ჭიდაობა. ახალი წესები: ჭიდაობა წარსულში ბრუნდება

AutoSharing Option
ფოტოზე: მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის ბოსი ნერნად ლალოვიჩი და მისი შტაბი ბევრ ცვლილებას გეგმავს

ახალი წონითი კატეგორიების დამტკიცების კვალად, მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ კიდევ ერთი სიახლე - ორდღიანი ფორმატი დააკანონა. თუმცა ეს კარგად დავიწყებული ძველი უფროა, რადგან ჭიდაობაში მსგავსი საშეჯიბრო წესი არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ეს წესი ჭაბუკებში გამოსცადეს, სადაც, როგორც ჩანს, მოწონება დაიმსახურა და ახლა უკლებლივ ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და უფროსებში სავალდებულოდ აქციეს. თანაც, სამივე სტილში: ქალებში, ვაჟთა თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

აქამდე თუ
ნებისმიერ წონაში მედალოსნები ერთ დღეში ვლინდებოდნენ, ახალი წესის თანახმად, პირველ დღეს გაიმართება წინასწარი შეხვედრები ნახევარფინალების ჩათვლით, სანუგეშო წრის პაექრობები და მედლებისთვის ფინალური ორთაბრძოლები კი მეორე დღეს გაიმართება.

გთავაზობთ ცვლილებების ჩამონათვალს:

* მეორე დღისთვის თავდაპირველად დასაშვები იქნება 2-კილოგრამიანი გადაცილება,  ანუ ფალავანს არსებულ წონაზე 2 კილოთი მეტით ჭიდაობის უფლება ექნება, თუმცა ეს არ ეხება წინასწარ შეხვედრებს, მხოლოდ ფინალურ ბლოკზე, ანუ მეორე დღის ორთაბრძოლებზე ვრცელდება. ოღონდ ეს შეღავათიც მარტო გაისად იმოქმედებს, თორემ მერე გაუქმდება და ფინალშიც სუფთა წონით მოუწევთ ჭიდაობა.

* დამტკიცდა სალიცენზიო შეჯიბრებები და კვოტები ტოკიოს 2020 წლის თამაშებისთვის, სადაც ქალთა და ვაჟთა წონებიც და მონაწილეთა რაოდენობაც საბოლოოდ გაუთანაბრდა ერთმანეთს.

* შემცირდა ოლიმპიელთა რაოდენობა. გადაწყდა, რომ ოლიმპიადაზე ყველა წონაში 16-16 მონაწილე იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საგზურს წონის 6 საუკეთესო ფალავანი მიიღებს, ლიცენზიების ძირითადი რაოდენობა კი კონტინენტურ პირველობებზე გაიცემა - 8-8. კიდევ ორი მონაწილე მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირებზე გამოვლინდება და ასე მოგროვდება 16 მონაწილე. შესაბამისად, ოლიმპიური ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყება.

* გაისიდან ყველა გაფრთხილება 1 ქულად შეფასდება.

* მსოფლიოს გაერთიანებულმა საჭიდაო ფედერაციამ ასევე დაამტკიცა საგაისო კალენდარი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. საგაისო საერთაშორისო კალენდარში ჯერჯერობით გაურკვეველია 23-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის გამართვის თარიღიც და ადგილიც.

* ოლიმპიური წონები უცვლელი დარჩა - კვლავაც 6-6 სამივე საჭიდაო სტილში. სამაგიეროდ, ზოგად ოდენობებს ასევე სამივეგან 2-2 წონა დაემატა და 10-მდე გაიზარდა. 4 არაოლიმპიური წონა განკუთვნილია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებისთვის.

* თავისუფალ ჭიდაობაში ძველი წონები არ შეცვლილა: არსებულ 8-ს (57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და 125) 79 და 92 დაემატა, აქედან კი უცვლელად რჩება ოლიმპიური წონები: 57, 65, 74, 86, 97 და 125.

* დახარისხება მნიშვნელოვნად შეიცვალა ბერძნულ-რომაულში, სადაც ამიერიდან ასეთი წონითი კატეგორიებია: 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97 დ 130, ამათგან კი ოლიმპიურებია 60, 67, 77, 87, 97 და 130.

* ქალებში ამიერიდან შემდეგი წონებია: 50, 53, 55, 57, 59, 62, 65, 68, 72 და 76, მანდილოსნები კი ოლიმპიადაზე 50, 53, 57, 62, 68 და 76 კილოგრამებში იჭიდავებენ.

2018 წლის მთავარი ტურნირები
მსოფლიოს თასი
ქალები: ტაკასაკი (იაპონია) - 17-18 მარტი
თავისუფალი ჭიდაობა: აიოვა (აშშ) - 7-8 აპრილი

ევროპის ჩემპიონატი
უფროსები: კასპიისკი (რუსეთი) - 20-25 მარტი
ახალგაზრდები: რომი (იტალია) - 31 ივლისი - 5 აგვისტო
23-წლამდელები: სტამბოლი (თურქეთი) - 5-10 ივნისი
ჭაბუკები: კიევი (უკრაინა) - 8-13 მაისი

მსოფლიოს ჩემპიონატი
უფროსები: ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 22-28 ოქტომბერი
ახალგაზრდები: ტრნავა (სლოვაკეთი) - 18-13 სექტემბერი
ჭაბუკები: ზაგრები (ხორვატია) - 3-8 ივლისი

შენიშვნა: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების კალენდარი ჭიდაობის სამივე სტილში საერთოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი ხომ ვერაფრით ვერ დალაგდნენ...რა სჭირს ტრადიციულად ჭიდაობის ფედერაციას ვერ გამიგია.
grisha dedakimovi
17:28 27-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული