პრაღაში დღეს სრულდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ვაჟთა შორის მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც საქართველო ოთხი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.
90 კგ-მდე ბექა ღვინიაშვილმა ჯერ ებრაელ ბლონდალს, შემდეგ პოლონელ შზეპნიაკს, ხოლო მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ვან ტ ენდს მოუგო, თანაც სამივეს წმინდად და უშანსოდ. ნახევარფინალში ბექას მეტოქედ გამოცდილი სერბი ნემანია მაიდოვი ხვდა და ორთაბრძოლის ბოლო წამებზე ვაზარით დამარცხდა. მესამე ადგილისათვის ღვინიაშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იქნება.
100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანმა ბერძენი მალიაროპულოსი და გერმანელი ფრეი წმინდად დაამარცხა,
+100 კგ-ში ლევან მათიაშვილი და გურამ თუშიშვილი ასპარეზობდნენ. ლევანმა 3-3 გაფრთხილებით ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ნიდერლანდელი მაიერი და ებრაელი სასონი დაამარცხა, ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა და ორი ვაზარით წააგო.
გურამ თუშიშვილმაც ნახევარფინალამდე ორი გამარჯვება მოიპოვა, ორივე წმინდად, ჯერ რუმინელ კუნსაბოსთან, შემდეგ ნიდერლანდელ სპიიკერსთან და მეტოქედ ნახევარფინალში მასაც რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი ხვდა, რომლის ფანდს წამოეგო და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისათვის თუშიშვილი ჩეხ კრპალეკს, ხოლო მათიაშვილი ავსტრიელ ჰეგის შეეტოქება.