ვარლამ კილასონია: "ფეხბურთში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს და არა ისინი, ვინც სარგებელს ელის მხოლოდ"
საფეხბურთო დინასტიების თემა მუდამ დიდ ინტერესს იწვევს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მართლაც საინტერესო მაგალითის მოყვანაც შეიძლება და ერთ-ერთი კილასონიების საფეხბურთო დინასტიაა!

შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსთავის საფეხბურთო ცხოვრება ლამის გაიგივებული იყო ვარლამ და გია კილასონიების ოსტატობაზე! ორივე ძმას მართლაც მშვენიერი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, არაერთი გოლიც გაუტანიათ რუსთავისა თუ სხვა გუნდის მაისურით, და, საერთოდაც, სადაც კი უთამაშიათ, ყველა გუნდში ლიდერობაზე ჰქონდათ პრეტენზია.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ვარლამმა სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა და დღესდღეობით უმაღლესი, პრო-კატეგორიის მწვრთნელი გახლავთ. გია კილასონიამ კი სხვა სფეროში გადაინაცვლა და იქაც წარმატებული გახლავთ, თუმცა მისი ვაჟი, ვარლამ კილასონია (უმცროსი) აგრძელებს ამ საფეხბურთო გვარის ტრადიციას; ისე, როგორც ვარლამ კილასონიას (უფროსის) ვაჟი - გიორგი კილასონია!

მოკლედ, არავისთვის უნდა ყოფილიყო გასაკვირი, როცა გაზეთ "ლელოს" და კომპანია "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთ ნომინაციაში ("წლის საფეხბურთო დინასტია") სწორედ კილასონიების საფეხბურთო დინასტია მივიჩნიეთ გამარჯვებულად!..

ვარლამ კილასონია (უფროსი) უკვე 16 წელია, რაც სამწვრთნელო ასპარეზზეა და ამ დროის განმავლობაში წარმატებებიც მრავლად ჰქონია როგორც უმაღლეს ლიგაში, ასევე ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობის დროს. თუმცა, მისთვის განსაკუთრებული მაინც მშობლიური ქალაქის, რუსთავის საფეხბურთო გუნდებთან ერთად გატარებული პერიოდია, სადაც შარშან აპრილში დაბრუნდა ახლად დაარსებული საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ხელმძღვანელების, ბადრი მაჭავარიანისა და ლევან სილაგაძის მოწვევით.

თუმცა, "რუსთავის" მთავარ მწვრთნელთან ამ ვრცელ ინტერვიუში მხოლოდ საფეხბურთო დინასტიაზე თუ მოახლოებულ სეზონზე არ გვისაუბრია: სულ მალე ვარლამ კილასონიას ლამაზი იუბილე აქვს, 50 წელი უსრულდება!

სავსე ტრიბუნები და ნაღდი დერბი...

- როგორც ვიცით, ფეხბურთის თამაში რუსთავში დაიწყეთ. თქვენს ძმასთან, გიორგი კილასონიასთან ერთად საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში თამაშიც მოგიწიათ. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...

- რუსთავის "მეტალურგში" ჯერ კიდევ მაშინ ამიყვანეს, მეცხრე კლასი რომ დავამთავრე. 1983 წელს, 16 წლის ვიყავი, როცა საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშე. მაშინ ეს ძალიან სერიოზული ტურნირი იყო. 1984 წელს საქართველოს ჩემპიონები გავხდით, მაგრამ საკავშირო პირველობის მეცხრე ზონაში აღზევება მაინც ვერ მოვახერხეთ. გადასასვლელ თამაშში დავმარცხდით მეცხრე ზონის ბოლო გუნდთან, თბილისის "ლოკომოტივთან".

1985 წელს მაინც მოვახერხეთ მეორე ლიგაში გადასვლა. ეს იყო ძლიერი ლიგა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს იყო უდიდესი სკოლა. სომხური და აზერბაიჯანული გუნდები თამაშობდნენ იქ, ასევე, ქართული კლუბები და აშხაბადის "კოლხოზჩი", რომელიც უფრო პირველი ლიგის ბინადარი იყო ხოლმე.

რაც შეეხება ფეხბურთში ჩემს პირველ ნაბიჯებს, არ მინდა, ვინმეს ამაგი დავუკარგო. უნდა ვახსენო დიდი პატივისცემით ჩემი პირველი მწვრთნელები, თამაზ კონიაშვილი და კონსტანტინე ნაზაროვი. ასევე - მურმან გოგოლაძე და თამაზ დოდაშვილი. თამაზ კონიაშვილმა ამიყვანა პირველად "მეტალურგში".

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისს გურჯაანის "ალაზანში" შეხვდით. მერე თელავის "კახეთშიც" ითამაშეთ. საინტერესოა თქვენი აზრი იმ დროზე. ასევე უნდა გთხოვოთ გურჯაანისა და თელავის საფეხბურთო დაპირისპირებების გახსენება...

- მანამდე ჯარში მოგვიწია წასვლა მე და ჩემს ძმას, გიას. ოდესის ოლქში, პატარა ქალაქ კატოვსკში გავიარეთ სამხედრო სამსახური. ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისისათვის უკვე გურჯაანის "ალაზანში" ვიყავი. რაღაც გაუგებრობა მოხდა რუსთავში. ახლა აღარ ღირს ამის გახსენება. ვითამაშე ჯერ გურჯაანში და მერე თელავში. ამ გუნდებს შორის თამაში მუდამ განსაკუთრებული, დაუვიწყარი სანახაობა იყო: სავსე ტრიბუნები, ნაღდი დერბი!.. მაშინდელ პირველ ლიგაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ. საბჭოთა სკოლის მომზადებული მოთამაშეები კიდევ მრავლად იყვნენ...

- რუსთავის "გორდაში" გივი ნოდიამ გიხმოთ. მალევე გუნდში რევაზ ძოძუაშვილი მივიდა და რუსთავურ კლუბში მთელი რიგი ნიჭიერი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ - ლევან კობიაშვილი, გიორგი გახოკიძე და სხვები. თასის ფინალიც ითამაშეთ...

- პირველ ლიგაში, "ალაზანსა" და "კახეთში" თამაშის დროს გივი ნოდიას მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ძალიან კარგი მწვრთნელი, დიდებული ადამიანი იყო ბატონი გივი. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდა ვყოფილიყავი რუსთავის გუნდში. ბოლოს მაინც დამაბრუნა ჩემს მშობლიურ ქალაქში. მეოთხე ჩემპიონატი სწორედ აქ დავიწყე. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. ძმები, ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები, მამუკა ქორიძე, გია ფირცხალავა, ჩემი ძმა გია...

გივი ნოდია "დინამოში" რომ გადავიდა, რუსთავის "მეტალურგი" რევაზ ძოძუაშვილმა ჩაიბარა. მისი სელექცია ცნობილია. მან დააწინაურა მთელი რიგი ნიჭიერი ფეხბურთელები - ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, დავით ჩალაძე, ზაზა ზირაქიშვილი... სულ რამდენიმე ფეხბურთელი ვიყავით შედარებით გამოცდილები. ამ ახალგაზრდული გუნდით 1994 წელს გავედით თასის ფინალში და გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ თბილისის "დინამოსთან". კარგად იცით, რა ძალა იყო "დინამო" იმ დროს.

შვიდი გოლის ამბავს რაც შეეხება...

- მერე გივი ნოდიამ თქვენს ძმასთან და სანდრო ბურნაძესთან ერთად სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივში" დაგიძახათ. იქ მართლაც გამორჩეული პერიოდი გაატარეთ. ერთ მატჩში 7 გოლის გატანას ყველა ვერ ახერხებს. თანაც, როგორც ვიცით, თერთმეტმეტრიანიც ვერ გაიტანეთ იმ მატჩში. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა...

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის პირველ ლიგაში გატარებული ორი სეზონი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. ძალიან სერიოზული დონე იყო. ბევრი ფეხბურთელი იყო ისეთი, რომელსაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდა. იქ თამაშობდა არაერთი გუნდი, რომელსაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდა - "ყუბანი", "ფაკელი" და სხვები...

7 გოლის ამბავს რაც შეეხება, ეს ლენინსკ-კუზნეცკის "ზარიასთან" მატჩში მოხდა. სულაც არ იყო სუსტი გუნდი. რაც დავარტყი, ყველა გავიდა. ასე მგონია, კიდევ რომ დამერტყა, კიდევ გავიდოდა. სხვათა შორის, მაშინ ამ გუნდში თამაშობდა ალეკსეი სმერტინი, რომელმაც მერე რუსეთის ნაკრებში და "ჩელსიში" ითამაშა. თუნდაც იმიტომაა რუსეთში გატარებული პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებული, რომ პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.

- ამის მერე უკრაინულმა "დნიპრომ" მიგიწვიათ, სადაც ვიაჩესლავ გროზნი მუშაობდა. როგორ იხსენებთ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდში გატარებულ დროს, ასევე, "ყუბანში" გატარებულ პერიოდს?

- სიმართლე გითხრათ, ისე კარგად მიდიოდა ჩემი საქმეები პეტერბურგში, რომ არც კი მინდოდა წასვლა. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე. მაშინ უკრაინას ჰყავდა ერთი გრანდი კიევის "დინამოს" სახით. ჩვენ და "შახტარი" მოვდიოდით მათ შემდეგ. ტრავმირებული ჩავედი დნეპროპეტროვსკში. მაინც მქონდა კარგი თამაშები ამ გუნდში. თუნდაც ის რად ღირს, რომ უეფას თასზე ვითამაშეთ იმავე "ალანიასთან". მაინც არ ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი. ერთადერთი, რაც მაკლდა, გოლები იყო. თავდამსხმელი ხომ გოლით ფასობს. მერე კლუბში ფინანსური მდგომარეობა გართულდა, კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, გამოცდილებმა გუნდის დატოვება გადავწყვიტეთ...

ახლა რომ ვუკვირდები, ასე რომ არ განვითარებულიყო მოვლენები, შეიძლება უფრო მაღალ დონეზე მეთამაშა ფეხბურთი. "ყუბანში" კი მცირე ხნით ვიყავი, სულ 6 თვე...

- ამას მოჰყვა თბილისის "ლოკომოტივი". თასის ნახევარფინალი, სადაც იმ "სამგურალთან" დამარცხდით, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც... თქვენი ძმა იყო...

- ცოტა ხნით მანამდე რუსთავში მივედი. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ჩემს ვალად მიმაჩნდა მშობლიური ქალაქის გუნდის დახმარება. ამას მოჰყვა "ლოკომოტივი". ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით და თასის ფინალი წავაგეთ "სამგურალთან", სადაც ჩემი ძმა გია თამაშობდა. ძმობა ძმობაა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად ვიყავით მაინც, ტყუპებივით. თამაშის წინ რამდენიმე დღე არ მეძინა. ის თამაში როგორ დრამატულად წარიმართა, ყველას კარგად გვახსოვს...

რაღაცის შეცვლა მოვახერხე და გადავრჩით...

- დაუბრუნდით მშობლიური ქალაქის გუნდს მოთამაშე-მწვრთნელის რანგში...

- მანამდე მცირე ხნით ვითამაშეთ მე და გიამ თურანის "ტოვუზში". აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალამდე მივედით და იქ "ნეფთჩისთან" წავაგეთ.

მერე იყო მორიგი დაბრუნება რუსთავში. ერთხელაც დამიძახეს და მოთამაშე-მწვრთნელობა შემომთავაზეს. დიდი რისკი იყო, მაგრამ მაინც წავედი ამ რისკზე. ორი გასვლა იყო დარჩენილი, ზესტაფონსა და წყალტუბოში. ერთიც რომ წაგვეგო, გავარდნა არ აგვცდებოდა. ალბათ, რაღაცის შეცვლა მოვახერხე და გუნდი გავარდნას გადაურჩა.

- ისე მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ერთხელაც არ მოგეცათ. ერთი მხრივ, მაშინ ქვეყნის პირველ გუნდში დიდი კონკურენცია იყო. მეორე მხრივ, ხომ არ დაგრჩათ უკმარისობის გრძნობა?

- რა თქმა უნდა, მაშინ უდიდესი კონკურენცია იყო საქართველოს ნაკრებში. მაინც მიმაჩნია, რომ რამდენიმე თამაშში ვიმსახურებდი შანსს. ისე მოხდა, რომ შანსი არ მომცემია...

- ისევ თქვენს სამწვრთნელო კარიერას დავუბრუნდეთ: ჯერ იყო "სიონი", რის შემდეგაც ბავშვთა ფეხბურთში წახვედით, მერე კი რევაზ ძოძუაშვილმა გიხმოთ რუსთავის "ოლიმპში" თანაშემწედ. ამის მერე კი ისე მოხდა, რომ 2007 წლის ზაფხულში სწორედ თქვენ უთავკაცეთ "ოლიმპს" ჩემპიონთა ლიგის მატჩებში "ასტანას" წინააღმდეგ, რის შემდეგაც გუნდში ანატოლი პისკოვეცი მოვიდა...

- "სიონში" რომ მივედი, ერთი კვირა იყო ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი. ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი დაგვაკლდა - ვარჯიშიც, დაკომპლექტებაც... არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს თქმას დაველოდო, წადიო. შევხედე, რომ საქმე რიგიანად ვერ მიდიოდა და წამოვედი. გადავინაცვლე ბავშვთა ფეხბურთში. მე სულაც არ მგონია, რომ ყველა მწვრთნელი მაინცდამაინც უმაღლეს ლიგაში უნდა წვრთნიდეს გუნდს.

მერე რევაზ ძოძუაშვილი მოვიდა "ოლიმპში". მითხრა, რუსთაველი კაცი ხარ, გვერდში დამიდექიო. გუნდი ჩემპიონი გახდა. მერე ბატონი რეზო ჩემთვის მოულოდნელად გაათავისუფლეს. პირველს მე მხვდა პატივი, ჩემპიონთა ლიგაზე მეხელმძღვანელა რუსთავური კლუბისათვის. ჩვენი მეტოქე იყო ყაზახური "ასტანა".

დღემდე ვამბობთ, რომ ქართულმა კლუბმა ყაზახურს აუცილებლად უნდა მოუგოს, მაგრამ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. და მაინც, მარცხის მიუხედავად, ორრაუნდიან ბრძოლაში უშანსოდ არ ვიყავით. შემდეგ "ოლიმპში" ანატოლი პისკოვეცი მოვიდა და მასთან ერთადაც ვიმუშავე. მიმაჩნია, რომ სასწავლი მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს.

- მერე იყო კიდევ ერთი დაბრუნება რუსთავურ კლუბში, მესამე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში და თასის წაგებული ფინალი "დინამოსთან", რასაც მოჰყვა ევროპის ლიგაზე "ლეგიასთან" საპასუხო მატჩის შემდეგ მომხდარი ამბავი, როცა სხვებისგან შეიტყვეთ თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების თაობაზე...

- 26-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. თასის ფინალი წავაგეთ თბილისის "დინამოსთან". ასეთ რამეს იშვიათად თუ ნახავთ - ოთხიდან ოთხი პენალტი ვერ გავიტანეთ თერთმეტრიანების სერიაში. ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავედით.

ამის მერე ვითამაშეთ ევროტურნირებზე, ვარშავის "ლეგიასთან". იმ შეხვედრაში პირველად დაგვემატნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები, მათ შორის, აკინო. ის გუნდი უკვე მზად იყო საჩემპიონოდ და გახდა კიდეც. "ლეგიასთან" კი წავაგეთ, თუმცა შანსი მაინც იყო... ჩემპიონატის დაწყებამდე აღარაფერი რჩებოდა. ღამე წავედი შინ, არაფერი უთქვამს არავის. მეორე დილით თქვენი ერთ-ერთი კოლეგა მირეკავს, გათავისუფლებული ხართ და თუ იცითო? ასე გავიგე ამის თაობაზე...

გაუსაძლისი მდგომარეობა

- ამას მოჰყვა ბავშვთა ფეხბურთში გატარებული ნაყოფიერი პერიოდი. ორი წლის განმავლობაში "რუსთავი" ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებული ხდებოდა; იმ გუნდში ოთარ კიტეიშვილი და გიორგი კილასონია (უმცროსი) გამოირჩეოდნენ...

- არასოდეს შემშინებია რისკის. ამჯერადაც ასე იყო. მართლა ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. ორი წელი ზედიზედ პირველები ვიყავით საქართველოში.

- მერე იყო მორიგი დაბრუნება რუსთავის "მეტალურგში" და ისე მოხდა, რომ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდის დაწინაურების მიუხედავად, ფინანსური სიდუხჭირის გამო გუნდი მეორე სეზონში მაინც გავარდა უმაღლესი ლიგიდან...

- ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაწინაურდა მაშინ. თუნდაც იმავე "სიონთან" მატჩი ავიღოთ. 17 წლის ორ ფეხბურთელს ჰქონდა მაშინ დებიუტი უმაღლეს ლიგაში: ოთარ კიტეიშვილს და გიორგი კილასონიას. გავარდნას რაც შეეხება, გაუსაძლისი მდგომარეობა იყო გუნდში. სამგზავრო ფულიც არ გვქონდა; ძლივს ავცდით იმას, რომ თამაშზე უსახსრობის გამო ვერ წავსულიყავით. მოტივაციის პოვნა იყო ურთულესი...

მოკლედ ვიტყვი: ფეხბურთში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს და არა ისინი, ვინც სარგებელს ელის მხოლოდ.

- ამას მოჰყვა "სიონის" მწვრთნელობა. როგორც ვიცით, ბოლნისიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოგიხდათ წასვლა...

- გამოჩნდა წინადადება "სიონიდან". მე დასამტკიცებელი მქონდა იქაური ქომაგისთვის და წავედი ბოლნისში. მოკლე ხანში კარგი გუნდი შევკარით...

ძალიან დიდი სურვილი მაქვს...

- დღეს "რუსთავს" თავკაცობთ. გუნდის მიზანი, ალბათ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა - ვარლამ კილასონია უამბიციო გუნდში ვერ წარმოგვიდგენია. არადა, ძალიან თანაბარი ჩემპიონატი გველის...

- მართალი ბრძანდებით. ჩვენ ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად. ისე კი, ათივე გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა. იოლი შეხვედრა არც ერთი იქნება. კარგი შემადგენლობა გვყავს. კონკურენცია არის, თუმცა მხოლოდ სახელები ფეხბურთს ვერ ითამაშებენ. ვმუშაობთ იმაზე, რომ თითოეული მოთამაშე საუკეთესო ფორმაში შეხვდეს ჩემპიონატის დაწყებას.

- კილასონიების საფეხბურთო დინასტიაზე უნდა გკითხოთ. შესანიშნავი ფეხბურთელი იყო თქვენი ძმა გია, ფეხბურთს თამაშობენ თქვენი ვაჟი, გიორგი და ძმისშვილი, ვარლამ კილასონია (უმცროსი)...

- ვარლამ კილასონია-უმცროსს ისევე მივიჩნევ ჩემს შვილად, როგორც გიორგის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მათ შეუძლიათ, დიდი ფეხბურთი ითამაშონ. აქვთ ჯერ კიდევ დრო საამისოდ. აქვე ვიტყვი პირდაპირ, რომ ეტყობა, ამ ეტაპზე რაღაცას აკლებენ. მე მინდა, რომ ისინი ბოლომდე ეკუთვნოდნენ ფეხბურთს. ოღონდ იმას კი არ ვამბობ, რომ, თითქოსდა, რეჟიმს არ იცავენ: მხოლოდ ის არ არის საქმე, რომ სიგარეტი არ მოწიო და არ დალიო. ბევრი სხვა ნიუანსიც არის: სწორი კვება, დასვენება...

- თქვენზე გაგვიგია, ფეხბურთელობის დროს დიდი რეჟიმისტი იყოო...

- მართლაც ბოლომდე ვიცავდი რეჟიმს...

- სულ მალე 50 წლის იუბილეს მოგილოცავთ! რაზე გწყდებათ გული? და აქვე, იმასაც გკითხავთ: რაზე ოცნებობს იუბილარი მწვრთნელი?..

- თავის დროზე, რუსეთიდან არ უნდა წავსულიყავი: 4-5 სეზონს უმაღლეს დონეზე კიდევ ვითამაშებდი, ისეთი "რეჟიმისტი" ვიყავი. შემეძლო, რუსეთის უმაღლეს ლიგაში მომესინჯა ძალა.

რაც შეეხება სამწვრთნელო ასპარეზს, ვერ მოვისვენებ მანამ, ვიდრე რუსთავის გუნდი უმაღლეს ლიგას არ დაუბრუნდება! ანუ იქ, სადაც ამ გუნდის ადგილია. ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სწორედ რუსთავის გუნდთან ერთად მოვიგო საქართველოს თასი - ფეხბურთელობის დროსაც და მერეც, მწვრთნელის რანგშიც ხომ არაერთი ფინალი მაქვს წაგებული...

ასევე, ჩემი ოცნებაა, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე ქართულ გუნდს ვუხელმძღვანელო...

ალეკო კაკაურიძე

გია ტუხაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rustaveli
ახლა ალბათ ბოღმით სკდები, ვარლამამ და ბიჭებმა ეს შეძლეს. რუსთავი ჩემპიონია
ZURA
fcdelce-რუსთაველებს გვითხარი ეგ ერთი-ერთზე,აქ ადვილია საწერად.
zura
შოთას-შენ უფრო გეტკინება ჩვენ რომ გადავალთ,არადა რა კაიკაცის სახელი გქვია.
შოთა
ზალიან კარგი სპეციალისტი და ფეხბურთზე უაბნგაროდ შეყვარებული პიროვნებაა, მჯერა მიაღწევს მიზანს.
fcdelce
პირველ ხუთ ტურში გამოჩნდება რისი მომგებები ხართ ვერცერთს ვერ მოიგებთ
zura
ძალიან გვეიმედება ეს კაცი რუსთაველებს.
ვალერი
ვალერი კილასონიაში არც ერთ რუსთაველს ეჭვი არ გვეპარება.გაიხარე ვალერ და მიდი,მიცხე ბოლომდე,მთელი რუსთავი შენთან დავდგებით!!!
shota
rustavi ver gadava, ar getkinot...
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
სიონი-კოლხეთი 0:2 - ფოთელთა ასპროცენტიანი სტუმრობა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი
ᕚᓔᕕᓐᓜ ᓜᓝᓓᓘᓐ: "ᕓᕘᓜᕐᕛᓝᕓᓐᓜ" ᓮᓣᓠᕪᓘᓚᓐᓕᓐᓡ ᓒᕐᕛᓝ ᓬᓐᓛᓝᓕᓔᓓᕘᕗ