ფეხბურთიეროვნული ლიგა
რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი
08:44/08-06-2013
+-

საქართველოს XXIV ჩემპიონატი. სეზონის შეჯამება
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქართული გუნდისთვის გასული სეზონი ყველაზე უარესი გამოდგა კლუბის ისტორიაში: საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ერთგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ჩემპიონატი VII ადგილზე დაამთავრა!

არადა, აქამდე "მეტალურგის" ყველაზე ცუდი შედეგი IV ადგილი იყო (2007-08 წლების სეზონი), ახლა კი გუნდმა უამრავი ანტირეკორდი დაამყარა: 12 წაგებაც არასდროს ჰქონია და ბურთების უარყოფითი სხვაობაც.

სხვათა შორის, "მეტალურგი" ერთადერთი გუნდი იყო ახლახან დასრულებულ სეზონში, საკუთარ მოედანზეც და სტუმრადაც ერთნაირი რაოდენობის ქულები (22-22) რომ დააგროვა, იდენტური იყო სხვა მაჩვენებლებიც: საკუთარ მოედანზეც ექვსჯერ გაიმარჯვა და გასვლით შეხვედრებშიც, ფრეც ოთხ-ოთხჯერ ითამაშა და წაგებებიც ასევე ერთნაირი რაოდენობის (ექვს-ექვსი) დაუგროვდა.

თუმცა, ეს სტატისტიკური მაჩვენებლები "მეტალურგის" ქომაგთათვის, ალბათ, მეორეხარისხოვანია: ისეთ გუნდს, რომელსაც ბოლო წლებში მუდამ საჩემპიონო ამბიცია გააჩნდა, ამჯერად მოკრძალებული მიზნები ჰქონდა.

თანაც, გუნდმა ვერც თასის გათამაშებიდან შეძლო ევროტურნირების საგზურის მოპოვება; თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო იღბალის ამბავია: ნახევარფინალის წილისყრისას ყველაზე მეტად ხომ "მეტალურგს" არ გაუმართლა და ამ ეტაპზე თბილისის "დინამოს" რომ არ შეხვედროდა, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

...პირველი ეტაპის დასრულების მერეც ვწერდით, რომ მიმდინარე სეზონის მთავარი მოულოდნელობა ზედა ექვსეულში "მეტალურგის" ვერმოხვედრა იყო; არადა რუსთაველთა გუნდს მეორე ეტაპზე ჩემპიონატში აღარანაირი მოტივაცია აღარ ჰქონდა: დანარჩენი ხუთივე გუნდისაგან განსხვავებით, "მეტალურგს" უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე არ ემუქრებოდა და მთელი ყურადღება თასის გათამაშებისაკენ იყო მიმართული.

სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "მეტალურგს" წილისყრისას არ გაუმართლა და იმის მიუხედავად, რომ თბილისის "დინამოს" პირველი ნახევარფინალური მატჩი მოუგო (2:1), საპასუხოში სასტიკი მარცხი (0:5) იწვნია.

ჰო, მართლაც უცნაური და, საერთო ჯამში, წარუმატებელი სეზონი ჰქონდა "მეტალურგს"; თუმცა, მეორე ეტაპზე ერთბაშად რამდენიმე ისეთი შეხვედრაც ჩაატარა რუსთაველთა გუნდმა, როცა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები ბოლომდე დაიცვა: არანაირი სატურნირო ინტერესის მქონე "მეტალურგი" მართლაც "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებს ქულებს არ ჩუქნიდა!..

მწვრთნელ(ებ)ი

"მეტალურგს" (იგივე - "ოლიმპს") ხანმოკლე ისტორია აქვს (უმაღლეს ლიგაში ამ სახელწოდებით გუნდი 2006 წელს გამოჩნდა), მაგრამ ერთი უცნაურობაც უნდა აღვნიშნოთ: ამ შვიდი სეზონის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, ერთსა და იმავე მწვრთნელს ჩემპიონატი სრულად ჩაეტარებინოს!

გამონაკლისი არც ეს გათამაშება იყო: სეზონი კობა ჟორჟიკაშვილმა (რომელიც "მეტალურგში" XXIII ჩემპიონატში, პირველი ტურის მერე მივიდა) დაიწყო, ევროტურნირებზეც მეტ-ნაკლებად წარმატებით ათამაშა გუნდი (ჩეხურ "პლზენს" რომ ვერ აჯობებდნენ რუსთაველები, ეს ისედაც ცხადი იყო), თუმცა ჩემპიონატის სტარტი არასტაბილური გამოდგა.

კლუბის ხელმძღვანელთათვის ნამდვილად ვერ იქნებოდა სასიამოვნო, რომ საწყის შვიდ ტურში "მეტალურგმა" სამივე კონკურენტთან ("დინამოსთან", "ტორპედოსთან", "დილასთან") ისე წააგო, მეტოქეთა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მერე იყო VIII ტურის საშინაო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასთან": 30 სექტემბერს ჩატარებულ მატჩში "მეტალურგის" ფეხბურთელები უჩვეულოდ ინერტულები გახლდნენ და ფაქტობრივად, წინააღმდეგობას არ უწევდნენ მეტოქეს.

სწორედ იმ წაგებული მატჩის მერე მოხდა საკადრო ცვლილება და გამოცდილი სპეციალისტი კობა ჟორჟიკაშვილი ახალგაზრდა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩაანაცვლა.

ყიფიანს უმაღლეს ლიგაში სამწვრთნელო დებიუტი წინა სეზონში ("სიონში") ჰქონდა, გარკვეული პერიოდი "ზესტაფონშიც" მუშაობდა (გია ჭიაბრიშვილს ეხმარებოდა), და აი, არანაკლებ ამბიციური გუნდის გაძღოლაც ანდეს.

ის რომ "მეტალურგი" ვერც ზედა ექვსეულში მოხვდა და ვერც ევროპა-ლიგის საგზური მოიპოვა, ამაში ძნელია გიორგი ყიფიანის დადანაშაულება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "მეტალურგს" თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში საკადრო პრობლემები ჰქონდა: წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო იშვიათად ხდებოდა ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა. თუმცა, ყიფიანი-მწვრთნელის პლუსად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის დიდი ნდობის გამოცხადება და ის ფაქტიც, რომ მეორე ეტაპის დასაწყისში უმოტივაციო "მეტალურგმა" ქულები აქეთ-იქით არ დაარიგა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამით, ზოგიერთი გუნდი მადლიერი დარჩა, ზოგი კი, პირიქით - განაწყენდა...

მეკარე(ებ)ი

მართლაც იშვიათია შემთხვევაა, როცა ჩემპიონატის განმავლობაში გუნდში 4(!) მეკარე იქნება დასაქმებული; სეზონი გამოცდილმა გრიგოლ ბედიაშვილმა დაიწყო. თუმცა 32 წლის მეკარემ ძირითადში ადგილი მხოლოდ მეოთხე ეტაპის მიწურულს დაიბრუნა; მეორე ტურიდან "მეტალურგის" კარს 23 წლის ხორვატი ახალწვეული ივან ჰოსმანი იცავდა, მაგრამ ამ ტანმაღალ მეკარეს რუსთაველები მალე გამოემშვიდობნენ და ძირითადი მეკარის სტატუსი 32 წლის ზურაბ ბათიაშვილს ერგო.

მეორე ეტაპიდან კი "მეტალურგში" კიდევ ერთი მეკარე გამოჩნდა: გარკვეული პაუზის მერე რუსთაველთა გუნდს დაუბრუნდა 25 წლის მიხეილ ალავიძე.

