კითხვა, რომელიც წერილის სათაურში დავსვით, ძალიან აქტუალურია. აქტუალურია განსაკუთრებით დღეს - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისა და იქ პლეი-ოფის საგზურის მონადირების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი შესარჩევი ციკლი ჩააგდო და თუ მომხდარიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ, ჩავაგდებთ მომავალ ციკლებსაც.

ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ასე მოხდა, ეს დიდი დანაშაული იქნება ქართული ფეხბურთის წინაშე, რადგან თუ ჩვენ ახლა არ განვავრცეთ ის წარმატება, რომელსაც გასულ წელს მივაღწიეთ, მერე ამის გაკეთება უფრო და უფრო გაგვიჭირდება...

შევირგოთ აწმყო და უახლოესი მომავალი

ბოლოდროინდელი სანაკრებო წარუმატებლობის შემდეგ ძალიან პოპულარულია აზრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრები არც ისე ძლიერი გუნდია, როგორც ბევრს ჰგონია. ამაში შეიძლება სიმართლის მოზრდილი მარცვალიც არის, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ შესარჩევი ციკლის ნებისმიერი ჯგუფის დაძლევაზე ხელი ჩავიქნიოთ.

კი ბატონო, ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს აქვს რამდენიმე ნაკლი. მათ შორის, თუნდაც შემადგენლობის სიღრმე, მაგრამ ნუ დავივიწყებთ იმას, რომ ამ დროისთვის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე მეტი ლეგიონერი გვყავს ტოპლიგებში. გარდა ამისა, გვყავს ერთი მეგავარსკვლავი და რამდენიმე დიდი გაქანების მოთამაშე. ეს კონტინგენტი კი სრულიად საკმარისია კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამბიცია იმისა, რომ ტოლ-სწორად ვებრძოლოთ ესპანეთს, პორტუგალიას, საფრანგეთს, ინგლისს და კიდევ ერთ-ორ ნაკრებს, მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ თურქეთის დონის მართლა კარგ ნაკრებებთან ვიჭიდაოთ როგორც თანასწორმა და მათთან ერთ ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში შესარჩევ ციკლს მალე არ დაეკარგოს აზრი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევირგოთ აწმყო და უახლოესი მომავალი, თორემ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რაც და როგორც ხდება, ეს ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ ამ თაობის წასვლის შემდეგ გაცილებით დამძიმდება სანაკრებო ვითარება.

თუ სანიოლი მაინც რჩება...

ჩვენი აზრით, მოვიდა დრო, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს დამსახურებული, ალალი მადლობა ვუთხრათ და შეველიოთ, მაგრამ ერთია, რას ვფიქრობთ ჩვენ და მეორეა, რას ფიქრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. არის მოქმედი კონტრაქტის მომენტიც.

თუ მაინც მოხდა სასწაული და სანიოლმა ეროვნული გუნდი დატოვა, სხვისი არ ვიცი და მე პირადად, ნაკრებისთვის ესპანელ სპეციალისტს ვისურვებდი. დღეს ესპანელები თავიანთ სტილს ნერგავენ ყველგან - ყატარში თუ კვიპროსის არაფრით გამორჩეულ გუნდებშიც კი.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ნაკრების ამ ფორმაციას ისეთი ფეხბურთის თამაში შეუძლია, როგორსაც "ფურია როხა" თამაშობს ახლა, მაგრამ ის კი მგონია, რომ ამ ბიჭებს შეუძლიათ ძალიან შემტევი, თვალსასეირო, ბურთის კონტროლზე დამყარებული ფეხბურთის თამაში.

თუ ახალი მწვრთნელი მოვა, მაშინ ის თავად განსაზღვრავს საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილსა თუ ტაქტიკურ მონახაზს, მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ სანიოლი დარჩება? რა და როგორ უნდა გააკეთოს ფრანგმა, რომ კრიზისი დაიძლიოს?

ცხადია, სანიოლს ამასთან დაკავშირებთ თავისი აზრი ექნება (წესით, უკვე უნდა ჰქონდეს), უბრალოდ, ძალიან ვრისკავთ - მსოფლიო ფეხბურთში ძალიან ცოტაა იმის მაგალითი, რომ მწვრთნელს მიუღწევია პიკისთვის, გადაულახავს, დაშვებულა დაბლა და მერე ისევ მწვერვალზე დაბრუნებულა. ეს გარემოება, ვფიქრობთ, უსათუოდ გასათვალისწინებელია.

ვფიქრობთ, ვილიმ უნდა აჯობოს საკუთარ თავს, აღიაროს, რომ მის ხელში საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესოა 5-მცველიანი ტაქტიკური სქემა და დაუბრუნდეს იმ განლაგებას, რომელმაც მას და მის გაწვრთნილ ნაკრებს წარმატება მოუტანა.

ნებისმიერი ჭკვიანი მწვრთნელი არ ჩაიციკლება ერთ, თუნდაც ძალიან ჭკვიანურ იდეაზე. მით უმეტეს, თუ ეს იდეა არ მუშაობს და ამას წარმატების ნაცვლად იმედგაცრუება მოაქვს. სხვა მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები, ჩემი აზრით, თავისუფლად ითამაშებს 4-3-3 სქემით, მაგრამ სანიოლი, თავისი სამწვრთნელო რაობით, მაინც დაცვაზე ორიენტირებული სპეციალისტია და რაც იცის, ზუსტად ის უნდა ითამაშოს.

მე კარგად მახსოვს სანიოლი-ფეხბურთელი და თუ რაიმის განსახიერება იყო ის მინდორზე, უდავოდ - სიმშვიდისა და საიმედოობის. რატომღაც მწვრთნელ-სანიოლს ამჩატებები სჩვევია და ხანდახან შემადგენლობის თუ ტაქტიკის შერჩევისას ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, გაკვირვებისგან კაცს თმები ყალყზე დაუდგება.

სიჯიუტე ფეხბურთში ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველთვის არა. ანდა, რა იმის გაჭირვება გვაქვს, რომ ფეხბურთელები მათთვის არაკომფორტულ პოზიციებზე ვათამაშოთ. კლუბში ერთ პოზიციაზე, ნაკრებში მეორეზე - უნივერსალიზმი კარგია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იმავე პოზიციის სხვა ფეხბურთელი არ გყავს.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სანიოლმა ამოიჩემა რომელიმე ფეხბურთელი, მაგრამ ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად ჩნდება. არ აქვს ამ ფორმაციის ნაკრებს იმის ფუფუნება, რომ აზაროვზე თქვას უარი. თუ საქმე სხვა რამეშია, თუ ირაკლი ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, მაშინ გვითხარით ბატონებო და ხმას აღარ ამოვიღებთ!

ისე კი აზაროვის ნაკრებში არყოფნის პირობებში ჩვენ ძალაუნებურად ძალიან ვამცირებთ ეროვნულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურობასაც. მეორეც, თუ მაინცდამაინც საკლუბო კარიერაზე მიდგება საქმე, ვისზე ნაკლები კლუბია დონეცკის "შახტარი"?!

ბოლო დროს სანიოლმა ლამის იდეა-ფიქსად გაიხადა ახალი დაცვის მშენებლობა. ძალიან კარგად მესმის, რომ გურამ კაშია და საბა კვირკველია უკვე ასაკში არიან და, შესაძლოა, მომავალ შესარჩევ ციკლში მათზე დაყრდნობა მთლად მომგებიანი არ იყოს, მაგრამ... სხვა რომელი მცველია ისეთ ასაკში, რომ ნაკრების კარი დავუხუროთ? ცხადია, უნდა გაგრძელდეს ძიება, ოღონდ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

...თვითონ არ არის დამნაშავე?

ცხადია, ყურადღებით ვეცნობი ხოლმე სანიოლის ყველა პრესკონფერენციას და მეტადრე ბოლო დროს ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არ მახსენდება მაგალითი, რომ მას თავის თავზე აეღოს ნაკრების წარუმატებლობა.

რას ნიშნავს - "ფეხბურთელები კომფორტის ზონაში ჩარჩნენ"? რას ნიშნავს - "ისინი გამარჯვების წყურვილით აღარ იწვიან?!"... თუ ასეა, ვისი ბრალია ეს? და თუ ეს მართალია, რას აკეთებს გუნდში მთავარი მწვრთნელი და არის თუ არა მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარება მისი პასუხისმგებლობა?!

დიდი ხანია, ფეხბურთში მთავარი მწვრთნელის ფუნქცია აღარ არის მხოლოდ შემადგენლობის შერჩევა და ტაქტიკური სქემების დახაზვა. ის უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი და ყველა შეხვედრისთვის ისე უნდა მოამზადოს გუნდი, როგორც გადამწყვეტი ომისთვის.

თუ მწვრთნელი ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში მისი საქმე დამთავრებულია. ეს რომ ერთ და ორ შემთხვევაში მომხდარიყო, კიდევ გაიგებდა კაცი, მაგრამ უკვე ორი შესარჩევი ციკლია, ასე გრძელდება. სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ ეს ტრაგიკომედია, თორემ ამ ორ ფაქტორს გაუთავებლად შეგვიძლია დავაბრალოთ ჩვენი წარუმარტებლობა.

როცა ერთადერთი მეხამრიდიც აღარ არის...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა არაერთხელ გაგვიკრიტიკებია და როცა იმსახურებენ, არც საქებარი სიტყვები დაგვიშურებია, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ მესმის, ესაა - თუ ნაკრებს ან ფედერაციას აკრიტიკებ, ჩასაფრებული ხარ, ქართული ფეხბურთის წარმატება არ გიხარია...

არადა, შესარჩევი ციკლის სტარტზე ჯგუფის დაძლევის ამბიცია რომ გაქვს და რეალურად ყველაფერი უკვე მეორე ტურში მთავრდება, არაფერი უნდა თქვა? სირაქლემას პოზაში უნდა დარჩე? და ასე თუ მოიქცევი, მართლა სირაქლემა არ ხარ?

ამ ნაკრებზე ფიქრით და დარდით, მისი პერსპექტივების განსჯით და უკეთესი მომავლის იმედით ღამეები გვითენებია და მის სიყვარულში ნებისმიერს გავეჯიბრებით. ბოლო დროს სანიოლი ხშირად ახსენებს "კომფორტის ზონას" და თუ ვინმეა დღეს კომფორტის ზონაში მოქცეული, ეს არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ბატონებო, გასაგებია, ეროვნულ ჩემპიონატზე თავად აიცილეთ პასუხისმგებლობა, მაგრამ იმ ტურნირს, რომელიც ვერაფერს აძლევს საქართველოს ნაკრებს, დღემდე თქვენ ატარებთ და ასე ხელების დაბანა არ გამოვა.

ნაკრები ბოლოს როგორ თამაშობს, ყველა ვხედავთ და ნუთუ, არ დადგა დრო, ვინც ჯერ არს, ცოტა კრიტულულად შეხედოს თავის საქმეს და საკეთებელს? აქამდე ფეხბურთის ფედერაციისათვის ერთადერთი მეხამრიდი ნაკრების წარმატება იყო, ახლა კი ესეც აღარ არის...

ალეკო კაკაურიძე,

გაზეთი "ლელო"

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა