ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქეს ჩოქბჯენში სრული უპირატესობით აჯობა.
მეოთხედფინალში ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი დაამარცხა. მეტოქემ ჩოქბჯენიდან უპირატესობა ვერ მოიპოვა, ქართველმა სპორტსმენმა კი ეს კომპონენტი კარგად გამოიყენა - 3:1.
იაკობმა ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.
ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩოქბჯენი გამოიყენა და 3:0 დაწინაურდა. დროთა განმავლობაში იაკობის მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 5:0 და ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.