ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

AutoSharing Option
  • ევროპის ჩემპიონატის მერე ძიუდოს გარეშე ვიყავით
  • საბედნიეროდ ეს პერიოდი, სრულდება - ზაგრების გრან პრიზე
  • 9 ქართველი გამოდის
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი შვეიცარიელით იწყებს

დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იწყება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო გრან პრის მორიგი ტურნირი, რომელშიც ცხრა ქართველი სპორტსმენიც მიიღებს მონაწილეობას.

ლაშა ჩადუნელი (60) პირველ წრეში უკრაინელ არტემ ლესიუკს ეჭიდავება, ამათში მოგებულს კი თურქთა ქართველი ევროპის ფინალისტი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი) ელოდება.

66-ში თორნიკე ნაგლიაშვილი პირველ პაექრობას ამერიკელ რაიან ვარგასთან გამართავს, მოგების შემთხვევაში კი ირლანდიელ ნათან ბერნსსა და ზამბიელ მათეუს პუნზას შორის
მოგებულს დაეჭიდება.

73 კილოგრამში მონაწილე არა გვყავს, 81-ში კი ჩვენგან ორი ფალავანი ჭიდაობს და ორივე პირველივე წრეში ჩაებმება შეჯიბრებაში. კობა მჭედლიშვილი მოლდოველ ნიკონ ზაბოროსციუცს გაეჯიბრება, თამაზ კირაკოზაშვილი - ისლანდიელ ლოგი ჰარალდსონს. მოგების შემთხვევაში მჭედლიშვილს არცთუ ხელსაყრელი პერსპექტივა უჩანს - შესაძლოა, მისი მეტოქე საკმაოდ ძლიერი ბულგარელი ივაილო იორდანოვი იყოს, ოღონდ, ამან მანამდე ბრაზილიელი ჟოაო მაშედო უნდა დაამარცხოს, კირაკოზაშვილს კი ტაჯიკი კარომატულო ხაკიმოვი ელოდება.

90 კილოგრამში წილისყრამ ნამდვილად არ გაუმართლა გიორგი პაპუნაშვილს - პირველივე წრეში კუბელ მსოფლიოს ექსჩემპიონ ეშლი გონსალესს ჩვენებური თუ მოუგებს, ეს უკვე მისი ვაჟკაცობა იქნება. ამ შემთხვევაში მეტოქედ იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და პორტუგალიელ ტიაგო როდრიგესს შორის უძლიერესი ეყოლება.

ამავე წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი და ევროპის სამგზის გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ შეხვედრას შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსთან ჩაატარებს. ამათში მოგებულს მომდევნო წრეში მეტოქედ ამერიკელ კოლტონ ბრაუნსა და საუდის არაბეთის მოლდოველ ევროპის მედალოსან სერგიუ ტომას შორის მოგებული ეყოლება.

ლაშა ტაველური (100) პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი მეტოქედ ბოსნიელ ჰადის რამიჩსა და სლოვაკ მატეი ჰაიას შორის უძლიერესი ეყოლება.

დაბოლოს, მძიმე წონა, სადაც ისევ ორი ფალავანი გვყავს. ევროპის ექსჩემპიონი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ჩილელი ფრანსისკო სოლისი ელოდება. ამავე ჯგუფში ჩვენთვის საინტერესო მეორე წყვილს სერბი ზარკო გულუმი და უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი ქმნიან - მათ შორის გამარჯვებულის გზა იკვეთება თუშიშვილთან.

პირველ წრეში გიორგი ქავთარაძეც ისვენებს, ვინც მეორეში ამერიკელ აიაქს ტადეჰარას ხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ივაილო იორდანოვი ვინ არის? :) :)
fraternity
10:08 30-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული