მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს რომში ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებნენ.

შეჯიბრებაში წარმატებული სტარტი აიღო რევაზ ლაშხის დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა: გუშინ გამართული ხუთი წონიდან ჩვენები სამის ნახევარფინალში გავიდნენ, მთლიანობაში კი მედლისთვის ბრძოლას ოთხი ფალავანი აგრძელებს.

მათგან ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროსთვის ერთი იჭიდავებს - თემურ ჭკუასელიძე (87). ლერი აბულაძე (63) და ბექა მაკარიძე (130) ნახევარფინალში დამარცხდნენ და დამამშვიდებლის ფინალში არიან, ხოლო ბექა გურული (77) სანუგეშო წრეში აგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

ჭკუასელიძეს ლაშხი იმთავითვე ძალიან ემადლიერებოდა და თურმე, არცთუ უსაფუძვლოდ: ნახევარფინალში
ულამაზესი ფანდით, თავზე გადახტომით ბოლო წამს დაამარცხა რუსი საიდ მაგომედ აბუბაქაროვი და ხვალ ფინალში უნგრელ ალექს ჟოკეს შეხვდება.

ბორჯომელი ათლეტი ფინალამდეც დამაჯერებლად მივიდა: შვეიცარიელი რამონ ბეჩარტი - 5:0; სერბი ბორის პეტრუსიჩი სუფთად, 8:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რაც გააკეთა, უკვე გითხარით. შეიძლება ითქვას, იმ შეხვედრაში ახალგაზრდა ათლეტი მეტოქესთან ერთად საკუთარ თავსაც გადაახტა, ისეთი შეხვედრა ამოქაჩა და 12:9 მოიგო.

ხულოელი აბულაძე ნახევარფინალში ბელორუს მაქსიმ ნეჰოდასთან 2:7 დამარცხდა, მანამდე კი აქტივში ორი შეხვედრა მიითვალა და ორივე - დიდი ანგარიშით: აზერბაიჯანელ კამრან მირზალიევთან 8:1 და თურქ აბდულა ტოპრაკთან - 11:1. ბრინჯაოსთვის დასკვნით პაექრობაში მისი მეტოქე ესტონელ დენის ბოლუნოვსა და რუს ემილ ზიგანშინს შორის გამარჯვებული იქნება.

თერჯოლელმა მაკარიძემ ის ერთადერთი პაექრობა გერმანელ ფრანც რიხტერთან დათმო: 2:8. მას თავდაპირველად ბულგარელი იგნატ მილენოვი არ გამოუცხადდა, მეოთხედფინალში კი თურქ იაკუპ ერლიქაიას 7:1 მოუგო. დამამშვიდებლის ფინალში მისი მოცილე უკრაინელი ალექსანდრ იევდოკიმოვი ან რუმინელი ლენარდ ბერეი იქნებიან.

რუსთაველი გურული მერვედფინალში ბულგარელ ზაჰარი ზაშევთან დამარცხდა - 3:4, მანამდე კი ფინელ ვალტერ ლატვალას 10:2 მოუგო. დამამშვიდებელში მისი პირველი მეტოქე ჩეხი დავიდ პრუსა იქნება.

გუშინ ჩვენგან რამაზ სილაგავაც (55) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში რუმინელ ფლორინ ტიტასთან 4:5 დამარცხდა და რაკი რუმინელმაც მალევე წააგო, ჩემპიონატსაც გამოეთიშა.

დღეს იჭიდავებენ
"მარადიულ ქალაქში" დღეს ევროპირველობაში მორიგი ხუთეული ჩაებმება. ჩვენგან ირაკლი ძიმისტარაშვილი (60), ჯონი ხეცურიანი (67), ნიკოლოზ ჭიკაიძე (72), აივენგო რიკაძე (82) და ლუკა ხუციშვილი (97) იასპარეზებენ.

ძიმისტარაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზევე ძლიერი კონკურენტი ერგო - რუსი აბუ მუსლიმ ამაევი. მოგების შემთხვევაში ჩვენებური ბერძენ კირიაკოს ზურნაციდისსა და პოლონელ სებასტიან ნოვიცკის შორის უძლიერესს შეხვდება.

ხეცურიანი საკვალიფიკაციოში თავისუფალია, პირველ პაექრობას კი ფინელ ელმერ მატილასთან ჩაატარებს. ჭიკაიძე საკვალიფიკაციოში პოლონელ გევორქ გრიგორიანს დაეჭიდება. ჭკუასელიძის დარად, ჩვენი გუნდის კიდევ ერთი გამოკვეთილი ლიდერი რიკაძე პირველ შეხვედრას ხორვატ კარლო კოდრიჩთან გამართავს. ხუციშვილი მერვედფინალში რუს არტურ სარქისიანს დაეჭიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
)))) ეგ რა იყო ნეტავ აა...იმას რომ ჭიდაობა შეაუძულა უკვე მგონი უეჭველია...და თვოთონ ხომ ჩემპიონთა ჩემპიონია რა ...უბრალოფ ყველაზე მოსაწყენი ჭიდაობა გადააქცია სანახაობად ...უფალი გფარავდეთ და მადლობაა....!!!
auee
31 ივლისი 2018 11:32
0
მართლა შოუ დადგა ჩვენმა ფალავანმა.
B-52
31 ივლისი 2018 13:08
0
ძალიან მაგარი ბრძოლა ყოფილა,დასასრული კი კინოსათვისაც გამოდგება.ის კი სასიხარულოა,რომ კლასიკური ჭიდაობა თამდათან ისევ სანახაობრივი ხდება.ერთი პერიოდი ყურებაც კი შევწყვიტე,იმ საზიზღრობის საყურებლად,ნერვები აღარ მყოფნიდა.კიდევ ერთი საკითხავი კი ისაა,სტრიმს რატომ არ უჩვენებთ,დავიჯერო არ არის?
სოსო
31 ივლისი 2018 19:08
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული