თუშიშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა, არადა აქამდე მას 3-ჯერ შეხვდა და ერთხელაც არ წაუგია. თუშიშვილი ამ ტურნირს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.
აქამდე თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.
მეოთხედფინალში ქართველმა
ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.
პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი ილეთით დააიპონა.
მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთო ჯამში 2 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 1 ბრინჯაო, რაც წინა მსოფლიოსთან შედარებით უარესი შედეგია. ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 1 ვერცლი და 1 ბრინჯაო.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60) გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ (81) მოიპოვა.