დაბრუნება 5 წლის მერე
ხუთწლინახევრიანი პაუზის შემდეგ მარტინა ჰინგისმა მეორედ გადაწყვიტა პროფესიულ დონეზე კარიერის განახლება. უკვე არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ შვეიცარიელის პირველი ტურნირი იქნება კარლსბადი, სადაც ის წყვილებში დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად ითამაშებს. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ჰინგისის კარიერის საინტერესო მომენტებს...

მარტინა ჰინგისი არის მოთამაშე, რომელსაც გამოარჩევს უდიდესი ნიჭი და ტაქტიკური ოსტატობა. ბურთის ბრწყინვალე გრძნობამ გადაფარა მისი მოკრძალებული ფიზიკური შესაძლებლობები და ლეგენდარული ჩოგბურთელი გახდა. სანამ 1994 წელს პროფესიულ კარიერას დაიწყებდა, მარტინას ITF-ის ერთი ტიტული ჰქონდა მოგებული. პროფესიონალებში თავისი პირველი სეზონი მან რეიტინგის პირველ ასეულში დაასრულა. მომდევნო წელს WTA-ს კლასიფიკაციის ოცეულში შევიდა, კიდევ ერთი წლის შემდეგ - ათეულში.

1997 წლის სეზონი მარტინას დომინირების წელი იყო ქალთა ტურში. მან ერთეულებს შორის მოიგო "დიდი სლემის" სამი ტურნირი, გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მიიღო "წლის საუკეთესო ჩოგბურთელის" პრიზი. მომდევნო ოთხი სეზონი მარტინა აგრძელებდა უმაღლეს დონეზე თამაშს, სანამ 2001 წლის ბოლოს მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი არ დადგა: ფილდერშტადტის ტურნირზე მან კოჭის ტრავმა მიიღო და ოპერაციის გადატანა მოუწია.

ამის გამო ნაადრევად დაასრულა სეზონი და სწორედ ეს დაზიანება გახდა მოგვიანებით მისი დიდი სპორტიდან პირველად წასვლის მიზეზი.

ორივე ფეხზე ტრავმებისა და ოპერაციების მიუხედავად, მარტინამ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და შესვენების დროს, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა, ჩოგბურთი არ დაივიწყა და ტელეკომენტატორად მუშაობდა. 2005 წელს კი ინდონეზიის ქალაქ პატაიას ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მართალია, პირველ წრეში შვეიცარიელმა გერმანელ მარლენ ვაინგარტნერთან წააგო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრუნდება დიდ ჩოგბურთში.

სეზონის დარჩენილი ნაწილი მან ვარჯიშებს მიუძღვნა, 2006 წელს კი საჩოგბურთო სამყარომ კვლავ იხილა ჰინგისი კორტზე.

დაბრუნება ტრიუმფალური გამოდგა: "დიდი სლემის" პირველივე ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე მარტინამ მოიგო ტიტული მიქსტში, ერთეულებში კი მეოთხედფინალამდე მიაღწია. გზად მან დაამარცხა რუსი ვერა ზვონარევა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო კიმ კლაისტერსთან. ამ წარმატების ტალღაზე დაიწყო მარტინას აღმასვლა WTA-ს რეიტინგში. ის ფორმის პიკზე გრუნტის სეზონისთვის ავიდა.

ვარშავას ტურნირზე მას უკვე მეორე წრეში ერგო მეტოქედ ვენუს უილიამსი. მარტინამ მასთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. შემდეგ, ბელგრადის ტურნირის მეოთხედფინალში ის სამსეტიან შეხვედრაში დამარცხდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ამელი მორესმოსთან. რომში კი ჰინგისმა დაბრუნების შემდეგ, როგორც იქნა, თავისი პირველი ტიტული აიღო. მთელ დისტანციაზე ერთადერთი სეტი მან უკვე ნახსენებ ვენუს უილიამსთან წააგო.

როლან გაროსზე შვეიცარიელი მეოთხედფინალში გავიდა და ისევ გადაულახავი აღმოჩნდა კიმ კლაისტერსის ბარიერი. სეზონის დარჩენილ ნაწილში მარტინა მონრეალის პირველი კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდა, მოიგო კალკუტაში და დაბრუნდა რეიტინგის საუკეთესო ათეულში. შვეიცარიელმა წელი მეშვიდე ჩოგანის რანგში დაასრულა. ასეთი წარმატებული სეზონი WTA-ს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მარტინამ მიიღო პრიზი ნომინაციაში "წლის დაბრუნება".

შემდეგი და ჯერჯერობით ბოლო სეზონი მარტინამ გოლდ-კოუსტში დაიწყო, სადაც ფინალი წააგო დინარა საფინასთან. ავსტრალიის ღია პირველობაზე ისევ გავიდა მეოთხედფინალში და ისევ კლაისტერსთან წააგო. ტოკიოს ტურნირზე მთავარი პრიზი მოიპოვა, თანაც არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს, მაგრამ თანდათან ჩავარდნა დაიწყო და უიმბლდონისთვის მარტინა აღარ ირიცხებოდა რეიტინგის TOP 10-ში.

შემდეგ კი მოხდა ცნობილი დოპინგ-სკანდალი: შვეიცარიელის სისხლში აღმოაჩინეს კოკაინის კვალი და მან მეორედ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.

ამა წლის ივლისში, დიდების საერთაშორისო დარბაზში შეყვანის შემდეგ, სახელოვანმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ აპირებს კარლსბადისა და ნიუ ჰევენის ტურნირებზე გამოსვლას. ერთეულთა თანრიგს მან წყვილები ამჯობინა და პარტნიორად დანიელა ჰანტუხოვა აირჩია, რომელთანაც მარტინას ერთად გამოსვლის გამოცდილება გააჩნია.

გაურკვეველია, რას უკავშირდება ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება. სავარაუდოა, რომ თავისი როლი ითამაშა მარტინას ჩოგბურთისადმი სიყვარულმა. და აქ წარმოიშვება ასოციაცია მეორე მარტინასთან - ნავრატილოვასთან, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი ჰინგისს. თავის დროზე ლეგენდარულმა ამერიკელმაც ჩოგბურთის სიყვარულით განაახლა კარიერა, სხვათა შორის, წყვილთა თანრიგში.

თავად მარტინამ განაცხადა, რომ კარგ თამაშს აჩვენებს და მოუთმენლად ელის კარიერის განახლებას. მართალია, საჩვენებელი ტურნირები, რომლებშიც მარტინა გამოდის, საზომად არ გამოდგება, მაგრამ შვეიცარიელი იქ მართლაც კარგად გამოიყურება.

"მოუთმენლად ველოდები პროფესიულ ჩოგბურთში დაბრუნებას. მახსოვს, როგორ მოვიგე კარლსბადში 1997 წელს ერთეულთა და წყვილთა თანრიგები. 1999 წელს ისევ გავიმარჯვე ერთეულებში. ეს ტურნირი ყოველთვის ერთ-ერთი საყვარელი იყო ჩემთვის. მიმაჩნია, რომ კარგ ფორმაში ვარ. ძველებურად მიყვარს კონკურენცია და თამაში. ეს შეჯიბრი იდეალურია იმისთვის, რომ ისევ დავიწყო WTA-ს ტურში გამოსვლა", - ამბობს შვეიცარიელი.

გაბედავს თუ არა ჰინგისი კიდევ ერთხელ ერთეულებში გამოსვლას? ჯერ ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ მაგალითად შეიძლება იაპონელი კიმიკო დატეს მოყვანა. შესაძლოა, წყვილებში რამდენიმე გამარჯვების შემდეგ მარტინამ მოგების გემო გაიხსენოს და ერთეულებში გამოსვლა მოინდომოს.

მარტინა ჰინგისი

დაიბადა: 1980 წლის 30 აპრილს

ადგილი: კოშიცე, ჩეხოსლოვაკია

სიმაღლე: 170 სმ. წონა: 59 კგ.

პროფესიული კარიერის დასაწყისი: 1994

დასასრული: 2003

დაბრუნება: 2006

მეორე დასასრული: 2007

ჰონორარი კარიერაში: $20 130 657

ერთეულებში: 548 მოგება-133 წაგება

საუკეთესო ადგილი რეიტინგში: 1 (1997, 31 მარტი)

ტიტულების რაოდენობა: 43

დიდი სლემი

ავსტრალიის ღია - ტიტული (1997, 1998, 1999)

როლან გაროსი - ფინალი (1997, 1999)

უიმბლდონი - ტიტული (1997)

აშშ-ის ღია - ტიტული (1997)

შემაჯამებელი - ტიტული (1998, 2000)

წყვილებში: 286 მოგება-54 წაგება

საუკეთესო ადგილი რეიტინგში: 1 (1998, 8 ივნისი)

დიდი სლემი

ავსტრალიის ღია - ტიტული (1997, 1998, 1999, 2002)

როლან გაროსი - ტიტული (1998, 2000)

უიმბლდონი - ტიტული (1996, 1998)

აშშ-ის ღია - ტიტული (1998)

მიქსტი: ტიტული - ავსტრალიის ღია (2006)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარტინა ჰინგისს აშშ-ის ღია პირველობაზეც ვნახავთ

იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
კაროლინ ვოზნიაცკი რორი მაკილროის გაეყარა
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
მარტინა ჰინგისის დუბლი
აგნიეშკა რადვანსკა შინ წავიდა
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
უიმბლდონი 2013: ყველას უჭირს სერენა უილიამსის გარდა
პატ კეში: რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერს სჯობს
ელენა დოკიჩი - ომის და დესპოტი მამის შვილი