ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

ყველას ახსოვს, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი "რეალსა" და "ბაიერნს" შორის, როცა პენალტების სერიაში სერხიო რამოსმა გერმანელთა კარს გვარიანად გადააცილა ბურთი.

მაშინ რამოსს ძალიან დასცინოდნენ და აშარჟებდნენ. განსაკუთრებით, ერთი კარიკატურა გვახსენდება, რომელშიც დაბნეული რამოსი მთვარეზე ეძებს დაკარგულ ბურთს...

ამ ყველაფერს წერტილი თავად სერხიომ დაუსვა, როცა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პენალტების სერიაში 2:2-ზე საოცრად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

ვერ გეტყვით, რა უფრო ძნელია, ის, რაც ანდრეა პირლომ გააკეთა ინგლისელებთან მატჩში, თუ ანალოგიურის გამეორება სამიოდე დღის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, გმირობის ტოლფასი კია.

ტრიუკმა ამჯერადაც გაამართლა. რამოსის შემდეგ ბურთთან ბრუნო ალვეში მივიდა და ხარიხას გაარტყა...

ალბათ, მაინც ესპანელთა გამარჯვებით საფეხბურთო სამართლიანობამ იზეიმა, რადგან შეუძლებელია გუნდს, რომელმაც 120 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ დაარტყა კარში ზუსტად (!), კონტინენტის პირველობის ფინალი ალალად დაემსახურებინა.

ტაქტიკა/სტრატეგია

პირველი სიურპრიზის ავტორი ესპანელთა თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აღმოჩნდა. მან ფერნანდო ტორესსა და სესკ ფაბრეგასს შორის არჩევანი ასე გააკეთა - არც ერთი და არც მეორე! სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვიხილეთ "სევილიას" ფორვარდი ალვარო ნეგრედო.

ნეგრედოს ფლანგებიდან დავიდ სილვა (მარჯვენა) და ანდრეს ინიესტა (მარცხენა) ეხმარებოდნენ. რამდენად გაამართლა ამან, იქიდანაც ჩანს, რომ სევილიელი ყველაზე ადრე გავიდა მოედნიდან ისე, რომ კარში არ დაურტყამს.

პაულუ ბენტუმაც შეცვალა ცენტრფორვარდი, ოღონდ ეს იძულებითი ხასიათის ცვლილება იყო - ჩეხებთან შეხვედრაში კუნთი დაიზიანა ელდერ პოშტიგამ და პორტუგალიის ნაკრების მთავარმა ესპანოლოგმა (2010 წლის ცნობილ მატჩში, ლისაბონში, მან დუბლი შეასრულა) ვეღარ ითამაშა.

ასე რომ, ზედიზედ 6-მატჩიანი უცვლელი სასტარტო შემადგენლობის შემდეგ მეშვიდეში ახალი სახე, კარგად დავიწყებული ძველი - უგო ალმეიდა - გამოჩნდა. სიურპრიზი იყო მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდოს ცენტრში თამაშიც, ალმეიდა კი ფრთაზე გადავიდა, თუმცა ისინი ხშირად ცვლიდნენ ადგილებს.

პირველმა ტაიმმა დაგვანახა, რომ ბენტუ კარგად მომზადებულა ესპანური არმადის წინააღმდეგ. ესპანელთა უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობაში გამოიხატა. საგოლე მომენტები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა, უბრალოდ, ვერ შექმნეს.

ის კი არა, კარშიც კი ვერ დაარტყეს ზუსტად! პორტუგალიას ეს, რა თქმა უნდა, საკუთარი შემტევი პოტენციალის დამცრობად დაუჯდათ - არც მათ დაურტყამთ პირველ ტაიმში (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც 120 წუთის განმავლობაში) იკერ კასილიასის კარში ზუსტად.

საუკეთესო ფეხბურთელი

სერხიო რამოსი (ესპანეთი)

რომ არა პენალტი "ა ლა პირლო", ამ "ტიტულს" მის თანაგუნდელს "რეალში", ოღონდ ახლა მოწინააღმდეგე პეპეს გადავცემდით, მაგრამ ამ თერთმეტმეტრიანმა თამაშის ბედი გადაწყვიტა, თანაც, რამოსს არც 120 წუთის განმავლობაში შეურცხვენია თავი.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

ვაზუსტებთ, არა ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, არამედ იმედგაცრუება, თორემ რონალდო მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში.

მაგრამ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ესპანეთი პორტუგალიას ბევრ შანსს არ მისცემდა. ამიტომაც რონალდოს უკეთ მართებდა ჯარიმების შესრულებაც და 90-ე წუთზე მოქმედებაც, როცა კონტრშეტევაზე პორტუგალიელს საგოლე მომენტი შეექმნა, მან კი არაზუსტად დაარტყა.

მსაჯი

თურქ არბიტრს ჯუნეით ჩაკირს, რომელსაც ადრე საქართველოს თასის ფინალიც კი აქვს ნამსაჯი, პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონდა. მან ორჯერ ამოიღო ბარათი - პირველად კრიშტიანო რონალდოს ბლოკირებისთვის სერხიო რამოსი გააფრთხილა, ხოლო მერე - ფაბიო კოენტრაო.

ტაიმში იყო ორი საკამათო ეპიზოდი: სერხიო რამოსმა მკერდით გააჩერა ბურთი საჯარიმოში, თუმცა უგო ალმეიდა პენალტის დანიშვნას ითხოვდა; ნანიმ კი მარჯვენა ფრთაზე გაინავარდა და წაიქცა. პორტუგალიელი ამაოდ ითხოვდა ჯარიმას.

ვფიქრობთ, ორივე შემთხვევაში არბიტრი მართალი იყო. მეორე ტაიმში იყო ერთი ეპიზოდი, როცა ესპანელს ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ მხოლოდ მოხვდა. ამიტომ მსაჯი ამჯერადაც არ ტყუოდა.

აი, როცა პეპემ ბურთი დაუგორა მეკარეს, თურქს თავისუფალი დარტყმის დანიშვნა მართებდა.

მწვრთნელების დუელი

მწვრთნელთა დუელიც, ისევე, როგორც თამაში, ფრედ დასრულდა, მაგრამ აქ ერთი მომენტია - უფრო გამოცდილ დელ ბოსკეს "საწყისი კაპიტალი" (ანუ უკეთესი შემადგენლობა) ჰქონდა, ვიდრე ახალგაზრდა ბენტუს.

ბენტუმ კი შეძლო ის, რომ ამ უპირატესობისგან არაფერი შესამჩნევი არ დარჩა. პენალტების სერიაში კი ისინი, უბრალოდ, ვერ ჩაერეოდნენ.

ანალიზი

რა უნდა ვთქვათ თამაშზე, რომელშიც პირველად რომელიმე გუნდის მეკარე 68-ე წუთზე შეაწუხეს, ისიც მცველის აშკარა შეცდომის გამო და ისიც არასახიფათოდ (ჩავი)?! სწორედ ჩავი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარისკენ ზუსტად დაარტყა. პირველი და უკანასკნელი! 90 წუთის განმავლობაში კარის ჩარჩოში ბურთი აღარ მოურტყამთ.

უფრო საინტერესო რონალდოს სამი საჯარიმო დარტყმა იყო (კედელი, მეტოქის ხელი, აცილება) და ამაზე უფრო საინტერესო 8 ყვითელი ბარათი. თანაც ისე მოხდა, ძირითად დროში ყვითლები მხოლოდ იმათ მიიღეს, რომელთაც ტურნირზე აქამდე გაფრთხილება არ ჰქონდათ, შესაბამისად, დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდათ.

უკვე აღარ არის შემთხვევითობა - როცა ესპანეთის ნაკრები თამაშობს, თუ მეტოქე მას ერთი თავით არ ჩამოუვარდება კლასში (როგორც ეს ირლანდიასთან თამაშში), თვალსასეირო ორთაბრძოლა არ გამოდის.

დიახ, "ფურია როხა" ძალზე მოსაწყენად თამაშობს, ბურთის კონტროლით თამაშს "კლავს".

"ფურია როხამ" კარგად მხოლოდ დამატებით ტაიმებში ითამაშა, განსაკუთრებით კი პირველში, როცა ესპანელთა უპირატესობა შესამჩნევი გახდა. სწორედ მაშინ, 104-ე წუთზე, ესპანელთა გაელვებამ მარცხენა ფრთაზე ანდრეს ინიესტას საგოლე შანსი მისცა; ანდრესს კი რუი პატრისიომ აჯობა.

მოკლედ, ყველაფერი მივიდა პენალტების სერიამდე. მეორედ ევრო 2012-ზე...

დასკვნა

ვისენტე დელ ბოსკეს ჯერჯერობით უმართლებს ის სტრატეგია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე აიღო. უმართლებს და ამიტომაც კრიტიკოსები "ფურია როხას" მწვავედ არ აკრიტიკებენ.

დელ ბოსკეს კოკამ ფინალი მოიტანა. საბოლოო დასკვნაც ფინალის შემდეგ გავაკეთოთ.

დაბოლოს, იქნებ ქართულმა ტელევიზიამ გამოასწოროს ის ხარვეზი (კომენტატორის ხმა წინ უსწრებდა გამოსახულებას, რაც განსაკუთრებით აუტანელი პენალტების სერიაში იყო), რის გამოც, ალბათ, ნახევარმა საქართველომ 21-ე საუკუნეში "მუნჯურ" ფეხბურთს უყურა...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

27 ივნისი. დონეცკი. დონბას არენა

პორტუგალია-ესპანეთი 0:0 (პენალტების სერია 2:4) (იხილეთ ვიდეო)

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფ. კოენტრაო - მეირელეში (112. ვარელა), ველოზო (106. კუშტოდიო), მოუტინიო - ნანი, ალმეიდა (81. ოლივეირა), რონალდო.

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა - ჩავი (87. პედრო), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა (60. ხესუს ნავასი), ნეგრედო (54. ფაბრეგასი), ინიესტა.

პენალტების სერია: 0:0 ჩაბი ალონსო (მეკარე), 0:0 მოუტინიო (მეკარე), 0:1 ინიესტა, 1:1 პეპე, 1:2 პიკე, 2:2 ნანი, 2:3 სერხიო რამოსი, 2:3 ბრუნო ალვეში(ხარიხა), 2:4 ფაბრეგასი.

გაფრთხილება: ფ. კოენტრაო, პეპე, ჟოაო პერეირა, ბრუნო ალვეში, ველოზო - სერხიო რამოსი, ბუსკეტსი, არბელოა, ჩაბი ალონსო

კუთხური: 6-7; ჯარიმა: 30-21; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-9 (0-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 48 000

სერხიო რამოს პირლო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ვისენტე დელ ბოსკე: პორტუგალიაზე სულ მცირედით უკეთესად ვითამაშეთ

პაულუ ბენტუ: ძირითად დროში ესპანელებზე უკეთ გამოვიყურებოდით

კრიშტიანო რონალდო: გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით, უბრალოდ, არ გაგვიმართლა

სერხიო რამოსი: ჩემპიონთა ლიგაში შერცხვენის შემდეგ, პენალტის დარტყმა ძალიან მინდოდა

იკერ კასილიასი: მხოლოდ დარტყმის მიმართულების გამოცნობა არ კმარა, ფორტუნამაც გაგვიღიმა

სესკ ფაბრეგასი: წინათგრძნობა მქონდა, რომ პენალტებს დავარტყამდით და მოვიგებდით

ჟუან მოუტინიო: პორტუგალიის ნაკრები ესპანელებს სჯობდა

სილვესტრ ვარელა: პორტუგალიას შეუძლია საკუთარი ნაკრებით იამაყოს

gia
მუნჯური ფეხბურთი... :)))) კი ნამდვილად ეგრე იყო,პენლებში მუნჯურ ფეხბურთს ვუყურე, :((
MyTbilisi
მინაშვილის ხმა თამაშს უსწრებდა,ეს ძალიან გამაღიზიანებელია,თუ ხმა და თამაში ვერ დაამთხვიეს ,მაშინ თბილისიდან წაიყვანოს კომენტატორმა მატჩი რა, კიდევ მინაშვილი ძალიან სუსტი სპეციალისტია,აქ უნარჩვევების ამბავია,ბოლოს ფაბრეგასი ,რომ ურტყავდა არც კი იცოდა ზუსტად მისი დარტყმა გადამწყვეტი იყო თუ არა :))))))))) , სანდროცნობილაძე ძაან მაღალი დონის კომენტატორია და წაუყვანოს მაგან მატჩები.
gela
გაიტანეტ მინასვილი
spain
ესპანეთმა ეს მატჩი ღირსეულად მოიგო მათ არაერთი მომენტი ქონდათ მაგალითად ინიესტას ჩავის,მაგრამ მათ მაინც იმარჯვეს ოღონდ პანალტებში.პიკემ კი რონალდო ბრწყინვალედ გაანეიტრალა.
ალდო
ამდენი თვითმარქვია კომენტატორი საიდან მოვიდა...სამწუხაროა, რომ აღარ არიან საქართველოში კომენტატორები. კოტე მახარაძე, ეროსი მანჯგალაძემ ისეთი ძლიერი კვალი დატოვეს ამ სფეროში, რომ მართლა სირცხვილია ასეთ დაბალ დონემდე დავარდნა.
coentrao
უკაცრავად,მაგრამ მატჩის ძირითადი დროის დასრულებისთვის კარში დარტყმები 2-1 იყო პორტუგალიის სასარგებლოდ. მე ვუყურე თამაშს და უეფას გვერდზეც ასეა. თქვენ ალბათ დამოუკიდებელი სტატისტიკური კანტორა გაქვთ:D
mate
ნეტა სულ ჩაწყვეტილი ქონოდა ხმა დონეცკიდან!ამ მინაშვილის ატანა აღარ შეიძლება!ეგ რომ ლაპარაკობს ხმას ვთიშავ ხოლმე და ისე ვუყურებ.ვიღაცამ შენ კომენტატორი დაგარქვა...
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა