საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი თბილისში,ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 24-ეა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდიდან მემორიალში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ “რაშმა” განაცხადა, დანარჩენი 10 გუნდი კი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. პლეი ოფში თითოეულიდან საუკეთესო გავა, ხოლო ნახევარფინალს საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი შეავსებს. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ჯგუფში 4 გუნდია, ხოლო ორში 3-3, საუკეთესო მეორეადგილოსანის გამოსავლენად 4-გუნდიან ჯგუფში მეორეზე გასულს ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი გაუუქმდება. ამ გზით ყველა გუნდისთვის პარიტეტის პრინციპი დაცული იქნება.

დამკვიდრებული ტრადიციით, დუდუს თასი გახლავთ სუპერლიგისთვის მოსამზადებელი, რომელშიც გუნდები მეტოქეებზე არანაკლებად საკუთარი გუნდის ახალ შემადგენლობას აკვირდებიან – ვინ როგორ ფორმაშია, რომელ რგოლში რა ხარვეზია, სად მართებთ გაძლიერება და ასე შემდეგ…

A ჯგუფიმარგვეთი (ზესტაფონი) vs ორბი (ტყიბული) 94:72 დუდუ დადიანის მემორიალის გახსნის მატჩი იმერული დერბი გამოდგა. ოთხგუნდიანი ჯგუფის 2 მონაწილე ერთმანეთს დაუპირისპირდა, შეხვედრა 22-ქულიანი სხვაობით დასრულდა. შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო ზესტაფონის გუნდმა, რომელსაც გამრჯე ლეგიონერები და საკმაოდ ახალგაზრდა ადგილობრივი მოთამაშეები ჰყავს.

მატჩის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ გიორგი კობახიძე, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. ის ახალ სეზონში სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე ბასრი მსროლელი იქნება, რომელიც ეცდება მარგვეთს იმ ისტორიული შედეგის გაუმჯობესებაში დაეხმაროს, რაც იმერულმა გუნდმა წინა სეზონში, სუპერლიგაში მესამე ადგილის დაკავებით დააფიქსირა.

მარგვეთს საკმაოდ კარგი ლეგიონერები ჰყავს, რომელთაგან 21 ქულის მიმთვლელი ჯალენ ჰილი გამოირჩევა. კრისტიან ჯონსი ზესტაფონში წინა სეზონშიც თამაშობდა. რაც შეეხება ორბს, ტყიბულელთა ხელმძღვანელობა დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს და შემადგენლობის გაძლიერებაზეც სავარაუდოდ ფიქრი დაწყებულია.

A ჯგუფი ივერიონი (გორი) vs კავკასია (თბილისი) 70:100 A ჯგუფის მეორე მატჩში კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ზოგადად, მემორიალის პირველ ტურში ერთი დაძაბული შეხვედრაც არ ყოფილა. 22-ქულიანი სხვაობა იყო მინიმუმი, რაც დღევანდელ 4 მატჩში დაფიქსირდა. ყველაზე დაძაბული მაინც აღნიშნულ შეხვედრას ეთქმის. ივერიონისა და კავკასიის დაპირისპირების პირველი და მეორე ტაიმები დიამეტრულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. პირველ ნახევარში თანაბარი, თვალსასეირო ბრძოლა იყო, ხოლო მეორეში, რომ იტყვიან, ცალფარა.

პირველი ნახევარი ივერიონმა 2 ქულით მოიგო, თუმცა მეორეში კავკასიელებმა 32 ქულით იმარჯვეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით მოიგეს. კავკასიას მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავს და არც ქართველი მოთამაშეების კლასს უჩივის. ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში ფეხის მცირე ტკივილის გამო არ უთამაშია კავკასიის ძირითად გამთამაშებელს, ეროვნული ნაკრების კანდიდატს, ლუკა მაზიაშვილს.

არც გორელებს ჰყავთ ურიგო შემადგენლობა, თუმცა მეორე ნახევარში აშკარად წარუმატებლად ითამაშეს და უშანსოდ წააგეს. კავკასიელთა შორის საუკეთესო ყო ქსავიერ ბელი 23 ქულით. 18 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 13 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

A ჯგუფში მეორე ტურში საინტერესო თამაშებია: კსუ მარგვეთის წინააღმდეგ და ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით გაირკვევა ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა.

B ჯგუფი თსუ (თბილისი) vs ქუთაისი 2010 54:87 სუპერლიგის წინა სეზონის ფინალისტების მატჩი ვერ გამოდგა ისეთი, გულშემატკივარი რომ ელოდა. თსუ-მ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქუთაისელებს, რომლებმაც თამაში ფაქტობრივად პირველ პერიოდში მოიგეს, როცა ათწუთეულში 22:6 გალიდერდნენ. თსუ-ს აკლდა ნიკა ჩეჩელაშვილი, მაგრამ იმდენად უიმედოდ წააგო, რომ მაღალი ამბიცია ელემენტარულად ვერ ექნება.

ქუთაისს ძალიან ძლიერი და ხეირიანი ლეგიონერები ჰყავს, თუმცა ქართველებში მოიკოჭლებს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს მოსამზადებელ ციკლსა და თავად ამ ტურნირის მატჩით იმხელა გამოცდილება მიიღეს, რომ თსუ-ს დამარცხება არ გასჭირვებიათ.

20 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დეტრიკ ბრაუნინგმა მიითვალა. 18 ქულა ტაირი ბოიკინის, ხოლო 12 ქულა მარქუს გილსონის ანგარიშზეა. თსუ-ში 12 ქულით საუკეთესო იყო მალკოლმ დრამრაითი.

მეორე ტურში B ჯგუფში ქუთაისი დაისვენებს, ხოლო ერთმანეთს თსუ და ბათუმი დაუპირისპირდება.

C ჯგუფივსა (თბილისი) vs დელტა (გურჯაანი) 91:54C ჯგუფის ფავორიტია ვსა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს ლეგიონერებისა და გამოცდილი და ახალგაზრდა ქართველი მოთამაშეების კარგი სინთეზი აქვს. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად სძლია გურჯაანის დელტას, რომელსაც წარმატების შანსი არ ჰქონია.

პირველი ტაიმი ვსა-მ 11 ქულით მოიგო, თუმცა მეორეში მეტოქე საბოლოოდ გატეხა და დიდ შესვენებაზე 28-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა. ვსა-მ საბოლოოდ 37 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და ხვალ რუსთავსაც თუ მოუგებს, ნახევარფინალში გავა.

GBF

დეტრიკ ბრაუნინგი, ტაირი ბოიკინი, მარქუს გილსონი და მალკოლმ დრამრაითი - კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები. ამდენი წელი ნაკრების მწვრთნელი იყო, რით ვერ ასწავლა ერთ ქართველს მაინც თამაში.
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] ...მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"კვარა" შეცვალეს - პსჟ სტუმრად "მონაკოსთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო