ხაბარელზე, სწავლაზე, ძიუდოზე - ინტერვიუ ქართველ ჩემპიონ გოგონასთან

AutoSharing Option
ძიუდოს სამყაროში ყველაზე პოპულარულმა გამოცემა judoinside.com-მა ქართველ ძიუდოისტ გოგონა ეთერ ლიპარტელიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

-როცა სახელსა და გვარ ეთერ ლიპარტელიანს გაიგონებენ, ხალხი პირველ რიგში ამბობს: "ის ვარლამ ლიპარტელიანის და არის თუ ბიძაშვილი?" რა კავშირია თქვენ შორის?
-ჰაჰ, სავსებით ნორმალური რეაქციაა, თუმცა მე და ვარლამს პირდაპირი ნათესავური კავშირი არ გვაქვს, მიუხედავად ამისა საკმაოდ კარგად ვეწყობით ერთმანეთს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენს მხარეში, სვანეთში საკმაოდ ბევრი ლიპარტელიანია.

-1990-იან წლებში კიდევ ერთი ცნობილი სახე იყო - სოსო ლიპარტელიანი. არც მასთან
გაქვს რამე კავშირი?
-დიახ, ის ბიძად მეკუთვნის. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ძალიან ბევრი რჩევა მომცა წლების განმავლობაში, სოსოს ძალიან მადლობელი ვარ.

-სახელ ეთერს რამე მნიშვნელობა აქვს?
-დიახ, ის ვარსკვლავს ნიშნავს. '

-ანუ, გამოდის, რომ ვარსკლავი ხართ?
-ჩემი აზრით, თავად უნდა გჯეროდეს ვარსკვლავობის, რომ შეძლო და მართლა გახდე. ვიტყვი, რომ პატარა ვარსკვლავი ვარ, რომელსაც იმედი აქვს, რომ ოდესღაც კაშკაშა გახდება.

-როგორც წესი, ძიუდო ქართველ გოგონებში პოპულარული არასდროს ყოფილა. რამდენი წლისამ დაიწყე ვარჯიში ამ სპორტში და მშობლებს სურდათ, რომ ძიუდოისტი გამოსულიყავი?
-ძიუდოზე 8 წლის ასაკში შევედი. ძალიან ენერგიული და აქტიური ბავშვი ვიყავი. თოჯინები და გოგოშკური რაღაცები არასდროს მიყვარდა. უფრო მეტად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი.

აქედან გამომდინარე, ჩემნაირი ადამიანისთვის ძიუდო ბუნებრივი გადაწყვეტილება გამოდის. დედაჩემს ეს იდეა დიდად არ იზიდავდა, თუმცა მამას განსხავებული აზრი ჰქონდა. მისი აზრით, ძიუდო ჩემთვის შესაფერისი სპორტი იყო.

-ადრეულ ასაკიდანვე ფიქრობდი, რომ საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევა შეგეძლო?
-იმ დროს საქართველოში ქალების ძიუდო არც ისე პოპულარული იყო და არც კი ვიცოდი, რომ ქალ ძიუდოისტებს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარდგენის საშუალება ჰქონდათ.

უბრალოდ მიყვარდა ძუდო, ბიჭებთან ერთად ჭდაობა. სწორედ ბიჭების წინააღმდეგ შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას და მედლის გარეშე არასდროს დავრჩენილვარ. ასე რომ, ვიცოდი, ამ სპორტში საკმაოდ კარგი ვიყავი.

-მართალია, რომ ძიუდოს გამო თბილისში მცირე ასაკში გადახვედი?
-10 წლის რომ გავხდი, ძიუდო მხოლოდ გასართობი არ იყო და სერიოზულად მინდოდა გავყოლოდი. სადაც ვცხოვრობდი, იქ სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ასე რომ ბიძაჩემმა, მალხაზმა თავის სახლში, რუსთავში წამიყვანა, იქიდან თბილისი არც ისე შორსაა და მას შემდეგ ვვარჯიშობ დედაქალაქში.

ადრე რუსთავიდან დავიდოდი თბილისში, ახლა კი კარგი შედეგების გამო უფრო მეტი დაფინანსება მოვიპოვე და ბინის დაქირავების საშუალებაც მაქვს. ეს კი დიდ შეღავათს მაძლევს, რადგან მიმოსვლისთვის საჯარო ტრანსპორტს ვიყენებდი და საათნახევარი მაინც მჭირდებოდა თითო გზაზე.

-საიდან მოდის ეს დაფინანსება?
-სპორტის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციიდან. ისინი მიდგანან გვერდში. ადრე ყურადღების ცენტრში კაცების ძიუდო იყო, თუმცა ბოლო წლებში ჩვენი კარგი შედეგების გამო გვაქცევენ ყურადღებას.

-კარანტინის დროს თბილისში ხარ თუ სახლში დაბრუნდი?
-სახლში დავბრუნდი, სვანეთში. მშობლებთან, ორ დასა და ძმასთან ერთად ვარ. ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობ, ასევე ჩემს უმცროს დას, თამარს ძიუდოში ვავარჯიშებ. უფროს დედამამიშვილებს არ აინტერესებთ.

-მხოლოდ ამით ხართ დაკავებული?
-არა, ძირითად დროს სწავლას ვუთმობ. საქარველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ძიუდოს გამო ცოტა მიჭირს საკმარისი დროის გამონახვა, თუმცა მაინც ვახერხებ.

ჩემი აზრით, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში გაგებით ეკიდებიან ჩემს მდგომარეობას და უფრო მეტ დროს მაძლევენ. იციან, რამდენად ბევრს ვვარჯიშობ.

-თბილისში სპარინგისათვის არის ბევრი ძლიერი გოგონა?
-სამწუხაროდ არა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, სიტუაცია შეიცვალა, ძიუდო მაინც არ არის პოპულარული გოგონებში. ძირითადად, ბიჭებთან ერთად მიწევს ვარჯიში.

-შენ უნიკალური გდებით გამოირჩევი, ის თითქოს ძალიან ქართულია, თუმცა სხვა ქართველი ძიუდოისტები არ იყენებენ. რას ეძახით ამ ტექნიკას?
-ჩემთვის ის "ხაბარელი" არის, ან როგორც იაპონელები უწოდებენ "ობი-ტორი-გაეში". ბავშვობიდან მიყვარს ამ გდების გაკეთება. სწორედ შოთა ხაბარელმა მიბიძგა აქითკენ, ის იმდენად დახვეწილად აკეთებდა მას...

-ძალიან ბევრი ქართველია დაკავებული ქართული ჭიდაობით. ის თქვენი ტრადიციული ფორმაა? პირადად თქვენც ხომ არ მისდევთ მას?
-დიახ, ბავშვობიდან ქართული ჭიდაობით ვიყავი დაკავებული. ჭიდაობის ქართული სტილი ისაა, რომელიც მე ყოველთვის მიზიდავდა.

-ახალგაზრდებში ძალიან წარმატებული კარიერა გქონდა. ახლა კი უფროსებში გადახვედი. როგორი იყო ეს პროცესი?
-ძალიან განსხვავებული. უფროსები უფრო მეტად მოტივირებული და ძლიერები არიან. ასე რომ ვიცი, წარსულში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ამ დონეზე მედლები მოგება ადვილი არ იქნება. ძალიან ბევრი მუშაობა მომიწევს საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად. ყველა ვერ ახერხებს ახალგაზრდებიდან ზრდასრულებში წარმატებულად გადასვლას, მე კი ძალიან მოტივირებული ვარ.

-რას ნიშნავს ძიუდო თქვენთვის?
-პირველ რიგში, ძუდომ ბრძოლის საშუალება მომცა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დამეხმარა მე, გავმხდარიყავი უფრო ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად, მან დისციპლინა მასწავლა. ძიუდო ჩემი ცხოვრების წესი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მუდამ გამარჯვებული გამოყოფს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
21:37 10-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული