საზოგადოებას გააცნეს ახალი წესები და აუხსნეს ნიუანსები, რომლებიც ამ წესების ცვლილებას ახლავს თან.
სემინარს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე და მერაბ ლოსეურაშვილიც ესწრებოდნენ.
მათ გადაეცათ ბუკლეტები და განმარტებითი ბარათები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ცვლილება.
მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც უახლოეს ტურნირებში ძალაში შევა.
- ორი ვაზარი იპონია.
- დამატებით დროში შიდო არ იგებს.
- იკრძალება დგომიდან მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების წამოწყება და გაკეთება.
ასევე იკრძალება მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთის ქვეჭიდში შესრულებისას წამოდგომა და ილეთის გაგრძელება დგომში. იმ საბაბით, რომ ქვეჭიდში სპორტსმენს რამდენიმე ოფცია აქვს - შეუძლია გადატრიალდეს, თავი დაიძვრინოს, ანაც დანებდეს ხელის დარტყმით. დგომში კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რაც ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას. ამ შემთხვევაში შეხვედრა შეჩერდება, სასჯელის გარეშე.
- დასაშვები ხდება ქვეჭიდიდან წამოდგომა და დინამიკაში შედეგიანი გდების შესრულება.
- ილეთი - კონტრილეთი
თუ ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ორივე წავიდა ტატამისკენ, იმისათვის, რომ კონტრილეთის შემსრულებელ სპორტსმენს გდება შეუფასდეს, იგი არ უნდა დავარდეს ზურგზე.
ეს რეგულაცია ეხება მხოლოდ კონტრილეთის შესრულების შემთხვევებს.
ყველა სხვა შემთხვევაში ე.წ. თვითშეწირვის ილეთის შესრულებისას ( Tomoe nage, Ura nage, Sumi gaeshi და სხვა), რომლებიც კეთდება ზურგის გამოყენებით, არაფერი შეცვლილა და ბუნებრივია, წარმატებული გდება ჩაითვლება.
- ქვეჭიდში ფეხის გაჭიმვა აკრძალულია
აღწერილ პოზიციაში დასაშვებია ხელის მოკიდება ფეხზე მუხლის სახსარში. მუხლს ქვემოთ კოჭის მიმართულებით ხელის მოკიდება და მეტოქის ფეხის გაჭიმვა ისჯება შიდოთი.
ძირითადი ან მეორადი ნებისმიერი მტკივნეული ილეთი ფეხის სახსრებზე დასჯადია.
- ორმაგი ჰანსოკუმაკე
ამ წესის შემოღების მიზანია - სპორტსმენები არ იყვნენ პასიურნი და გრძნობდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესაძლებლობა არსებობს.
თუ ასეთი შემთხვევა ტურნირის პირველ, მეორე ან მესამე წრეში მოხდა, ორივე ძიუდოისტი იხსნება ტურნირიდან.
მეოთხედფინალის შემთხვევაში ორივე გავა მე-7 ადგილზე და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეშვიდეადგილოსანი.
ნახევარფინალში თუ მოიხსნებიან, ორივე დაიკავებს მე-5 ადგილს და იმ კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეხუთეადგილოსანი.
ფინალური შეხვედრის შემთხვევაში ორივე მიიღებს ვერცხლის მედალს.
- დათვის ჩავლება ( Bear hug )
მოქმედება რომ ლეგალურად ჩაითვალოს, აუცილებელია, შემტევ სპორტსმენს აღებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჩავლება. ხელის მიდება საკმარისი არ არის.
დასაშვებია რეალური ჩავლების აღებისთანავე მომენტალურად ხელების შემოხვევა და გდების შესრულება.
- მკაცრდება ამუნიციის კონტროლი. გარდა სახელოების სიგრძისა, შემოწმდება ასევე კიმონოს სიგრძეც.
- ხიდი შიდო-ჰანსოკუმაკე
თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად იყენებს თავს, ტრიალდება თავზე, ცვლის მიმართულების კუთხეს და ეცემა გვერდზე ან მუცელზე, შეხვედრა ჩერდება, მეტოქეს უფიქსირდება სუფთა გამარჯვება, ხოლო აღნიშნული სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან - ჰანსოკუმაკე.
მკაცრდება გაფრთხილებები არატრადიციულ ჩავლებებზე (ცალმხრივი, ჯვარედინი, ქამრის, "პისტოლეტის", ჯიბის, თითების სახელოში შეყოფით). ამიერიდან, მსგავსი ჩავლების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი შეტევა.
ასევე განხილულ იქნა შემთხვევები, თუ როდის შეიძლება ძიუდოისტს მიეცეს გაფრთხილება მეტოქეზე არალეგალურად მიწოლისა და ტატამიდან გაყვანის შემთხვევაში, როდის შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ჩახვეული ფეხის არალეგალურად გამოყების შემთხვევაში და ა. შ.
ზოგადად, კანონმდებლები შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული, და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი არ არის - შემტევი ძიუდოისტი მიიღებს გაფრთხილებას - შიდო.
- თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველია, მაშინ შემტევი ძიუდოისტი იღებს დისკვალიფიკაციას - ჰანსოკუმაკე და იხსნება შეჯიბრიდან.
IJF-ის ოფიციოზის თქმით, განვითარებაზე მუდმივი ფიქრი და წესებში ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ძიუდო გახდეს ადვილად გასაგები და აღსაქმელი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში.
არაფერი ემუქრება ძიუდოს პრინციპებს, თუმცა წესები, ისევე, როგორ სპორტის მრავალ სახეობაში, განიცდის მუდმივ პროგრესს და ცვლას ისევ და ისევ ჭიდაობის ამ ლამაზი სახეობის სასიკეთოდ.
შეცვლილ წესებს, ისევე, როგორც მთელი გასული წლის მანძილზე, ახლაც დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში კვლავაც იქნება ცვლილებები.
- წესებში ცვლილებები დაამუშავა ირაკლი ხმელიძემ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის, ვლადიმერ ნუცუბიძის რედაქტირებით.