიში გაუთანაბრა: 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისე, არბიტრს თითქოს ამ შეხვედრაშიც დაფიცებული ჰქონდა, არ გაეფრთხილებინა რუსი, თორემ ქართველს 7-წუთნახევრიანი ჭიდაობა და უარესად გადაღლა არ მოუწევდა.

შავდათუაშვილის გამარჯვებები
შავდათუაშვილის და მისი ქომაგებისთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იყო პირველი შეხვედრა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან, თუმცა ჩვენებურმა აკადემიურად იჭიდავა და მეოთხედ მოუგო მას - გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ზოგადად, აკადემიურობა და პრაგმატიზმი შავდათუაშვილს გუშინ ყოველთვის ეტყობოდა, რაც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირიც არაა. ის ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებდა და მანქანასავით ზუსტი იყო დაცვაში. თუმცა ორჯერ კარგი გდებაც გააკეთა: გამბიელი ფაიე ნჯიე ჰაერში ასწია და ბრუნით დააწყვიტა ტატამს, სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი კი იპონზე გადააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ შეხვედრის შემდეგ პრესცენტრში დაბრუნებული უშუალოდ გავხდი წინ მსხდომი სლოვენიელი კოლეგების გაწბილების მომსწრე.

ჯანაშვილის მარცხი
გუშინ ქალებში მარიამ ჯანაშვილმაც (57) იჭიდავა, მაგრამ პირველივე შეხვედრა დათმო კანადელ კატერინე ბაუჩემინ-პინარდთან.

იაპონია - მსოფლიოს დილემა
ზოგადად, სატურნირო ამბებს რაც შეეხება, მსოფლიოს ახალი დილემა იაპონელთა შეჩერებაა: მხოლოდ გუშინ დაკარგეს ერთი ოქრო, სამი დღის შემდეგ კი მათ აქტივში ორივე სქესის ფალავანთა შორის 6-დან 5 ოქროა, რასაც ორი ვერცხლი და 1 ბრინჯაოც ემატება. დღემდე ნაჭიდავები 9 ფალავნიდან მხოლოდ ერთი დაურჩათ ხელცარიელი - რიუჯუ ნაგაიამა, რვამ კი მედალი მოიპოვა!

არადა, ქალებშიც და ვაჟებშიც მათ ჯერ კიდევ ისეთი ათლეტები ჰყავთ დარჩენილი... შეიძლება ითქვას, მსოფლიო რიდით შეჰყურებს, როგორი ტემპებით ემზადებიან ისინი 2020 წლის საშინაო თამაშებისთვის!

იაპონელთა ძლევამოსილი სვლა ჯერ მხოლოდ ქალებმა შეაჩერეს - გუშინ 57 კილოგრამის ფინალში მონღოლმა ოლიმპიადის ფინალისტმა სუმია დორჯსურენმა დამატებით დროში იაპონელი ცუკასა იოშიდა დაამარცხა. ისე, ამ შეხვედრას მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმაა ბატულგაც ესწრებოდა, რომელიც ჯერაც ბუდაპეშტშია, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით, ამან რამდენად იქონია გავლენა შეხვედრის საბოლოო შედეგზე.

კვარცხლბეკი
73 კგ
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია); 2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი); 3. ჩანგრიმ ანი (კორეა), ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი); 5. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო).

57 კგ
1. სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი); 2. ცუკასა იოშიდა (იაპონია); 3. ჰელენე რეცევე (საფრანგეთი), ნეკოდა სმირ-დევისი (ბრიტანეთი).

მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეს ყავთ ნაგასე და მერე ფაფუ ოქრო, მსაჯები კი არა ვიზერიც რომ დაეხმაროთ
zviadi
13:03 31-08-2017
0
ასე თუ მიეხმარნენ მსაჯები ეგ იაპონელების დილემა სულ იქნება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული