
თითქმის ერთთვიანი გაფიცვისა და მოთხოვნების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის გარშემო გაურკვევლობა დასრულდა. გუშინ დავით ქევხიშვილმა გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გვაუწყა.
Sportall.ge ამ სტატიაში შეეცდება, ის ერთთვიანი ქრონიკა განახოთ, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გარშემო იყო ატეხილი.
4 მაისს ძიუდოისტებმა განცხადება გააკეთეს, რომ ვარჯიშს წყვეტდნენ და არცერთ შეჯიბრში არ მიიღებდნენ მონაწილეობას.
განცხადება ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რომელმაც თქვა:
"დავით ქევხიშვილის მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი, სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება".
იმ დღითვე განცხადება დავით ქევხიშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ის გადადგომას არ აპირებდა და ვერ ხვდებოდა, რაში შეუშალა მან ძიუდოისტებს ხელი.
ამის შემდეგ იყო აქცია, რომელიც ძიუდოისტებმა 7 მაისს გამართეს. ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი განაცხადა, რომ არ სურდა ყველაფერზე ესაუბრა, რადგან ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოუწევდა.
ძიუდოისტები ფედერაციაში მივიდნენ. მათ დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პრეზიდენტი იქ არ დახვდათ. ორი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი შეკრებაზე იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ისინი სხვა სპორტსმენების აზრებს იზიარებდნენ.
ვარლამ ლიპარტელიანმა კი თქვა, რომ მათ ერთობას ვერავინ დააღწევდა თავს და ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ.
ამის შემდეგ კი იყო ფედერაციის ყრილობა, სადაც მობილიზებული იყო დაცვა. ყრილობაზე დასწრება ნაკრების წევრებმაც მოითხოვეს, რომლებიც საბოლოოდ დაუშვეს კიდეც.
ყრილობიდან გამოსულმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებასა და გადადგომას ელოდა, თუმცა ქევხიშვილმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ლიპარტელიანს მოუწოდა, მოქცეულიყო ისე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერებოდა.
ამის შემდეგ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ პროცესები სხვადასხვა ძალისგან იყო მართული და ვარლამ ლიპარტელიანს სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავდა. იყო ბრალდებები ე.წ. ატკატებზე, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 700 ლარიდან, რომელიც ხელფასის სახით ერიცხებოდა, 200 ლარი უკან, ფედერაციაში მიჰქონდა.
შეკრებაზე გაემგზავრნენ ასევე ღვინიაშვილი, ნაგლიაშვილი და კირაკოზაშვილი, თუმცა ისინიც ისევე ამ აზრის გამზიარებლებად დარჩნენ.
ძიუდოისტებმა 23 მაისს ფედერაციასთან აქცია გამართეს. ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ბევრს აწყობდა, რომ ამ პროცესებში დაძაბულობა და ესკალაცია ყოფილიყო.
ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
გაფიცულმა ძიუდოისტებმა 27 მაისს პარლამენტის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს, დავით ქევხიშვილმა კი ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.
გაჩნდა კითხვა - ვისთვის ინიშნებოდა ახალი მწვრთნელი? რაზეც ქევხიშვილმა უპასუხა, რომ ნაკრებში იყვნენ და იქნებიან სპორტსმენები, რომლებიც შეჯიბრზე წავლენ.
ამის შემდეგ კი მოხდა ყველაზე ცუდი ფაქტი, რომელიც ამ ერთთვიან ისტორიას უკავშირდება.
"ფეისბუქზე" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ დაწერა, რომ დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში სისხლისღვრაში გადაიზარდა.
"გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს. მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.
თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.
ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების დახოცვა.
დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს კი დავით ქევხიშვილმა გადადგომის შესახებ გვაუწყა.
ბოიკოტი დასრულებულია, სავარძელი - თავისუფალი. ახლა საინტერესოა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი პრეზიდენტი. ჩვენ კი ჩვენი ძიუდოისტებისგან კვლავ მედლებსა და დიდ წარმატებებს ველით.