18 ოქტომბერს მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონები ლაშა ბექაური (90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) გახდნენ, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ლაშა ბექაურმა ფინალში უნგრელი როლანდ გოზი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მან გადამწყვეტ ბრძოლამდე კორეელ იუეპ ჰანს, არგენტინელ მარიანო კოტო-ბერსიერს, უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს და იაპონელ კოსუკე მაშაიამას მოუგო.
ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.
ახალკაცმა ფინალამდე მოლდოველი კატალინ
მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენციბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იაპონელ დაისუკე ტაკიეშს, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე გიგა აბუაშვილს და უზბეკ ჯალოლიდინ კურბონმუროდოვს მოუგო, ნახევარფინალი კარაპერტიანთან დათმო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ფატიევი დაამარცხა.
მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) მაროკოელი ოულაია ჰაირი, ვენესუელელი ელიანა აგილარი და უზბეკი შოხისტა ნაზაროვა დაამარცხა, შემდეგ ნახევარფინალი იაპონელ მამი ასაჰიშთან, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი ფრანგ მორგან ფერეოლთან წააგო.
17 ოქტომბერს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.