მცველები

"მეტალურგის" წარუმატებელი სეზონის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ჩემპიონატის დაწყების წინ თბილისის "დინამოს" მიაშურა ორმა გამოცდილმა მცველმა: გივი კვარაცხელიამ და გიორგი სეთურიძემ; თუმცა, "მეტალურგის" უკანახაზელებში მაინც დარჩნენ არანაკლებ გამოცდილი ფეხბურთელები: 34 წლის მიხეილ მახვილაძე და 31 წლის ალექსანდრე ინწკირველი დაცვის ცენტრში მოქმედებდნენ, 27 წლის ლაშა ჯაფარიძემ კი ფლანგი შეიცვალა და მთელი სეზონი მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა; აი, 24 წლის ანზორ სუხიაშვილი (მარცხენა მცველი) კი თანაგუნდელებს შორის, უდავოდ, გამორჩეული გახლდათ და "მეტალურგის", ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა.

სხვადასხვა პოზიციაზე ხშირად უწევდა თამაში 23 წლის გიორგი გავაშელიშვილს, მეორე ეტაპზე კი გიორგი ყიფიანი ხშირად ანდობდა ძირითადში ადგილს 19 წლის დავით საჯაიას.

ნახევარმცველები

სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრი მატჩი გაუცდათ შუახაზის იმ ფეხბურთელებს, გუნდის ლიდერებად რომ მოიაზრებოდნენ: 28 წლის რევაზ გეწაძესა და 25 წლის გიორგი მიქაბერიძეს; წინა სეზონში ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ 29 წლის ლუკა რაზმაძე, 27 წლის დენის დობროვოლსკი და 24 წლის გიორგი ქავთარაძე; ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს გუნდი დატოვეს ნახევარდაცვის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ირაკლი მაისურაძემ და გიორგი თექთურმანიძემ, მათ ნაცვლად კი "მეტალურგში" ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები ჩაირიცხნენ: 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი, 33 წლის ლევან კორღალიძე და 32 წლის რომან ახალკაცი.

სამწუხაროდ, ამ "ტრიოდან" მეტ-ნაკლებად ხშირად თამაში მხოლოდ ახალკაცს მოუწია, მენთეშაშვილს დისკვალიფიკაციის გამო ბევრი გაუცდა, კორღალიძემ კი ტრავმის გამო მხოლოდ ბოლო ტურში ითამაშა (ისიც, შეცვლაზე).

სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდნენ ახალგაზრდა გარემარბები: 23 წლის ზვიად ლობჯანიძე და 19 წლის ივანე ხაბელაშვილი.

თავდასხმა

"მეტალურგის" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ამ სეზონში თავდასხმა იყო; უფრო ზუსტად, რუსთაველთა გუნდის შემტევების მიერ განიავებული საგოლე მომენტები იყო "მეტალურგის" წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.

თანაც, პირველი ეტაპის მერე გუნდი დატოვა საუკეთესო ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა, მისმა მეწყვილემ, 22 წლის ირაკლი სიხარულიძემ კი პირველ ეტაპზე გატანილ შვიდ გოლს მეორე ეტაპზე მხოლოდ ერთი მიუმატა; რაც შეეხება ახალწვეულებს, 25 წლის ვახტანგ კვარაცხელიას, წინა გუნდის მსგავსად, რუსთავშიც ტრავმიანობა დასჩემდა; აი, 28 წლის გოგა ფიფია კი მეორე ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მეტალურგის" შემადგენლობაში.

მეტალურგის ყველა მატჩი

I ეტაპი

I ტური მეტალურგი - დინამო (თბ) 0:1

II ტური ზესტაფონი - მეტალურგი 0:1

III ტური მეტალურგი - მერანი 1:0

IV ტური მეტალურგი - ტორპედო 0:4

V ტური დინამო (ბთ) - მეტალურგი 0:2

VI ტური მეტალურგი - კოლხეთი 2:1

VII ტური დილა - მეტალურგი 3:0

VIII ტური მეტალურგი - ვიტ ჯორჯია 0:2

IX ტური ჩიხურა - მეტალურგი 1:0

X ტური მეტალურგი - სიონი 1:0

XI ტური ზუგდიდი - მეტალურგი 2:1

XII ტური დინამო (თბ) - მეტალურგი 3:0

XIII ტური მეტალურგი - ზესტაფონი 1:1

XIV ტური მერანი - მეტალურგი 0:0

XV ტური ტორპედო - მეტალურგი 1:0

XVI ტური მეტალურგი - დინამო (ბთ) 2:1

XVII ტური კოლხეთი - მეტალურგი 2:3

XVIII ტური მეტალურგი - დილა 0:2

XIX ტური ვიტ ჯორჯია - მეტალურგი 0:1

XX ტური მეტალურგი - ჩიხურა 1:1

XXI ტური სიონი - მეტალურგი 0:0

XXII ტური მეტალურგი - ზუგდიდი 5:1

სულ: 22 მატჩი, 9 მოგება 4 ფრე, 9 წაგება, ბურთები: 21-26

II ეტაპი

XXIII ტური მეტალურგი - კოლხეთი 1:0

XXIV ტური მეტალურგი - მერანი 1:1

XXV ტური ვიტ ჯორჯია - მეტალურგი 2:3

XXVI ტური მეტალურგი - სიონი 0:0

XXVII ტური დინამო (ბთ) - მეტალურგი 0:1

XXVIII ტური კოლხეთი - მეტალურგი 0:0

XXIX ტური მერანი - მეტალურგი 1:0

XXX ტური მეტალურგი - ვიტ ჯორჯია 0:2

XXXI ტური სიონი - მეტალურგი 2:2

XXXII ტური მეტალურგი - დინამო (ბთ) 0:1

II ეტაპი: 10 მატჩი, 3 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება, ბურთები: 8-9

სულ: 32 მატჩი, 12 მოგება, 8 ფრე, 11 წაგება, ბურთები: 29-35

გუნდი

მწვრთნელები: კობა ჟორჟიკაშვილი (I-VIII ტური)

გიორგი ყიფიანი (IX-XXXII ტური)

მეკარეები: ზურაბ ბათიაშვილი - 15, ივან ჰოსმანი - 7, მიხეილ ალავიძე - 6, გრიგოლ ბედიაშვილი - 4;

მცველები: ანზორ სუხიაშვილი - 30 (1), ალექსანდრე ინწკირველი - 27, ლაშა ჯაფარიძე - 26, მიხეილ მახვილაძე - 25, გიორგი გავაშელიშვილი - 19, დავით საჯაია - 9, თორნიკე კაკუშაძე - 1;

ნახევარმცველები: გიორგი ქავთარაძე - 27 (1), ლუკა რაზმაძე - 27, გიორგი მიქაბერიძე - 24 (2), დენის დობროვოლსკი - 24 (1), ირაკლი მაისურაძე - 21, რევაზ გეწაძე - 20 (2), ივანე ხაბელაშვილი - 16, გიორგი თექთურმანიძე - 15, ზვიად ლობჯანიძე - 10 (3), რომან ახალკაცი - 9 (1), გიორგი განუგრავა - 7, ზურაბ მენთეშაშვილი - 3, გიორგი გურეშიძე - 2, დაჩი ცნობილაძე - 2, გიორგი ხიდეშელი - 1, ლევან კორღალიძე - 1;

თავდამსხმელები: ირაკლი სიხარულიძე - 28 (8), დიმიტრი ტატანაშვილი - 22, (7), გოგა ფიფია - 7 (2), ვახტანგ კვარაცხელია - 7, დავით ჯანელიძე - 6 (1).

ასევე იხილეთ:

მარტვილის "მერანი" - შესაძლებლობის მაქსიმუმი

"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული

საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ

"ზესტაფონი" - ყველაზე წარუმატებელი სეზონი

ქუთაისის "ტორპედო" - გუნდი, რომელიც უკვე წარსულია

გორის "დილა" - მოვერცხლილი ისტორია

თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
სიახლეებიპოპულარული
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2