ევროპის ჩემპიონი თემურ ჭკუასელიძე (87) გახდა, მესამეზე კი ლერი აბულაძე (63) და ბექა გურული (77) გავიდნენ.
ამას წინ უსწრებდა წინასწარი შეხვედრები "მეორე ხუთეულის", ანუ იმ წონებში, რომლებიც გუშინ ჩაებნენ ჩემპიონატში. ჩვენებმა იქაც წარმატებით იასპარეზეს და ხალიჩაზე გასული 5-ვე ფალავანი ინარჩუნებს მედლის მოპოვების შანსს - 1 ოქროს და 4 ბრინჯაოსას.
დღეს, 20 საათიდან
გუშინვე ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში ბექა მაკარიძე (130) დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.
როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი ფინალური ბლოკი, ერთი რამ ცხადია: გუნდის 10 წევრიდან 9-მ მედლისთვის იჭიდავა, რაც ფრიად საყურადღებო შედეგია. აქვე ამ გუნდის შარშანდელ გამოსვლასაც შეგახსენებთ, ოღონდ მაშინ 8 წონა იყო და სოსო ჯაბიძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე 8-ვემ მედალი მოიპოვა. თუმცა ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელებისთვის" წარმატება ნამდვილად არაა უცხო ხილი.
მარტო ის რად ღირს, რომ 2015-16 წლებში ამ გუნდს ამჟამად უზბეკთა მთავარ მწვრთნელად მოვლენილი ზაზა სილაგაძის ხელმძღვანელობით მსოფლიოს პირველობიდან ოქროების ნახევარი - 4-4 ოქრო მოჰქონდა!
თუმცა წლევანდელ ტურნირზე ლაშხის გუნდის მონაგარი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი სასიამოვნო გარემოებაც: მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ გუშინწინდელი დღის საუკეთესო ილეთად ჭკუასელიძის მიერ ნახევარფინალში რუს საიდ მაგომედ აბუბაქაროვთან შესრულებული ილეთი დაასახელა, როცა დასრულებამდე 45 წამით ადრე ჩვენებურმა მეტოქეს თავზე გადახტომით 4-ქულიანი გდება გაუკეთა და 12:9 მოუგო, ხოლო ის შეხვედრა დღის საუკეთესო ორთაბრძოლად აღიარეს.
ჭკუასელიძის მეორე ნახტომი
ჭკუასელიძემ საჩემპიონო შეხვედრაში 7:1 დაამარცხა უნგრელი ალექს გერგო ჟოკე. ჩვენებურმა პირველი პერიოდი 3:0 მოიგო, თუმცა გარდამტეხი ეპიზოდი მეორე პერიოდში დადგა, ჩოქბჯენიდან აყვანილმა გდება დაუხურა და ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად კიდევ ორი ქულით გაზარდა უპირატესობა.
პირველ პერიოდში ჭკუასელიძემ პირველი ქულა მეტოქის გაფრთხილების გამო მიიღო. მას უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ იმ ეპიზოდში ჩოქბჯენით დასჯილი მადიარი დაბლიდან ვერ დაატრიალა. სამაგიეროდ, შეხვედრის განახლებისთანავე დგომიდან დაბლა ჩაიყვანა: 3:0.
მეორე პერიოდში სურათი შეიცვალა და პასიურობისთვის ჩოქბჯენით და ქულა-გაფრთხილებით უკვე ქართველი დასაჯეს. აი, სწორედ მაშინ მოხდა ზემოთ ნახსენები გარდამტეხი ეპიზოდი. თუმცა, შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ამას ვერავინ იფიქრებდა, რადგან ჟოკემ კარგად აიყვანა, წელშიც გასწორდა და ხელშიც შეისწორა ჩვენი ფალავანი. თითქოს გდებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ ჭკუასელიძემ ფანდი დაუხურა და იქით გადააგდო: 5:1.
მართალია, ეს არ იყო ისეთი ეფექტური ეპიზოდი, როგორიც "ავაზას ნახტომი" - რუსთან ნახევარფინალში, მაგრამ, იმ ეპიზოდის დარად, ამით ბორჯომელი ფალავანი ამ ტურნირზე მეორედ გადაახტა საკუთარ თავს. ამის შემდეგ შეხვედრის საბოლოო შედეგი ეჭვს არ იწვევდა და მადიარიც გატყდა მორალურად, შედეგად კი მალე ჭკუასელიძემ კიდევ ორი ქულა მოიპოვა და საბოლოოდ 7:1 იმარჯვა.
აბულაძემ ბრინჯაოსთვის პაექრობაში 6:2 მოუგო რუს ემილ ზიგანშინს, გურულმა კი 5:0 აჯობა უკრაინელ დმიტრო ვასეცკის.
რაც შეეხება მაკარიძეს, ის ბრინჯაოსთვის პაექრობაში 0:8 დამარცხდა რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეისთან.
- თემურ ჭკუასელის დაჯილდოება
მეორე ხუთეული
ჯონი ხეცურიანი ფინალში ბელორუს ალექსანდრ ლიავონჩიკს გაეჯიბრება, ტურნირი კი ფინელ ელმერ მატილასთან მოგებით დაიწყო: 4:1. მეოთხედფინალში დაძაბულ პაექრობაში სძლია რუს მიახდი იაკიაევს: 3:2, ნახევარფინალში კი დამაჯერებლად და წმინდად, 8:0 სძლია აზერბაიჯანელ მამადალი ჰასანოვს. ამ შეხვედრაში ანგარიში მეტყველებს ყველაფერზე.
რიკაძე ჩვენი გუნდის გამოკვეთილ ლიდერად მიიჩნეოდა და ცოტა გასაკვირია მისი წაგება მეოთხედფინალში რუს ალექსანდრ კომაროვთან - 3:4. თუმცა რუსების ფაქტორი ჭიდაობაში ბევრს რომ ნიშნავს ხილული თუ უხილავი ბერკეტებით, ესეც ცხადია. მანამდე ჩვენებურმა 5:0 მოუგო ხორვატ კარლო კოდრიჩს, დამამშვიდებელში კი პირველ შეხვედრას სომეხ ერიკ ელოიანთან ჩაატარებს.
გუშინ ლაშხის შეგირდებიდან ჭიკაიძეც ფინალში გავიდა, ვინც პირველ პაექრობაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონელი გევორგ გრიგორიანი 9:0 გაანადგურა, მერე თურქ ველი ილამზს 10:6, ხოლო მეოთხედფინალში ფინელ აქსელი ჰანუკსელას ისევ 9:0 ადინა ბდღვირი.
ნახევარფინალში ის აზერბაიჯანელ ულვუ განიზადესთან 6:8 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის მისი მოცილე კი ჯერ არაა ცნობილი. აქ ჯერ ჭაბუკთა ნაკრებიდან მისთვის კარგად ნაცნობი უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი და ლიეტუველი ტიტას კერსევიჩიუსი ჭიდაობენ ერთმანეთში. ამათში გამარჯვებული მერე ჯერ სომეხ მალხაზ ამოიანს ხვდება და აი, ამ წყვილის მოგებულს დაეჭიდება ჭიკაიძე.
სამაგიეროდ, ახლავეა ცნობილი დამამშვიდებლის ფინალში ხუციშვილის მეტოქე - ბერძენი მიხაილ იოსიფიდისი. ჩვენებური ამ წონაშიც რუსთან დამარცხდა - პირველივე პაექრობა წმინდად, 0:8 დათმო არტურ სარგსიანთან.
რუსებმა გუშინ მესამე შეხვედრაც მოგვიგეს და იმ წონაში სულაც უშანსოდ დაგვტოვეს. გუშინ ჩვენგან ნაადრევად მხოლოდ ირაკლი ძიმისტარაშვილი (60) დამარცხდა, ვინც შესარჩევში ასევე 0:8 წააგო აბუ მუსლიმ ამაევთან, სანუგეშოში კი პოლონელ სებასტიან ფილიპ ნოვიცკის ხვდება.
დღეს გოგონებსაც ვუქომაგოთ
დღესვე ევროპის ჩემპიონატში გოგონებიც ჩაებმებიან და იასპარეზებს ჩვენი წარმომადგენელი თამუნა სამხარაძეც (50).
ქართველი დებიუტანტი საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიელ კიმ მარლიეს გმაინერს ხვდება. ამათში მოგებული შემდეგ წრეში ფინელ ტარუ ვაინიონპეაესა და ესპანელ ანა მარია ტორეს რუბიოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩვენი მეორე მონაწილე - თამარ ხოჯაშვილი (53) ხვალ იჭიდავებს, ამ წონის წილისყრა კი დღეს ნაშუადღევს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"