ფეხბურთელის გაცნობა, როგორც წესი, მისი თამაშით იწყება. ვიცით, როგორ მოძრაობს მოედანზე, როგორ იტანს გოლებს, როგორ აღნიშნავს გამარჯვებას და როგორ იქცევა მაშინ, როდესაც ყველაფერი მის წინააღმდეგ მიდის. ვიცით მისი პირადი სტატისტიკა, ტიტულები, რეკორდები და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, თუმცა სპორტსმენის შესახებ ყველაზე საინტერესო კითხვებზე პასუხები ზოგჯერ სტადიონზე საერთოდ არ ჩანს. ადამიანის ხასიათი ხშირად იმაში უფრო მკაფიოდ იკითხება, თუ რას აკეთებს მაშინ, როდესაც მას არავინ უყურებს. მათ შორის, რას კითხულობს.

წიგნი ადამიანის შინაგან სამყაროში შესვლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებს ეხებათ. ადამიანები, რომლებსაც მილიონობით გულშემატკივარი ყოველდღიურად ადევნებს თვალს, თავად ირჩევენ ისტორიებს, იდეებსა და ადამიანებს, რომლებთანაც რამდენიმე საათით მარტო რჩებიან. ზოგისთვის ეს თვითგანვითარებაა, ზოგისთვის ისტორია, ზოგისთვის კი უბრალოდ კარგი ამბავი, რომლის კითხვაც ბავშვობიდან უყვართ. მათი არჩევანი ყოველთვის არ ემთხვევა იმ იმიჯს, რომელსაც მოედანზე ვხედავთ. სწორედ ეს ხდის ამ ისტორიებს საინტერესოს.

მოჰამედ სალაჰი ერთ-ერთი ასეთი მაგალითია. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ის ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ეგვიპტელი ვარსკვლავის ინტერესები ბურთითა და მოედნით არ შემოიფარგლება. სალაჰი ხშირად საუბრობს კითხვაზე და მის გავლენაზე საკუთარ ცხოვრებაზე. 2024 წელს, შარჯის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, მან თქვა, რომ საკუთარი წარმატების 90 პროცენტს იმ ცოდნას უკავშირებს, რომელიც წიგნებიდან მიიღო. განსაკუთრებით აინტერესებს ფსიქოლოგია და ადამიანების ქცევა. მისი თქმით, წიგნები ადამიანების უკეთ გაგებასა და საკუთარ თავზე მუშაობაში ეხმარება.

სალაჰის მიერ საჯაროდ გამორჩეულ წიგნებს შორის არის მარკ მენსონის "The Subtle Art of Not Giving a F*ck" ("ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება"), ნაწარმოები, რომლის სათაურმაც თავიდან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. თითქოს წიგნი გულგრილობას გვთავაზობს, თითქოს ავტორის მთავარი რჩევა ყველაფრისთვის ზურგის შექცევაა. სინამდვილეში, მენსონი სრულიად საპირისპირო რამეზე საუბრობს. მისი აზრით, ადამიანს ყველაფერზე ერთნაირად ზრუნვა უბრალოდ არ შეუძლია და შინაგანი სიმშვიდისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც სწორედ ამის აღიარებაა.

ჩვენი ყოველდღიურობა უამრავი პატარა საზრუნავით არის სავსე. გვაინტერესებს, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, რატომ თქვა ვიღაცამ კონკრეტული სიტყვა, რატომ მიიღო სხვამ ჩვენზე მეტი, რატომ ვერ მოვახერხეთ რაღაცის გაკეთება ისე, როგორც გვინდოდა, ან რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ზოგჯერ ადამიანი იმდენ ენერგიას ხარჯავს იმაზე ფიქრში, რასაც ვერ შეცვლის, რომ აღარ რჩება ძალა იმისთვის, რაზეც რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია.

მენსონის წიგნის მთავარი იდეა სწორედ აქედან იწყება. პრობლემა ის არ არის, რომ ადამიანს ცხოვრებაში სირთულეები აქვს. პრობლემა ის არის, რომ ხშირად გვინდა ისეთი ცხოვრება, სადაც სირთულეები საერთოდ არ იქნება, ასეთი ცხოვრება კი არ არსებობს. მარცხი გარდაუვალია, იმედგაცრუებაც და ტკივილიც. რაღაცას აუცილებლად დავკარგავთ, რაღაცას ვერ მივიღებთ, ზოგიერთ ადამიანს იმედს გავუცრუებთ ხშირად საკუთარ თავსაც. ამიტომ ავტორი კითხვას ცვლის. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორ ავიცილოთ თავიდან ყველა პრობლემა, უნდა დავფიქრდეთ, რომელი პრობლემებისთვის ვართ მზად რომ ვიბრძოლოთ.

ეს თითქოს უბრალო განსხვავებაა, თუმცა მთელი წიგნის ფილოსოფია სწორედ მასზე დგას. ყველაფერს თავისი ფასი აქვს: წარმატებასაც, სიყვარულსაც, თავისუფლებასაც და პირად არჩევანსაც. თუ ადამიანი რაიმეს მიღწევას გადაწყვეტს, მასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაც მოუწევს. თუ საკუთარ გზას აირჩევს, უნდა შეეგუოს იმასაც, რომ ყველა ადამიანი ამ არჩევანს ვერ გაიგებს. თუ მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის იბრძოლებს, უნდა იცოდეს, რომ მასთან ერთად იმედგაცრუების რისკიც არსებობს.

მენსონისთვის კარგი ცხოვრება პრობლემებისგან გათავისუფლება არ არის. კარგი ცხოვრებაა ისეთი პრობლემების არჩევა, რომელთა გადაჭრაც შენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ მოსაზრებაში კიდევ ერთი საინტერესო რამ იმალება. ავტორი არ გვეუბნება, რომ სხვების აზრი საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს. არც იმას ამტკიცებს, რომ ყველაფრის მიმართ გულგრილობა თავისუფლების ფორმაა. მისი სათაურის მიღმა გაცილებით უფრო რთული აზრია: არ შეიძლება ყველაფერს ერთნაირი მნიშვნელობა მიანიჭო. ადამიანის დრო, ყურადღება და ენერგია უსასრულო არ არის. ამიტომ ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, ერთნაირი მნიშვნელობა ვერ ექნება. თუ ყოველ კრიტიკას პასუხს გავცემთ, თითოეულ წარუმატებლობას ზედმეტად განვიცდით და მუდმივად სხვებისთვის სიმპატიის მოპოვებას შევეცდებით, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვრჩეს უყურადღებოდ. ამ იდეას ფეხბურთელის ყოველდღიურობასთან განსაკუთრებით მარტივად მივყავართ. პროფესიონალი სპორტსმენი მუდმივად შეფასების ობიექტია. ერთმა კარგმა მატჩმა შეიძლება გმირად გაქციოს, რამდენიმე დღეში კი რიგითი ჩავარდნილი შეხვედრა მთელი კრიტიკის მიზეზად იქცეს. შედეგი, რომელიც გუშინ საკმარისი იყო, დღეს უკვე წარსულია და ფეხბურთელს თავიდან უწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თამაშის ხარისხი, არამედ იმის ცოდნაც, რომელ ხმას უნდა მოუსმინო და რომელს არ უნდა მისცე უფლება, შენი სიმშვიდე დაარღვიოს.

სალაჰის კარიერაც ამის კარგი მაგალითია. ლონდონის ჩელსიში გატარებულმა პერიოდმა მისი მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა ეს ეტაპი ეგვიპტელისთვის საბოლოო მარცხად არ ქცეულა. მომ კარიერა იტალიაში გააგრძელა, იქ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა და 2017 წელს გეზი მერსისაიდისკენ აიღო. ეგვიპტელმა ლივერპულთან ერთად სრულიად სხვა ისტორიის წერა დაიწყო.

სალაჰმა კლუბთან ერთად უმნიშვნელოვანესი ტიტულები მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, არაერთხელ გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ლივერპულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩამოყალიბდა. მისი სახელი დღეს უკვე კლუბის უახლესი ეპოქის უდიდეს მიღწევებთან არის დაკავშირებული. თუმცა სალაჰის მემკვიდრეობა მხოლოდ ტიტულებითა და გატანილი გოლებით არ განისაზღვრება. წლების განმავლობაში მან ლივერპულის გულშემატკივრების თვალში ისეთი ადგილი დაიკავა, რომელიც სტატისტიკაზე ბევრად დიდია. ის იმ ფეხბურთელად იქცა, რომლის კარიერაც კლუბის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდთან ასოცირდება. რაც უფრო შორს მიდის მისი გზა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ სალაჰი უკვე მხოლოდ წარმატებული ფეხბურთელი აღარ არის. ის მერსისაიდელთა ისტორიის ნაწილია.

და სწორედ აქ იკვეთება მისი კარიერისა და მენსონის წიგნის იდეები. სალაჰის გზაზე იყო იმედგაცრუება, კრიტიკა, შეცვლილი გეგმები და ახალი დასაწყისი. თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ განსაზღვრა მისი საბოლოო ისტორია. მარცხი შეიძლება წარმატებისკენ მიმავალი გზის ნაწილი იყოს, მაგრამ ის არ ნიშნავს დასასრულს. ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ სჭირდება იმის გააზრება, რომ მიზნის მისაღწევად მიმართულების შეცვლაც შეიძლება.

ამ თვალსაზრისით, "The Subtle Art of Not Giving a F*ck" არც გულგრილობისკენ მოგვიწოდებს და არც მუდმივი ბედნიერების დაპირებას გვაძლევს. წიგნის მთავარი სათქმელი გაცილებით მარტივია: ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თუმცა შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რას მივანიჭოთ ჩვენი ყურადღება და ენერგია. ყველას ვერ მოვეწონებით, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ყველა უსიამოვნებას თავიდან ვერ ავიცილებთ. ამის მიღება სისუსტე კი არა, ცხოვრების რეალური სურათის დანახვაა.

მენსონისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ეს არჩევანია. ცხოვრება პრობლემების გარეშე არ არსებობს, ამიტომ საკითხი ის კი არ არის, როგორ გავექცეთ სირთულეებს, არამედ რომელი სირთულეების გადალახვა ღირს იმ ცხოვრებისთვის, რომელიც გვინდა. შესაძლოა, სწორედ აქ იკვეთება სალაჰისა და ამ წიგნის ისტორიები. ფეხბურთში ყველა ეპიზოდი ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის. ზოგჯერ საჭიროა ბრძოლა, ზოგჯერ კი უკან დახევა და შემდეგი შესაძლებლობის ლოდინი. იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრებაზეც. ყველა კრიტიკას პასუხი არ სჭირდება, ყველა წარუმატებლობა ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ და ყველა ბრძოლაში ჩართვა აუცილებელი არ არის.

საბოლოოდ, მენსონის წიგნი ერთ მარტივ, მაგრამ რთულ ჭეშმარიტებამდე მიდის: ადამიანის თავისუფლება ყველაფრის კონტროლში კი არა, იმაში მდგომარეობს, რომ თავად გადაწყვიტოს, რისთვის ღირს ბრძოლა. სწორედ ეს შეიძლება იყოს წიგნის ყველაზე საინტერესო გზავნილიც სალაჰის ისტორიის ფონზე. ფეხბურთელმა კარგად იცის, რომ მოედანზე ყველა ბურთისთვის ბრძოლა საჭირო არ არის. ზოგჯერ გამარჯვებას ის კი არ განსაზღვრავს, რამდენ ბრძოლაში ჩაერთვები, არამედ ის, რომელ მომენტში ღირს მთელი ძალით მოქმედება. ცხოვრებაშიც ასეა: ყველაფერი, რაც ჩვენს ყურადღებას ითხოვს, ჩვენს ენერგიას არ იმსახურებს.

სალაჰის არჩევანმა ადამიანის შინაგან სამყაროში შეგვახედა და დაგვაფიქრა იმაზე, თუ რას ვანიჭებთ ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილ მნიშვნელობას. ფრენკ ლამპარდის არჩევანს კი სხვა მიმართულებით მივყავართ. აქ ყურადღება უკვე საკუთარ თავზე ნაკლებად ჩერდება და ადამიანებთან ურთიერთობაზე, განსხვავებულ ხასიათებსა და იმ რთულ უნარზე გადადის, რომლის წყალობითაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან.

ფეხბურთი ლამპარდის ცხოვრებაში იმდენად ადრე გამოჩნდა, რომ ძნელი წარმოსადგენია მისი ბავშვობა მის გარეშე. თუმცა ბურთის მიღმა ყოველთვის არსებობდა კიდევ ერთი სამყარო, რომლის შეცნობაც მას განსაკუთრებულად იზიდავდა. ისტორია მისი საყვარელი საგანი იყო, კითხვა კი თანდათან ჩვევაზე მეტი გახდა. დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და წიგნებთან სიახლოვე ლამპარდისთვის ბავშვობიდანვე ბუნებრივ გარემოდ იქცა. მოგვიანებით, როდესაც ფეხბურთმა მისი ყოველდღიურობა სრულად მოიცვა, წიგნებისთვის განკუთვნილი ადგილი მაინც შეინარჩუნა. მოედნისგან განსხვავებულ სამყაროში ის ადამიანებს, ეპოქებსა და მოვლენებს ეცნობოდა, რომლებიც დროისა და სივრცის სხვა განზომილებაში გადაჰყავდა.

ფრენკ ლამპარდის წიგნის არჩევანი დორის კერნს გუდვინის Team of Rivals: The Political Genius of Abraham Lincoln ("მეტოქეთა გუნდი: აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკური გენია") -ზე შეჩერდა. ნაწარმოები აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს აღწერს და იმ ადამიანების ისტორიას გვიყვება, რომლებიც მის გვერდით აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი მანამდე თავად ლინკოლნის პოლიტიკური მეტოქე იყო.

მათ განსხვავებული შეხედულებები, საკუთარი ამბიციები და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. ლინკოლნს შეეძლო საკუთარ გარემოცვაში მხოლოდ თანამოაზრეები ჰყოლოდა, მაგრამ სხვა გზა აირჩია. დაინახა, რომ ადამიანთან უთანხმოება ავტომატურად არ ნიშნავს მისი შესაძლებლობების უარყოფას. პირიქით, განსხვავებული აზრი ზოგჯერ სწორედ ის არის, რაც საერთო საქმეს უფრო სრულყოფილს ხდის. ამაში წიგნის ყველაზე საინტერესო იდეაც იკვეთება. ლიდერობა მხოლოდ საკუთარი გზის არჩევა და სხვებისთვის მისი ჩვენება არ არის. ზოგჯერ გაცილებით რთულია იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც შენს შეხედულებებს არ იზიარებენ. საჭიროა საკუთარი სიმართლის რწმენასთან ერთად იმის აღიარებაც, რომ სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი ხედვა, გამოცდილება ან უნარი, რომელიც შენ არ გაქვს. ფეხბურთში ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა. ერთ გუნდში შეიძლება აღმოჩნდნენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები. მათ სხვადასხვა კულტურა, ხასიათი, გამოცდილება და ამბიცია აქვთ, მაგრამ თამაშის დაწყებისთანავე ამ განსხვავებებს ერთი მიმართულება უნდა მიეცეს. სწორედ აქ ჩნდება გუნდის ნამდვილი არსი. არა იმაში, რომ ყველა ერთნაირად ფიქრობს, არამედ იმაში, რომ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთის გვერდით მოქმედებას ახერხებენ.

ლამპარდმა ასეთი გარემო კარიერის განმავლობაში კარგად გაიცნო. ჩელსიში გატარებულმა წლებმა ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად აქცია. მისი გოლები და ტიტულები ცალკე სტატისტიკურ ისტორიას ქმნის, მაგრამ ფრენკის მნიშვნელობა მხოლოდ ციფრებით არასდროს განისაზღვრებოდა. დროთა განმავლობაში ის თანაგუნდელებისთვის ნდობისა და პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ლიდერობა მის შემთხვევაში მხოლოდ სიტყვებში ან კაპიტნის სამკლაურში არ გამოხატულა. ის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, რთულ მომენტებში პასუხისმგებლობის აღებითა და გუნდის საერთო ინტერესის წინ დაყენებით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, წიგნი ლინკოლნის პოლიტიკური გენიის შესახებ ლამპარდის ისტორიასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მასში აღწერილი პოლიტიკური სამყარო ფეხბურთისგან სრულიად განსხვავებულ რეალობას ეკუთვნის, თუმცა ადამიანური ურთიერთობების კანონები ორივე შემთხვევაში მსგავსია. განსხვავებული შეხედულებებისა და ხასიათების მქონე ადამიანების ერთ მიზანზე გაერთიანება იქაც ისეთივე რთული იყო, როგორც ფეხბურთში. საბოლოოდ კი, საერთო საქმისთვის პირადი ამბიციების გვერდზე გადადების უნარი ორივე სამყაროში მნიშვნელოვან ძალად დარჩა.

ლინკოლნის მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ მან საკუთარი ძალა მხოლოდ საკუთარ თავში არ ეძება. როგორც გითხარით, მას შეეძლო, გარშემო მხოლოდ ის ადამიანები დაეტოვებინა, რომლებიც ყველაფერში ეთანხმებოდნენ, მაგრამ ასეთი გარემო საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი აზრის ექოდ იქცეოდა. განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების გვერდით ყოფნა გაცილებით რთულია, თუმცა სწორედ ამ სირთულეში ჩნდება განვითარების შესაძლებლობაც. ფეხბურთშიც ასეა. საუკეთესო შემადგენლობა ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესო გუნდს. ცალკეული ფეხბურთელის ნიჭი შეიძლება მატჩის ბედს ცვლიდეს, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში გაცილებით მეტი რამ არის საჭირო, მაგალითად, ერთმანეთის ნდობა, გუნდში როლის გათვითცნობიერება, საერთო მიზნის გაცნობიერება და იმ მომენტის ცოდნა, როდესაც საკუთარი ინტერესის უკან გადაწევა გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ინგლისელმა კარიერის დასრულების შემდეგ ეს გამოცდილება უკვე სხვა ფორმით განაგრძო. მწვრთნელის როლში გადასულს კარგად უნდა გაეაზრებინა, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელის ხასიათი ერთმანეთისგან განხვავდება, ამიტომ ყველასთან ერთნაირი მიდგომით ვერ იხელმძღვანელებს. ზოგს მკაცრი სიტყვა სჭირდება, ზოგს ნდობა, ზოგს მეტი თავისუფლება, ზოგისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი მის შესაძლებლობებს ენდობა. სწორედ ამიტომ, გუნდის მართვა მხოლოდ ტაქტიკისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ არის. ხშირად საჭიროა ადამიანების ხასიათის ამოცნობაც და იმის გათავისება, ვისთან როგორ უნდა იმუშაო, რათა განსხვავებული პიროვნებები საბოლოოდ ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ.

შესაძლოა, სწორედ აქ იძენს ლამპარდის არჩევანი ყველაზე მეტ მნიშვნელობას. ჩვენს მიერ ხსენებული წიგნი საბოლოოდ არც მხოლოდ ლინკოლნზეა და არც პოლიტიკაზე, ეს არის წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, ზოგჯერ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ საერთო მიზანმა მათ შორის არსებული უფსკრული გადალახა. თუ სალაჰის არჩევანი გვაფიქრებს იმაზე, თუ რისთვის ღირს ჩვენი დროისა და ენერგიის დახარჯვა, ლამპარდის არჩევანი სხვა კითხვას გვიტოვებს: რამდენად შეგვიძლია იმ ადამიანებთან ერთად წარმატების მიღწევა, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულად ფიქრობენ? ალბათ, სწორედ აქ გადის ზღვარი უბრალოდ ერთად ყოფნასა და ნამდვილ გუნდურობას შორის. ფეხბურთმა ლამპარდს ეს გზა საკუთარი კარიერით დაანახა. მან წლების განმავლობაში ნახა, როგორ შეიძლება განსხვავებული ხასიათების მქონე ადამიანებმა ერთმანეთის გაძლიერება შეძლონ და როგორ შეიძლება ერთი ადამიანის წარმატება მთლიანად გუნდის ძალად იქცეს. წიგნმა კი იგივე საკითხი სხვა ეპოქიდან, სხვა ადამიანების ცხოვრებით და სხვა სიტყვებით მოუყვა.

საბოლოოდ, ფრენკის არჩევანი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანის ინტერესები ხშირად მისივე ცხოვრების კვალს ატარებს. ზოგჯერ წიგნში სწორედ იმას ვეძებთ, რაც თავად გამოგვიცდია, ზოგჯერ კი იმ კითხვაზე პასუხს, რომელზეც ჯერ კიდევ ვფიქრობთ. ლამპარდისთვის საინტერესო ადამიანების, ლიდერობისა და განსხვავებების ერთ ძალად ქცევის ისტორია აღმოჩნდა.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პასუხია იმ მრავალთაგან, რომელსაც ფეხბურთელები წიგნებში ეძებენ. ზოგისთვის წასაკითხ გვერდზე საკუთარი ცხოვრების ანარეკლი აღმოჩნდება, ზოგისთვის კი სრულიად სხვა სამყაროს კარი, სადაც მისთვის უცნობ ადამიანებსა და ეპოქებს აღმოაჩენს. ფეხბურთის ინგლისელი ლეგენდის არჩევანი სწორედ ამ მეორე გზას გვიჩვენებს: ძლიერი გუნდი მაშინ იქმნება, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მსგავსების ძებნას კი არ იწყებენ, არამედ განსხვავებულობის მიუხედავად საერთო გზის პოვნას ახერხებენ.

ფეხბურთში ეს ყველაფერი გუნდშო ურთიერთობებსა და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას ეხება, მაგრამ მსგავსი ბრძოლა მხოლოდ მოედნის საზღვრებში არ არსებობს. სხვა სპორტში სხვა წესები მოქმედებს, სხვა სიჩქარეა, სხვა წნეხი, თუმცა ადამიანისგან ისევ იმავეს მოითხოვს: საკუთარი თავის რწმენას, მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომას და იმ ძალას, რომელიც ყველაზე რთულ მომენტშიც არ გაძლევს დანებების საშუალებას. ამ თვალსაზრისით, ფეხბურთიდან ფორმულა 1-მდე გზა არც ისე შორია. უბრალოდ, მწვანე საფარის ნაცვლად ასფალტის ტრასას ვხვდებით, თერთმეტი მოთამაშის მაგივრად კი საკუთარ თავთან ერთი ადამიანი რჩება. აქ შეცდომისთვის წამზე ნაკლებია საჭირო, წარმატებას კი მხოლოდ სისწრაფე აღარ განსაზღვრავს. საჭიროა სიმშვიდე, კონცენტრაცია და ძლიერი მენტალიტეტი, რადგან სეზონის განმავლობაში მრბოლელს არაერთხელ უწევს როგორც კონკურენტებთან, ისე საკუთარ თავთან დაპირისპირება.

ამ სამყაროში ლუის ჰემილტონის ისტორია საუბრის ბუნებრივი გაგრძელებაა. შვიდი მსოფლიო ტიტული და ფორმულა 1-ში გატარებული წლები მხოლოდ წარმატებული კარიერის წარმოჩინება არ არის. ამ ყველაფრის უკან განვლილი გზაა, რომელზეც წარმატებასთან ერთად ვნახეთ მარცხი, იმედგაცრუება და მძიმე პერიოდები. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიას დააინტერესა, მსგავსი კარიერისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანის საყვარელი წიგნი... ამიტომ ერთ-ერთ ინტერვიუს მსვლელობისას ჰემილტონს ჰკითხეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი წიგნის არჩევა რომ შეძლებოდა, რომელს აირჩევდა. პასუხი პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი" იყო. წიგნი, რომელსაც თავად მრბოლელი არაერთხელ დაბრუნებია და რომლის არჩევანიც მის ცხოვრებისეულ ხედვასთან საინტერესო კავშირს ქმნის.

"ალქიმიკოსი“ სანტიაგოს, ახალგაზრდა მწყემსი ბიჭის, ისტორიას გვიყვება. მას ერთი და იგივე სიზმარი რამდენჯერმე ესიზმრება, რომლის შემდეგაც საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს და გადაწყვეტს, უცნობ გზას გაჰყვეს. წინ მოგზაურობა ელოდება, თუმცა ამ გზაზე ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც თავიდან წარმოედგინა. ის კარგავს, სწავლობს, იმედგაცრუებასაც ხვდება და ასევე ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც მის წარმოდგენას სამყაროზე ცვლიან. რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მისი მოგზაურობა მხოლოდ იმ განძის პოვნას არ ემსახურება, რომლის ძებნაც თავიდან დაიწყო.

წიგნის მთავარი ძალაც სწორედ ამაშია. კოელიო ადამიანს ოცნებისკენ სვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ ამავე დროს ახსენებს, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა მხოლოდ დაბრკოლებების გადალახვის თანმიმდევრობა არ არის. გზაში მიღებული გამოცდილება, დაკარგული და ნაპოვნი ადამიანები, შეცდომები და ის გაკვეთილები, რომელთა მიღებაც ზოგჯერ ყველაზე რთულად გვიწევს, საბოლოო მიზნის ისეთივე ნაწილია, როგორც თავად გამარჯვება. ამ იდეას ჰემილტონის კარიერასთან ბევრი საერთო აქვს. ფორმულა 1-ში ყველაფერი შედეგზეა აგებული. დრო იზომება მეათასედებში, ერთი შეცდომა შეიძლება მთელი რბოლის ფასად დაგიჯდეს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ მიღწეული წარმატებაც კი მალევე წარსულად იქცევა. ჩემპიონს მეორე დღეს ისევ სჭირდება მუშაობა. ახალი სეზონი ძველ გამარჯვებებს არ ითვალისწინებს და გუშინდელი შედეგი დღევანდელ წარმატებას აღარ უზრუნველყოფს. ლუისისთვის ეს რეალობა განსაკუთრებით ნაცნობია. კარიერის განმავლობაში უმაღლეს მწვერვალზე ასვლა არაერთხელ შეძლო, მაგრამ ყოველი ახალი სეზონი თავიდან იწყებოდა. მოგებული ტიტული მომავალ რბოლაში უპირატესობას არ გაძლევს, წარსული გამარჯვებები კი მხოლოდ მოგონებად რჩება. სწორედ ამიტომ ფორმულა 1-ის დიდ ჩემპიონებს მხოლოდ სწრაფი მანქანა და ნიჭი არ ქმნით. მათ სჭირდებათ უნარი, კვლავ იპოვონ მოტივაცია მაშინ, როდესაც უკვე თითქმის ყველაფერი აქვთ მიღწეული.

"ალქიმიკოსში" არის ერთი განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდი, რომელსაც ჰემილტონიც გამოარჩევდა. მეფე სანტიაგოს კოვზს აძლევს, რომელშიც ზეთის რამდენიმე წვეთია, და სთხოვს, სასახლე ისე მოიაროს, რომ ზეთი არ დაღვაროს. ბიჭი დავალებაზე იმდენად კონცენტრირდება, რომ უკან დაბრუნებისას სასახლის სილამაზის შესახებ თითქმის არაფერი ახსოვს. ბიჭუნამ ზეთი შეინარჩუნა, მაგრამ ის სამყარო ვერ შეიგრძნო, რაც გზად უნდა ენახა. ეს პატარა ამბავი წიგნის ერთ-ერთ ყველაზე ადამიანურ აზრს ატარებს. შეიძლება მიზნის მიღწევას იმდენად დიდი ყურადღება დავუთმოთ, რომ თავად ცხოვრება გამოგვრჩეს. შეიძლება მუდმივად შემდეგ გამარჯვებაზე ვფიქრობდეთ და ვერ შევამჩნიოთ ის, რაც უკვე ჩვენს გვერდით არის. შეიძლება იმდენად ვკონცენტრირდეთ ფინიშის ხაზზე, რომ ჩვენს მიერ განვლილი გზა საერთოდ თავიდან ამოგვივარდეს.

ჰემილტონის არჩევანი სწორედ ამ ადგილას ხდება განსაკუთრებით საინტერესო. ადამიანი, რომლის კარიერაც მიზნისკენ მუდმივ სწრაფვაზეა აგებული, გამორჩეულ წიგნად ასახელებს ნაწარმოებს, რომელიც გვახსენებს, რომ მხოლოდ დანიშნულების ადგილით ცხოვრება საკმარისი არ არის. ოცნება აუცილებელია, მიზანიც საჭიროა, მაგრამ ადამიანს გზის შემჩნევაც უნდა შეეძლოს. ალბათ, სწორედ აქ იმალება ბრიტანელის ისტორიის ყველაზე საინტერესო მხარე. მისი კარიერა გვაჩვენებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც საკუთარ მიზანს ბოლომდე მიჰყვება. მისი წიგნის არჩევანი კი თითქოს იმავე გზას სხვა მხრიდან შეგვახედებს და გვახსენებს, რომ სვლა მხოლოდ გამარჯვებამდე მისვლა არ არის.

თუ სალაჰის არჩევანი გვაფიქრებს იმაზე, თუ რისთვის ღირს ჩვენი დროისა და ენერგიის დახარჯვა, ლამპარდის წიგნი ადამიანებთან ურთიერთობისა და განსხვავებების მიღების მნიშვნელობას გვაჩვენებს, ჰემილტონის "ალქიმიკოსი" კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დაგვაფიქრებს: როგორ მივყვეთ დიდ მიზანს ისე, რომ გზად თავად ცხოვრების შემჩნევა არ დაგვავიწყდეს?

საბოლოოდ, ლუის ჰემილტონის არჩევანი ერთ მარტივ აზრამდე მიდის: ოცნებას აუცილებლად უნდა გაჰყვე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტად იცი, რისთვის იბრძვი, მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ფინიშამდე მისასვლელი გზა მხოლოდ დაბრკოლებების გადალახვა არ არის. სწორედ ამ გზაზე ვხვდებით ადამიანებს, ვაგროვებთ გამოცდილებას და საკუთარ თავში ისეთ რაღაცებს აღმოვაჩენთ, რასაც საბოლოო გამარჯვება ვერასოდეს გვასწავლის. მიზანი ადამიანს წინ მიუძღვის, მაგრამ გზაა ის, რაც მას ცვლის. სწორედ ამიტომ შეიძლება "ალქიმიკოსი" ბრიტანელისთვის არათუ საყვარელი წიგნი, არამედ შესაძლოა, მასში საკუთარი ცხოვრების რაღაც ნაწილსაც ხედავდეს, ოცნებას, რომელსაც ბავშვობიდან მიჰყვა, გზას, რომელიც მარტივი არასოდეს ყოფილა, და იმ გამოცდილებას, რომელიც ყველა გამარჯვებაზე მეტს ასწავლის.

სპორტის სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომელთა კარიერას მხოლოდ მიღწევების ჩამოთვლით ვერ მოჰყვები. მათი მნიშვნელობა იმაშია, თუ როგორ უყურებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და რამდენს სთხოვდნენ საკუთარ თავს მაშინაც კი, როდესაც სხვებისთვის უკვე საკმარისად წარმატებულები იყვნენ. კალათბურთში ამის ყველაზე გამორჩეული მაგალითი კობი ბრაიანტია. მისი კარიერის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით: ჩემპიონობები, რეკორდები, დაუვიწყარი თამაშები და ის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც საბოლოოდ "მამბას მენტალიტეტის" სახელით დამკვიდრდა.

კობისთვის გამარჯვება არასოდეს ყოფილა გაჩერების მიზეზი. მიღწეული შედეგის შემდეგ მალევე ჩნდებოდა ახალი მიზანი, ახალი დეტალი, რომელზეც მუშაობა შეიძლებოდა და ახალი მიზეზი, რომ მეორე დღეს ისევ სავარჯიშო დარბაზში დაბრუნებულიყო. სწორედ ასე იქცა მისი კარიერა არა მხოლოდ გამარჯვებების, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი ძიების გზად. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო ხდება წიგნი, რომელსაც კობი ბრაიანტი საყვარელ ნაწარმოებად ასახელებდა, რიჩარდ ბახის "ჯონათან ლივინგსტონ თოლია". ერთი შეხედვით, რთულია ამ პატარა წიგნსა და NBA-ის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს შორის საერთო კავშირის დანახვა, თუმცა ჯონათანის ისტორია იმავე სურვილზე გვაფიქრებს, რომელიც კობის კარიერას წლების განმავლობაში თან სდევდა, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი იქ არ მიიჩნიო, სადაც სხვები უკვე გაჩერებას გირჩევენ.

წიგნის მთავარი გმირი ჯონათან ლივინგსტონი ჩვეულებრივი თოლიაა, თუმცა მისთვის ფრენა მხოლოდ საკვების მოპოვებისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის ფუნქციით არ შემოიფარგლება. სხვა თოლიებისთვის ცა უბრალოდ ის სივრცეა, სადაც უნდა იფრინონ, იპოვონ საკვები და დღის ბოლოს თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ. ჯონათანს კი თავად ფრენა აინტერესებს. მას სურს გაიგოს, რამდენად სწრაფად შეუძლია მოძრაობა, რამდენად მაღლა შეუძლია ასვლა და სად მთავრდება ის შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი იცის. სწორედ ეს სურვილი აყენებს მას სხვებისგან განსხვავებულ გზაზე. გარშემომყოფებისთვის მისი მცდელობები ხშირად გაუგებარია, რადგან მათთვის სრულიად საკმარისია ის, რაც უკვე იციან და შეუძლიათ. ჯონათანისთვის კი ნაცნობი საზღვარი დასასრული არ არის. პირიქით, სწორედ იქ იწყება მისი შემდეგი მცდელობა. ის სწავლობს, ცდება, ეცემა და ისევ ბრუნდება ცაში. ყოველი მარცხი მას უკან დახევის ნაცვლად კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს აღმოსაჩენი.

სწორედ აქ იკვეთება ჯონათანისა და ბრაიანტის ისტორიებს შორის ყველაზე საინტერესო მსგავსება. მისთვისაც მთავარი მხოლოდ გამარჯვება არ ყოფილა. რაც უფრო მეტს აღწევდა, მით უფრო მაღალი ხდებოდა საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნა. ჩემპიონობა მისთვის საბოლოო პასუხს არ წარმოადგენდა, ერთი წარმატებული სეზონი კი შემდეგი გამოწვევის დასაწყისი ხდებოდა. კარგი თამაში შეიძლება სხვებისთვის საკმარისი ყოფილიყო, ის კი ისევ უბრუნდებოდა საკუთარ თავს და ეძებდა იმას, რისი გაკეთებაც უკეთ შეიძლებოდა.

ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად მის ვარჯიშში ჩანდა. ყურადღებას აქცევდა ისეთ დეტალებს, რომლებსაც მაყურებელი თამაშის დროს შესაძლოა ვერც კი ამჩნევდა. სროლის ტექნიკა, ფეხის მოძრაობა, პოზიციის შეცვლა, კონკრეტულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილება, ყველაფერი შეიძლებოდა კიდევ ერთხელ გაეანალიზებინა და დაეხვეწა. მისთვის განსხვავებას ხშირად სწორედ ის ქმნიდა, რასაც სხვები უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ. ამიტომაც უბრუნდებოდა ისევ და ისევ უკვე ნაცნობ მოძრაობებს და ცდილობდა, ის, რაც კარგად გამოსდიოდა, კიდევ უფრო ზუსტად შეესრულებინა.

როცა ჯერ არაფრისთვის გაქვს მიღწეული, წინ დიდი მიზანი გამოძრავებს და მასზე ფიქრი ყოველდღიურ ძალას გაძლევს. პირველი ჩემპიონობა, პირველი დიდი აღიარება, პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ადამიანს ბუნებრივად უბიძგებს, მეტი მოინდომოს. მაგრამ ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინო, რომ ბევრი რამ, რისთვისაც ოდესღაც იბრძოდი, უკვე შენს ხელშია. სწორედ მაშინ ჩნდება უფრო რთული კითხვა: რა გაძლევს მიზეზს, რომ ისევ გააგრძელო, როდესაც დასამტკიცებელი თითქოს აღარაფერი დაგრჩა?

კობი ამ კითხვას საკუთარი კარიერით პასუხობდა. ხუთი ჩემპიონობის შემდეგაც კი მისთვის მიღწეული არასოდეს ნიშნავდა საკმარისს. ყოველი სეზონის დასრულებას ახალი მიზანი მოჰყვებოდა, ყოველი წარმატება კი იმის შესაძლებლობას აჩენდა, რომ საკუთარ თამაშში კიდევ ერთი დეტალი ეპოვა და დაეხვეწა. მისთვის მთავარი მხოლოდ ის არ იყო, რამდენჯერ მოიგებდა. მნიშვნელოვანი იყო, რამდენად ახლოს შეძლებდა მისვლას იმ მოთამაშესთან, როგორიც თავად სურდა, რომ გამხდარიყო.

სწორედ ამ ადგილას იძენს "ჯონათან ლივინგსტონ თოლიას" ისტორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჯონათანისთვის ფრენა სხვებთან შეჯიბრი არ არის. მას არ სურს, უბრალოდ სხვა თოლიებზე მაღლა აღმოჩნდეს. მისი ინტერესი პირადულია, გაიგოს, რა შეუძლია და სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ყოველი ახალი მცდელობა მისთვის საკუთარი თავის უკეთ გაცნობის საშუალებაა და არა სხვისთვის რაიმეს დამტკიცების მცდელობა. ამ თვალსაზრისით, კობის კარიერასაც შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ. მისი მთავარი მეტოქე ყოველთვის მოწინააღმდეგე გუნდის საუკეთესო მოთამაშე არ ყოფილა. ხშირად ეს გუშინდელი საკუთარი თავი იყო. ის, რაც წინა დღეს კარგად გამოსდიოდა, მეორე დღეს უკვე დასახვეწი ეჩვენებოდა. მიღწეული შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი არასდროს იყო, რადგან ყოველთვის რჩებოდა შესაძლებლობა, კიდევ უკეთ ეთამაშა, კიდევ მეტი ესწავლა და საკუთარ თავზე დაწესებული ზღვარი კიდევ ერთხელ გადაეწია.

ეს დამოკიდებულება მხოლოდ სავარჯიშო დარბაზით არ შემოიფარგლებოდა. მისთვის სწავლა და დაკვირვება კალათბურთის მოედნის გარეთაც გრძელდებოდა. კობის შეეძლო ისეთ დეტალზე დაფიქრებულიყო, რომელსაც სხვები ყოველდღიურობის ჩვეულებრივ ნაწილად აღიქვამდნენ. ფლამინგოების ერთ ფეხზე დგომა და მათი სხეულის განსაკუთრებული წონასწორობა სწორედ ამის მაგალითია. ასეთი დეტალები მისთვის მხოლოდ საინტერესო ფაქტები არ იყო. მას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოვლენაში ისეთი პრინციპის აღმოჩენა, რომელიც შემდეგ სპორტში გამოადგებოდა. ახალი იდეა აუცილებლად მწვრთნელისგან, თანაგუნდელისგან ან უშუალოდ თამაშიდან არ უნდა მოსულიყო. ზოგჯერ საკმარისი იყო ყურადღება მიგექცია იმისთვის, რასაც სხვები ჩვეულებრივად აღიქვამდნენ და მის გვერდით ისე ჩაივლიდნენ, თითქოს იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ალბათ, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ "მამბას მენტალიტეტის" ნამდვილი არსიც. ეს მხოლოდ გამარჯვების სურვილი არ ყოფილა. ეს იყო დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ადამიანს საკუთარი თავის გაუმჯობესება მაშინაც უნდა შეძლებოდა, როცა რეალურად აღარავინ სთხოვდა ამას. სხვებისთვის შეიძლება მიღწეული შედეგი საკმარისი ყოფილიყო, მაგრამ მისთვის ყოველთვის არსებობდა მიზეზი, კიდევ ერთხელ დაეწყო მუშაობა და გაეგო, რამდენად შორს შეეძლო წასვლა.

ალბათ, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს წიგნი მისთვის ასეთი ახლობელი. ჯონათანი ვერ ეგუებოდა იმ სიმაღლეს, რომელზეც სხვები უკვე მშვიდად დაფრინავდნენ. ბრაიანტიც მიღწეულ დონეს საბოლოო ნიშნულად არასოდეს აღიქვამდა. ორივე შემთხვევაში მთავარი ის შინაგანი სურვილი იყო, რომელიც ადამიანს უკვე ნაცნობი საზღვრის იქით გახედვას აიძულებს და მუდმივად ერთსა და იმავე კითხვასთან აბრუნებს: კიდევ რამდენად შორს შემიძლია წასვლა?

ოთხი განსხვავებული სპორტსმენის არჩევანი საბოლოოდ ერთ საერთო აზრამდე მიდის. სალაჰი გვახსენებს, რომ ყველაფერს ერთნაირი მნიშვნელობა ვერ ექნება და საკუთარი დროისა და ენერგიის დახარჯვაც არჩევანია. ლამპარდი გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების განსხვავებების დანახვა და მათთან საერთო ენის პოვნა. ჰემილტონის "ალქიმიკოსი" გვასწავლის, რომ მიზნისკენ სწრაფვამ თავად გზის დანახვა არ უნდა დაგვავიწყოს. კობის "ჯონათან ლივინგსტონ თოლია" კი გვახსენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი ყოველთვის იქ არ მთავრდება, სადაც სხვები მის გაჩერებას ელიან.

შესაძლოა, ამ ისტორიებში ყველაზე საინტერესო სწორედ ის იყოს, რომ არც ერთი მათგანი წარმატებას საბოლოო შედეგით არ ზომავს. ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს იმას, რისთვის იბრძვი, ზოგჯერ იმას, ვისთან ერთად გადიხარ ამ გზას, ზოგჯერ კი იმას, რას ამჩნევ გზად და რამდენად მზად ხარ საკუთარი საზღვრების გადასახედად. ადამიანის გზა ყოველთვის გამარჯვებებით არ იზომება. შეიძლება დამარცხდე, რაღაც დაკარგო, შეცდე ან ისეთ მიმართულებას გაჰყვე, რომელიც თავიდან საერთოდ არ აგირჩევია. მაგრამ თუ ამ გამოცდილებიდან საკუთარ თავზე რაიმე ახალი გაიგე, მაშინ არც ერთი ნაბიჯი ყოფილა ამაო. და ბოლოს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არც ის არის, რამდენად შორს მივედით და არც ის, რამდენი რამ მოვიგეთ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, ვინ გავხდით იმ გზაზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
სასიხარულო ამბავი - შეიქმნა სპორტული ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
"როდესაც ვიგრძნობ, რომ დროა ასპარეზი ახალგაზრდა პილოტს დავუთმო, ამას მაშინვე გავაკეთებ" - ჰამილტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
გენიალური მაქს ფერსტაპენი - ნიდერლანდელმა "სუძუკაზე" პოულ პოზიცია არავის დაუთმო
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი