1969 წლის ზაფხულში ელ-სალვადორი და ჰონდურასი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდნენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი ფეხბურთის ჩვეულებრივ დაპირისპირებას ჰგავდა. ორი მეზობელი ქვეყანა, ორი ეროვნული ნაკრები და ერთი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე. სინამდვილეში, იმ დროისთვის ორივე სახელმწიფოს შორის დაძაბულობა უკვე წლების განმავლობაში არსებობდა. ფეხბურთმა მხოლოდ ის მოახერხა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, ადამიანების ემოციებს სახე მისცა, დაგროვილ უკმაყოფილებას ხმა შემატა და ორი ქვეყნის საზოგადოება ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო დააპირისპირა. რამდენიმე კვირის შემდეგ ფეხბურთელები სტადიონზე ერთმანეთს აღარ შეხვედრილან, იარაღი აიღეს და საზღვრის გამაგრება დაიწყეს.

1969 წლის 14 ივლისს ელ-სალვადორის არმიამ ჰონდურასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოთხი დღის შემდეგ ცეცხლი შეწყდა. ამიტომაც დარჩა ეს კონფლიქტი ისტორიაში "100-საათიანი ომის" სახელით. მაგრამ სანამ თვითმფრინავები ცაში აფრინდებოდნენ და ტანკები საზღვარს გადაკვეთდნენ, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.

ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემა უკვე ჰქონდათ1960-იანი წლების ბოლოს ელ-სალვადორი ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, სასოფლო-სამეურნეო მიწა კი საკმარისი არ იყო. ათასობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ბევრს საკუთარი მიწა არ ჰქონდა და საარსებო წყაროს მეზობელ ჰონდურასში ეძებდა. ჰონდურასი ტერიტორიულად გაცილებით დიდი იყო და მოსახლეობაც ნაკლები ჰყავდა. ამიტომ წლების განმავლობაში ელ-სალვადორიდან იქ სამუშაოს საძებნელად გადასული ადამიანების რაოდენობა იზრდებოდა. 1969 წლისთვის ჰონდურასში დაახლოებით 300 ათასი სალვადორელი ცხოვრობდა. მათი ნაწილი უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქ იყო დასახლებული. ზოგი მიწას ამუშავებდა, ზოგი მაღაზიას ან მცირე ბიზნესს ფლობდა, ზოგიც სეზონურ სამუშაოზე იყო დამოკიდებული. თავდაპირველად ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის მისაღები იყო. შემდეგ ვითარება შეიცვალა.

ჰონდურასში სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა, რომ სალვადორელი მიგრანტები მათ სამუშაო ადგილებსა და მიწას იკავებდნენ. ხელისუფლებამ აგრარული რეფორმა დაიწყო, რომლის ფარგლებში მიწის გადანაწილება ჰონდურასის მოქალაქეების სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო. სალვადორელი მიგრანტები კი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდნენ. ზოგმა მიწა დაკარგა, ზოგმა სახლი დატოვა, ზოგმაც საერთოდ ქვეყანა. დაძაბულობა იზრდებოდა და ორივე მხარეს სულ უფრო უჭირდა ერთმანეთის ნდობა. ამ ყველაფერს პოლიტიკური ინტერესებიც ემატებოდა. ორივე ქვეყანას სამხედრო რეჟიმი მართავდა და ხელისუფლებებისთვის სულ უფრო მოსახერხებელი ხდებოდა ეროვნული ერთიანობის გარშემო საზოგადოების გაერთიანება. მეზობელი ქვეყანა კი ამ ერთიანობისთვის იდეალური მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. საჭირო იყო მხოლოდ მიზეზი, რომელიც ხალხის ემოციებს ერთ წერტილში მოუყრიდა თავს. ეს მიზეზი ფეხბურთი აღმოჩნდა.

პირველი მატჩი 1969 წლის 8 ივნისს ელ-სალვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები ტეგუსიგალპაში შეხვდნენ. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა. სალვადორელი ფეხბურთელები თამაშამდე ღამით სასტუმროში იმყოფებოდნენ. მათ ძილის საშუალება თითქმის არ ჰქონდათ. ჰონდურასელი გულშემატკივრები შენობის წინ ხმაურობდნენ, ფეიერვერკებს ისროდნენ და ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ზოგიერთი ფეხბურთელი მოგვიანებით ამბობდა, რომ ღამის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა. მეორე დღეს გუნდები მოედანზე გავიდნენ. ჰონდურასმა 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი ლეონარდო უელსმა მატჩის 89-ე წუთზე გაიტანა. ჰონდურასში ზეიმი დაიწყო, ელ-სალვადორში კი მარცხი გაცილებით მძაფრად აღიქვეს.

ქვეყნის პრესამ შეხვედრას ეროვნული ღირსების საკითხი დაუკავშირა. დაპირისპირება თანდათან სპორტული ამბიდან საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. უკვე ცნობილი იყო, რომ მეორე მატჩი ერთი კვირის შემდეგ სან-სალვადორში გაიმართებოდა. ახლა ჰონდურასელებს უნდა ეთამაშათ მტრულ გარემოში. დაძაბულობა უკვე აშკარა იყო. ჰონდურასელი ფეხბურთელები სასტუმროში იმყოფებოდნენ, როდესაც გარეთ შეკრებილი გულშემატკივრების ხმაური დაიწყო. შეხვედრის წინ ორივე გუნდის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. სტადიონზე ატმოსფერო კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. ელ-სალვადორმა 3:0 გაიმარჯვა. მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთი აღარ იყო, დაპირისპირება ქუჩებში გაგრძელდა და შემდეგ ჰონდურასშიც გადავიდა. ჰონდურასში მცხოვრები სალვადორელები თავდასხმების სამიზნეები გახდნენ. მათი სახლები და მაღაზიები დაარბიეს, ბევრი ადამიანი კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.ათასობით ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა... ზოგი ფეხით, ზოგი ისე, რომ მხოლოდ ის ნივთები მიჰქონდა, რომელთა წაღებაც გზაში შეეძლო, ზოგმა ჰონდურასში წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრება რამდენიმე დღეში საერთოდ დაკარგა.

სალვადორის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა სისტემურ ხასიათს იღებდა. ჰონდურასის ხელისუფლება კი საკუთარ პოზიციას იცავდა. ორივე ქვეყანაში პრესა და პოლიტიკოსები ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებდნენ. ფეხბურთის მოედანზე ორი მატჩი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ მათი შედეგები ქუჩებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის კიდევ ერთი შეხვედრა იყო საჭირო. მესამე მატჩი მეხიკოში გაიმართა. ორივე გუნდს თითო გამარჯვება ჰქონდა, ამიტომ გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე დაინიშნა.

27 ივნისს ელ-სალვადორი და ჰონდურასი მექსიკაში, "აცტეკას" სტადიონზე შეხვდნენ. ამჯერად ფეხბურთს უკვე მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა შემოხვევია. ორი ქვეყნის ურთიერთობა თითქმის აღარ არსებობდა. ელ-სალვადორმა დამატებით დროში 3:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. მატჩი დასრულდა, მაგრამ ელ-სალვადორსა და ჰონდურასს შორის დაპირისპირება აქ არ მორჩენილა, პირიქით. რამდენიმე დღეში ის ფეხბურთის ფარგლებს საბოლოოდ გასცდა.

"ფეხბურთის ომის" შესახებ ყველაზე გავრცელებული ისტორია ასეთია: ორი ქვეყანა ერთმანეთს ფეხბურთში დაუპირისპირდა, შეხვედრებმა ძალადობა გამოიწვია და ამის შემდეგ ომი დაიწყო. ეს ამბავი კარგად ჟღერს, მაგრამ ისტორიულად ზუსტი არ არის. მესამე მატჩი 27 ივნისს გაიმართა, სამხედრო მოქმედებები კი 14 ივლისს დაიწყო. ამ ორ მოვლენას შორის 17 დღე გავიდა.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ფეხბურთის შეხვედრებმა მხოლოდ მისი გამწვავება შეძლო. 2025 წელს გამოქვეყნებულმა ფართო ისტორიულმა კვლევამ, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებს, CIA-ს მასალებს, ბრიტანეთის არქივებს, გაზეთებსა და სხვა პირველწყაროებს ეყრდნობა, დაასკვნა, რომ მატჩებმა ომის დაწყება არ გამოიწვია. კონფლიქტის საფუძველი დემოგრაფიული, ეკონომიკური, მიწის, პოლიტიკური და ნაციონალისტური პრობლემების ერთობლიობა იყო. ფეხბურთი ნაპერწკალი კი არა, უფრო დიდი ხანძრის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი აღმოჩნდა. საზღვარზე მატჩების შემდეგ ჰონდურასში სალვადორელების წინააღმდეგ ძალადობამ ათასობით ადამიანი აიძულა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. სალვადორის ხელისუფლება ჰონდურასს მოქალაქეების დაცვის მოთხოვნით მიმართავდა, მაგრამ მოლაპარაკებები ვერაფერს ცვლიდა, ორივე მხარეს საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა. საზღვარზე სამხედრო ძალები იკრიბებოდნენ, პრესაში კი ერთმანეთის წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიული განცხადებები ვრცელდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელ დოკუმენტებში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ დაპირისპირების ძირითადი მიზეზები ფეხბურთზე ბევრად ღრმა და ხანგრძლივი იყო. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ ომის დაწყება უკვე რეალურ საფრთხედ იქცა. 14 ივლისს ეს საფრთხე რეალობად იქცა.

14 ივლისი

სალვადორის სამხედრო ძალებმა ჰონდურასზე შეტევა დაიწყეს. საჰაერო ძალებმა ჰონდურასის ტერიტორიაზე რამდენიმე სამიზნე დაბომბეს, სახმელეთო ჯარები კი საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე გადავიდნენ. ჰონდურასისთვის ეს მოულოდნელი დარტყმა იყო. სალვადორის არმიამ თავდაპირველად სწრაფად წაიწია წინ და რამდენიმე მიმართულებით ჰონდურასის ტერიტორიაზე ათეული კილომეტრით შევიდა, მაგრამ შეტევა მალევე შენელდა. სალვადორის არმიას საწვავისა და საბრძოლო მასალის პრობლემა შეექმნა. სწრაფი გამარჯვება, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობა შესაძლოა ელოდა, აღარ გამოვიდა. ჰონდურასის არმიამ წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, კონფლიქტი კი სულ უფრო ფართო ხდებოდა. 1969 წელს სამხედრო ავიაცია უკვე რეაქტიულ ეპოქაში იყო. ელ-სალვადორსა და ჰონდურასს ძირითადად მოძველებული ამერიკული თვითმფრინავები ჰყავდათ, ამიტომ ეს ომი სამხედრო ავიაციის ისტორიაშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ორივე მხარის საბრძოლო თვითმფრინავებს შორის საჰაერო ბრძოლები გაიმართა და ეს ერთ-ერთი უკანასკნელი კონფლიქტი აღმოჩნდა, სადაც პროპელერიანი საბრძოლო ავიაცია ერთმანეთს რეალურ ომში დაუპირისპირდა, მიწაზე მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. საზღვრისპირა დასახლებებში ადამიანები სახლების დატოვებას ცდილობდნენ, ქალაქებში ღამით შუქებს თიშავდნენ, ხალხი საჰაერო თავდასხმების შიშით იმალებოდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში ის უკვე მხოლოდ სამხედროების საქმე აღარ იყო, კონფლიქტში უკვე კონკრეტული ქვეყნები აღმოჩნდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობდნენ. OAS-მა მოლაპარაკებები დაიწყო და ორივე მხარეს სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა, მაგრამ სალვადორის არმია ჯერ კიდევ ჰონდურასის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. საკითხი მხოლოდ ბრძოლების შეწყვეტა აღარ იყო, საჭირო იყო ჯარების გაყვანაც. 18 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. 14 ივლისს დაწყებული სამხედრო მოქმედებები დაახლოებით 100 საათის შემდეგ დასრულდა, ამიტომაც მიიღო კონფლიქტმა მეორე სახელიც "100-საათიანი ომი". ომი დასრულდა, მაგრამ მისი შედეგები გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. მსხვერპლის ზუსტი მონაცემები დღემდე განსხვავდება, რადგან იმ პერიოდის წყაროები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად ცდებოდა. თანამედროვე კვლევის მიხედვით, შეტაკებას დაახლოებით 1900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაახლოებით 12 ათასი ადამიანი დაიჭრა. ათასობით ოჯახმა დაკარგა სახლი, მიწა ან ბიზნესი. ყველაზე მძიმე დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე მოდიოდა. ჰონდურასიდან გამოძევებულ ან გაქცეულ სალვადორელებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ახალი პრობლემები ელოდათ. მათ დატოვეს ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ უკან დაბრუნებულ ელ-სალვადორში არც საკმარისი მიწა დახვდათ და არც მათი უმეტესობისთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად საჭირო პირობები.

ომმა პრობლემა ვერ გადაჭრა, მან მხოლოდ ათასობით ადამიანის ცხოვრება გაართულა. ფეხბურთმა პოტენციური საომარი ვითარებები არათუ შეაჩერა, არამედ გაამწვავა, მეტიც, ელ-სალვადორმა, როგორც გითხარით, მესამე შეხვედრაში გაიმარჯვა, მუნდიალზე გავიდა, მაგრამ დაპირისპირების შემდეგ ქვეყნებმა მძიმე საფასური გადაიხადეს. დაზიანდა ვაჭრობა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, ორ ქვეყანას შორის კი ურთიერთობა წლების განმავლობაში გაქრა ან გამძაფრდა. ფეხბურთი კი ისტორიაში მაინც შევიდა, როგორც შეხვედრა, რომელმაც ომი გამოიწვია. ის ნათლად აჩვენებს ფეხბურთის გავლენას საზოგადოებაზე და იმასაც, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს სპორტს მაშინ, როდესაც მასში ეროვნული ღირსება, პოლიტიკური ინტერესები და ადამიანების დაგროვილი ემოციები ერთიანდება.

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...