მოქმედი ჩემპიონი ამ ტურში ეროვნული ლიგის ლიდერისა და, საერთოდაც, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის წინააღმდეგ ითამაშებს!
წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ, ცოტა არ იყოს, უჩვეულო ტური გველოდება! "უჩვეულო" იმიტომ, რომ XXII ტური... ოთხ დღეზე იქნება "გაწერილი". ანუ ეს ტური ხუთშაბათს დაიწყება, პარასკევსა და შაბათს გაგრძელდება და კვირას დასრულდება! თანაც, არც იმის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს, რომ XXII ტურის ხუთივე მატჩს საკმარისზე მეტი სატურნირო ინტრიგა აქვს.

მოკლედ, მოლოდინი დიდია, მით უფრო, რომ რამდენიმე დაპირისპირება თამამად შეიძლება "ექვსქულიან მატჩად" მივიჩნიოთ! ახლა კი, სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ და ამ მართლაც "გრძელვადიანი" XXII ტურის ყველა მატჩის ირგვლივ ვისაუბროთ.

ოღონდ ერთ რამეზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ: ამ ტურში ხუთივე წყვილი ისე თანაბრად არის დაკომპლექტებული, რომ ტერმინები, "ფავორიტი" თუ "აუტსაიდერი", აშკარად უადგილოდ გვეჩვენება! ისე, მართლაც უცნაური სიტუაციაა: როგორც უნდა დასრულდეს ეს ხუთივე მატჩი, არც ერთი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს...

დილა-საბურთალო

ამ ტურის პირველმა მატჩმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: წარუმატებლობის შემთხვევაში "დილა" კიდევ უფრო გაიუარესებს სატურნირო მდგომარეობას, აი, "საბურთალო" კი IV ადგილის დაკავების ერთ-ერთი რეალური კანდიდატიც გახდება. IV ადგილი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდები არიან გასული საქართველოს თასის მეოთხედფინალში (12-13 სექტემბერს რომ უნდა გაიმართოს), ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანმა მომავალ ზაფხულს ევროპალიგაზე იასპარეზოს.

მოკლედ, გიორგი ჭიაბრიშვილის შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს სეზონის დარჩენილ მატჩებში; თანაც, საინტერესოა, თუ რამდენად სტაბილურად ითამაშებს "საბურთალო", ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ხომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ შეძლო ზედიზედ 2 მატჩის მოგება!

საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი პირველ წრეში მოხდა, როცა "საბურთალომ" ჯერ "ლოკომოტივი" დაამარცხა საშინაო მატჩში, მერე კი სტუმრად "დილას" მოუგო. ვნახოთ, გამეორდება თუ არა სიტუაცია ახლაც; არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დილას" საქმეები ნელ-ნელა კი არა, უკვე სწრაფი ტემპით მიდის უკან და უკან. ჰოდა, თუ ასე გაგრძელდა, გორელთა გუნდს პლეი-აუტში მონაწილეობა არ ასცდება, იქ კიდევ, ორმატჩიან დუელში, არავინ იცის, რა მოხდება...

ლოკომოტივი-ტორპედო

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი დასრულდა მოულოდნელი შედეგით, მაგრამ, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ ერთ-ერთი ყველაზე "უცნაური" შედეგი წინა ტურში დაფიქსირდა, როცა დედაქალაქურ "დერბიში" "საბურთალომ" 6 (ექვსი!) უპასუხო გოლი გაუტანა "ლოკომოტივს".

არადა, შეგახსენებთ, რომ მანამდე "ლოკომოტივმა" ერთობ დამაჯერებლად და სავსებით დამსახურებულად მოუგო ეროვნული ლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, თბილისის "დინამოს"! მოკლედ, "საბურთალოს" მსგავსად, "ლოკომოტივიც" არასტაბილურობით გამოირჩევა მიმდინარე სეზონში და ამ ყველაფერს, ჩვენი აზრით, ობიექტური მიზეზებიც აქვს და... სუბიექტურიც! ამ მიზეზების ჩამოთვლას ახლა არ შევუდგებით, თუმცა, იმას კი ვიტყვით, რომ "ლოკომოტივს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რეალურად რომ ხელეწიფება ევროტურნირების საგზურის მოპოვება...

ძალიან რთული ამოცანის წინაშეა მასპინძელთა თავკაცი გიორგი დევდარიანი: ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ტორპედოს" წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობაც უნდა შეარჩიოს და, რაც მთავარია, წინა ტურში განცდილი მართლაც კოშმარული მარცხის მერე, თავისი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად, სრულ რეაბილიტაციაზეც უნდა იფიქროს!

კიდევ ერთი ინტრიგა იმაშიც მდგომარეობს, რომ "ლოკომოტივი" თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვდება, რომელთანაც უკვე... 13 წელიწადია არ მოუგია!..

არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს დედაქალაქში ვიზიტი "ტორპედოსათვის": კახა ჩხეტიანის გუნდმა III წრე ზედიზედ 2 მოგებით კი დაიწყო, მაგრამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ქუთათურებმა წინა ტურში "კოლხეთთან" საშინაო მატჩში დაკარგეს ქულები. ჰოდა, ამ წაფორხილების გამოც არის, საჩემპიონო რბოლაში თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა უკვე 5 ქულა რომ გახდა...

სამტრედია-დინამო (თბ)

შესავალში აღვნიშნეთ, რომ ამ ტურის ხუთივე მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს; თუმცა, ეს წყვილი მაინც გამორჩეულად საინტრიგოდ მიგვაჩნია: მოქმედი ჩემპიონი ეროვნული ლიგის ლიდერისა და, საერთოდაც, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის წინააღმდეგ!

III წრეში 3 ტურია ჩატარებული და ერთადერთი გუნდი "სამტრედიაა", სამივე მატჩი რომ მოიგო; ეგ კი არა, გია ცეცაძის გუნდი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს კიდევ უფრო უკეთესი სერიით, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 მოგებით ხვდება; აი, რაც შეეხება თბილისის "დინამოს", კახა კაჭარავას გუნდმა ორივე საშინაო მატჩი ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ანგარიშით (და - თამაშითაც) კი მოიგო, მაგრამ "ლოკომოტივთან" წაგებულ შეხვედრაში ნამდვილად ვერ დატოვა ჩემპიონობისათვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილება...

ვიდრე ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაზე ვიტყოდეთ, სადღეისო სატურნირო მდგომარეობაზეც უნდა ვთქვათ; ერთი შეხედვით, "დინამო" დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ ლიგაში, მაგრამ "სამტრედიამ" რომ გატეხოს ნავსი და მიმდინარე სეზონში პირველად შეძლოს ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება, აი, მაშინ კი, მართლაც დაიძაბება ბრძოლა ჩემპიონობისათვის!

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის ჩატარებული ორივე მატჩი საინტერესოდ წარიმართა; I წრეში, როცა "დინამომ" ბექა მიქელთაძისა და საბა ლობჟანიძის გოლებით სამტრედიაში გაიმარჯვა, სწორედ აქედან დაიწყო კიდეც კახა კაჭარავას გუნდის მართლაც შთამბეჭდავი, ათმატჩიანი წაუგებელი სერია (ზედიზედ 8 მოგებით). თუმცა, ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იყო ამ გუნდებს შორის გამართული II წრის შეხვედრა, რომელიც, ჩვენი აზრით, მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, უდავოდ, საუკეთესო მატჩად უნდა მივიჩნიოთ!

შეგახსენებთ, ღირსეული მეტოქეების იმ მართლაც დრამატულ დაპირისპირებაში ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და ხუთგოლიანი სანახაობაც ვიხილეთ! პირველ ტაიმში "დინამო" დომინირებდა და ლოგიკურიც იყო, ორბურთიანი უპირატესობა რომ მოიპოვა.

გოლებიც უნდა ვახსენოთ, ბაჩანა არაბულმა და ლუკა ლოჩოშვილმა, თავური დარტყმებით რომ გაიტანეს ზუსტად შესრულებული "სტანდარტულების" შემდეგ; ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, "სამტრედია" ამ თამაშის "შემოტრიალებას" თუ შეიძლებდა, მაგრამ სტუმართა აშკარად დამუშავებულმა კომბინაციებმა შედეგი მოიტანა: გიორგი მჭედლიშვილისა და გიორგი დათუნაიშვილის ზუსტი დარტყმების შემდეგ "სამტრედიამ" ანგარიში გაათანაბრა!

თუმცა, არც "დინამო" თამაშობდა ანგარიშის შენარჩუნებაზე, მაგრამ სტუმართა გამოცდილმა მეკარემ, ომარ მიგინეიშვილმა, სულ მცირე, ოთხჯერ იხსნა თავისი გუნდი აშკარა ხიფათისაგან; ამ სანახაობრივი მატჩის კულმინაცია კი არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე მოხდა, როცა ლაშა თოთაძის ზუსტი პასის შემდეგ ბაჩანა არაბულმა ეფექტური დარტყმით თავისი ყოფილი გუნდის კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა...

ჩიხურა-დინამო (ბთ)

წინა სეზონი ორივე ამ გუნდმა წარმატებით ჩაატარა: გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურამაც" და ბათუმის "დინამომაც" დამსახურებულად დაიკავეს საპრიზო ადგილებიც და, შესაბამისად, ევროტურნირების საგზურებიც; თუმცა, მიმდინარე სეზონში სიტუაციაც რადიკალურად შეიცვალა და, რაც მთავარია, ორივე გუნდის წინაშე დასახული მიზნებიც.

ანუ დღესდღეობით ისეთი მდგომარეობაა, რომ "ჩიხურა", ძალიან დიდი ალბათობით, მთავარ აქცენტს თასის გათამაშებაზე გააკეთებს, ბათუმის "დინამოს" პროგრამა-მაქსიმუმიც და პროგრამა-მინიმუმი კი, რაღა თქმა უნდა, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.

შარშანდელთან შედარებით, ამ ორივე გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას კი "მოეძებნება" ობიექტური მიზეზები, თუმცა, არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ "ჩიხურასაც" და ბათუმის "დინამოსაც" ბევრად უკეთ შეუძლიათ ასპარეზობა...

შუქურა-კოლხეთი

ამ ოთხდღიანი ტურის დასკვნითი მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს აუტსაიდერები უპირისპირდებიან; ერთი შეხედვით, "შუქურას" სატურნირო მდგომარეობა უიმედოდ მოჩანს, პლეი-აუტის ზონაში მყოფ "კოლხეთს" ხომ 11 ქულით ჩამორჩება.

თუმცა, ქობულეთელთა გუნდმა III წრეში ჩატარებულ სამივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ეგ კი არა, "შუქურამ" წინა ტურში სტუმრად ქულის აღებაც მოახერხა "ჩიხურასთან" დაპირისპირებაში. ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის მოსვლის შემდეგ "შუქურას" მდგომარეობას მთლად უიმედო აღარ ეთქმის, თუმცა, მოგებებიც რომ აუცილებელია, არც ეს უნდა იყოს ვინმესთვის სადავო საკითხი - ქობულეთელთა გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს...

არავინ იცის, თუ როგორი სატურნირო მდგომარეობა ექნებოდა "კოლხეთს", ეს გუნდი საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში რომ ატარებდეს; აღარაფერს ვამბობთ "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას წინაშე მდგარ ლამის ყოველდღიურ პრობლემაზეც: წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ფოთელთა გუნდს ხომ, ფაქტობრივად, არც ერთი მატჩი არ უთამაშია მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით.

ჰოდა, ამის გამოც არის, რომ ასე გაგრძელდა "კოლხეთის" მოუგებელი სერია: ფოთელთა გუნდს ეროვნულ ლიგაში უკვე 7 მატჩია არ მოუგია...

ეროვნული ლიგა. XXII ტური

10 აგვისტო

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 20:30. LIVE "II არხზე"

დილა-საბურთალო

ურთიერთშეხვედრები

6: +3 =1 -2, 7-5

დისკვალიფიკაცია

ალექსანდრე კვახაძე (დილა)

I-II წრე 0:1, 1:0

11 აგვისტო

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 18:00

ლოკომოტივი-ტორპედო

ურთიერთშეხვედრები

32: +7 =9-16, 23-41

I-II წრე 1:1, 0:2

12 აგვისტო

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 18:00

სამტრედია-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

35: +5 =3 -27, 22-85

დისკვალიფიკაცია

ლაშა თოთაძე (დინამო)

I-II წრე 0:2, 2:3

13 აგვისტო

ივანწმინდა. 18:00

ჩიხურა-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

10: +4 =3 -3, 9-6

დისკვალიფიკაცია

ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა)

I-II წრე 0:1, 0:0

ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00

შუქურა-კოლხეთი

ურთიერთშეხვედრები

8: +2 =3 -3, 11-14

დისკვალიფიკაცია

ვარლამ კილასონია (კოლხეთი)

I-II წრე 2:4, 0:0

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15

ბ. არაბული (დინამო თბ) 11

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

goga
dinamo samtrediashi tankebis wamoyvana ar dagaviwydet.. xo gagapazores.. mtelma saqatrvelom uyura pirvel arxze rogor waartvit samtredias chempionoba
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს