თაღლითობის რისკები, დარღვევები, ფიქტიური გარიგებები - აუდიტის დასკვნა ქართული ჭიდაობის ფედერაციის მუშაობაზე

AutoSharing Option
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდება საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით და არ არის გათვალისწინებული მოცემულ პროცესში გენერალური მდივნის და პრეზიდიუმის საწესდებო როლი, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობას მოიცავს.

"ფედერაციის მიერ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები არ არის შედგენილი შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მათში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიცაა, შესასრულებელი სამუშაო და სამუშაო აღწერილობები პოზიციების მიხედვით. ეს უკანასკნელი
ფედერაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არაა განსაზღვრული. შესაბამისად, გაურკვეველია, რა სამუშაოს ასრულებს კონკრეტული დასაქმებული პირი, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს "შრომის ანაზღაურების" მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაპროდუქტიული განკარგვის რისკებს;

გარკვეულ შემთხვევებში დასაქმებულ პირებთან დადებული შრომითი, ხოლო მონიტორინგის მენეჯერთან და ბუღალტერთან გაფორმებული მსაჯობის მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები ატარებს ფიქტიური გარიგების ნიშნებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის თაღლითობის რისკებს;

სახელფასო პოლიტიკა ხასიათდება ცალკეული პოზიციის მიხედვით თანამდებობრივ სარგოებს შორის არსებითად შეუსაბამო, არასამართლიანი დიფერენციაციით, ის არ არის დამოკიდებული შესასრულებელი სამუშაოს სახეზე, ინტენსივობასა და დასაქმებულის კვალიფიკაციაზე", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა.

"საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესაბამისად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32 338 ლარი, აქედან, პრეზიდენტის ახლო ნათესავზე (შვილი) 28 987 ლარი. თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე.

ხელშეკრულებების შესაბამისად, განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, უწყების ცნობით, მაგალითისთვის 2017 წლის დეკემბერში ფალავნობაში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (რომლის რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით, ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (20 კმ) შეადგინა - 1500 ლარი.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის.

"2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან (ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულ მხარესთან) გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. ინტერესთა კონფლიქტის არსებობამ გავლენა მოახდინა ფედერაციის მიერ შპს "ფალავანთან" დადებული გარიგების პირობებზე და გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არაეკონომიური ხარჯვა", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, 2016 წლის დეკემბერში ჭიდაობის ფედერაციამ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის შეიძინა მობილური ტელეფონები, თავად ვიქტორინა კი სავარაუდოდ, არ ჩატარებულა.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი.

"2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის 2016 წლის 11 მარტს გაფორმებული გრანტის გაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროში წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, 2016 წლის 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22 300 ლარი. სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 2016 წლის 20 დეკემბერს შესყიდულია 4 300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი. ტელეფონების შესყიდვის მიზნით, ი/მ ნატო ბოჭორიშვილს 4 300 ლარი გადაერიცხა 2016 წლის 16 დეკემბერს.

სასაქონლო ზედნადები გამოწერილია 2016 წლის 23 დეკემბერს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2016 წლის 20 დეკემბერს, ფალავნობის ღონისძიება კი ჩატარდა 2016 წლის 16-17 დეკემბერს და შესაბამისად, ვიქტორინის გამართვა და გამარჯვებულების დაჯილდოება უნდა მომხდარიყო ამავე პერიოდში. ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4 300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფედერაციის გენერალური მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი, აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ჩამოწერის აქტით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი. დასკვნა მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს", - ნათქვამია ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 23 /
უკაცრავად მაგრამ აქამდე გეძინათ? ამ ბიჭს ხმა რო არ ამოეღო არც არავინ არ იყი ხმის ამომღები ... კიდე ბევრ რამეა უნდა აეხადოს ფარდა .. ეს წურბელები ... ხალხმა კიდე უნდა გავიაზროთ რომ ეს ხალხი ჩვენ ფულს ჭამს და ითვისებს !
Levan1
26 იანვარი 2019 15:50
3
ვისაც სად შეუძლა იქ ყვლეფს ქვეყანას!! კორუფცია მძვინვარებს და მე მკიდია ყველა პოლიტიკური პარტია.
Geo_Dinamo
26 იანვარი 2019 15:35
2
უმრავლესობას სახელმწიფო მეწველი ძროხა ჰგონია
!!!!!
26 იანვარი 2019 17:13
1
ძალიან ბევრ ფედერაციაში მიდის ასე ბიუჯეტის გამოხვრა. შეყრილია ნათესავ-მეგობრები, დადიან აღმა-დაღმა მივლინებებში და გულაობენ. ფეხბურთის ფედერაციაში ლამის დალმაგებლიანად დადიოდნენ მატჩებზე, ულიმიტო ტელეფონები და მერე სპორტს დაფინანსება არ ჰყოფნისო. რა დაფინანსება ეყოფათ ამათ? ამიტომ იკლავენ თავს ამ ფედერაციებში რომ მოკალათდნენ და მიაჯდნენ "კარმუშკას", თორემ სულ სპორტის განვითარების დარდი აქვთ რა. აბა შეუკვეცე დაფინანსება, ან თითოელი დახარჯული თეთრის მიზნობრიობაზე სდიონ, გასკვანჩონ სპორტის მამები, მერე თუ ექნება გეგეშიძისნაირებს ფედერაციაში მოსვლის სურვილი
გიორგი
26 იანვარი 2019 16:31
2
ტრადიციად ქცეული ჩვენებური "პროფესიონალიზმი"..სანამ სკამზე ვარ მოვასწრო ჭამა, იმდენად მიღებულია სპორტულ "ოჯახებში" ასეთი მუშაობა-ჭამის სტილი რომ სხვანაირად ვერც წარმოუდგენიათ
Lagashi
26 იანვარი 2019 17:07
1
უნდა დაეტოვებიათ დიახაც თანამდებობაზე და ახლა მოსთხოვონ პასუხი, არა მგონია აწი 5000 ლარიანმა გირაომ უშველოს
26 იანვარი 2019 17:07
0
რომ არ გაეშვათ, ვეღარ მოსთხოვდნენ პასუხს? იქნებ ეხლა უფრო მიადგეს და გააპრავოს საბუთები, მაგაზე თუ გიფიქრია?
გიორგი
26 იანვარი 2019 20:31
2
ეს ინფორმაცია კი არა ბომბია,... ოღონდ ნორმალურ ქვეყანაში, საქართველოში კი ისე რა, ერთი ორი დღე ილაპარაკებენ ამაზე და ვისაც საჭიროა ყველას გადაავიწყდება!
დავითი
26 იანვარი 2019 17:02
1
გეგეშიძეების საქციელს რუსული სიტყვა "ბესპრედელ"ი ქვია და 90 წლების საქართველოში გვაბრუნებს.2016-17-ში თუ ფულს იტაცებდნენ 2019 დე რატომ დატოვეთ.
ქვეყანას პატრონი აღარა ყავს
26 იანვარი 2019 16:55
2
მერედა როგორი კორპუსი წამოჭიმა ჯიგარმა ვაკეში
Giusha3232
26 იანვარი 2019 21:56
0
აი ნახავთ პასუხი თუ მოსთხოვეს და იცით რატომ,იმიტომ რომ სადაც ხელი მიუწვდებათ,ყველა სფეროში,მიდის დატაცება,რაც შეიძლება მეტი წაიღონ,მერე რა თუ 5000გადაახდევინებენ,ეს ხომ ზღვაში წვეთია.ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ ხალხის ნაწილი სწორედ ამ ღორებს უჭერს მხარს.
უსაშველო
26 იანვარი 2019 20:12
1
იმ შუამავალმა მღდელმა იქნებ აუხსბას იმ ახალგაზრდა ბიჭებს, წურბელებს რომ დაუდგნებ, რა ქვია ასეთ ქცევას და რატომ არ ვარგა ოჯახში ასეთი მსუნაგობა. ვერ ხვდებიან, რომ იყენებენ მაგათ "გეგები"?
სპილო
26 იანვარი 2019 18:13
2

სიახლეები პოპულარული